დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელს აღნიშნულ სტრუქტურაში არსებული პრობლემების ორი კვირის განმავლობაში მოგვარება დაავალა. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ის მოთხოვნები, რომელიც აქვს არქიტექტურის სამსახურს, ურბანულ სამსახურს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ იყოს დაკმაყოფილებული. მერია შეღავათების დაწესებასაც აპირებს. დაუსრულებელი მშენებლობები დღგ-სგან გათავისუფლდება და კოეფიციენტიც მოემატება.
„არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული სამსახური. ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, გვაქვს პრობლემები, რადგან ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი, მათ შორის წინა მთავრობის დროინდელი, რომელიც ჯერ არ განხილულა. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ურბანული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც არის დაგროვილი, ორი კვირის განმავლობაში მოგვარდეს, პასუხი გაეცეს და პარალელურად შეიქმნას ანალოგიური სისტემა, რაც არქიტექტურის სამსახურში შეიქმნა. ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობას უპრობლემოდ და დაბრკოლებების გარეშე მოვემსახუროთ.
ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და როგორც ხდებოდა ნებართვების გაცემა, პირობას გაძლევთ ამ ფორმით არ ვიმუშავებთ. ჩვენ თუ გავაგრძელებთ იგივე ფორმით მუშაობას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, ფაქტი გვაქვს სახეზე, რა შედეგს მივიღებთ - შეგვიძლია გადავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ და დავინახავთ. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.
ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში არსებულ პრობლემებს ადასტურებს და განმარტავს მოგვარების გზებს, იქვე იმასაც დასძენს, რომ უკვე გაცემულ ნებართვებს არაფერი ეშველება.
„არის საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვილი მოთხოვნები და შემოსული განაცხადებები, რომლებზეც რეაგირებაა საჭირო. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მიმდინარე საკითხებიც, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი მუშაობა სჭირდება. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. აუცილებლად აღმოვფხვრით იმ დაგროვილ პრობლემებს.
საბოლოო მიზანი არის ის, რომ ურბანული განვითარების სამსახურში მიიღებოდეს ხარისხიანი გადაწყვეტილებები, რომელიც დედაქალაქს წაადგება და მეორე მხრივ, ეს გადაწვეტილებები მიიღება დადგენილ ვადებში, რომ ხელი არ შეეშალოს ბიზნეს სექტორს და ეკონომიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, ურბანულ სამსახურში პრობლემად რჩება მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი და კვალიფიციურობა, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი გადაწვეტილებების ნაწილში.
„გადაწყვეტილებები, რომელსაც მერია და ურბანული სამსახური მიიღებს, უნდა იყოს გასაგები როგორც ადრესატისთვის, ისე დანარჩენი მოქალქეებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა დაკმაყოფილდება თუ არა განცხადება იმიტომ, რომ ჩვენ მიერ მიღებული თითოეული გადაწვეტილება ქმნის დედაქალაქის მომავალს, ხვალინდელ დღეს. აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს გააზრებული გადაწყვეტილებები, გასაგები და დასაბუთებული“, -განაცხადა ხმალძემ.
რაც შეეხება უკვე გაცემულ ნებართვებს, როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი გადახედვა აღარ მოხდება.
„აქამდე რა ნებართვებიც გავეცით, კახა კალაძის მერად მოსვლის შემდეგ, გადახედვას არ საჭიროებს. ეს საკითხი არც განიხილება. მანამდე გაცემულ ნებართვებს კი ვერ გადავხედავთ, თუ არ მოხდა კონკრეტული საჩივრის წარმოდგენა, თუ არ დაფიქსირდა კანონის დარღვევა. სხვა შემთხვევაში, ნებართვის გადახედვის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა ხმალაძემ.
სამშენებლო მიმართულებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად მერია კომპანიებს შეღავათებსაც შესთავაზებს. საუბარია დაუსრულებელი მშენებლობების ნაწილში დეველოპერების დღგ-სგან გათავისუფლებაზე, ასევე მათთვის კოეფიციტიენტების დამატებაზე. როგორც თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, უკვე აღნუსხულია დაუსრულებელი მშენებლობები.
„მთელი თბილისის მასშტაბით ამგვარი მშენებლობა არის 170-ზე მეტი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ქალაქისთვის. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მფლობელებს, რომ მათ დაასრულონ გაჩერებული შენობები. ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა. ცენტრალური ხელისუფლებისგან შესაძლებელია გარკვეული საგადასახადო შეღავათები დღგ-ს კუთხით. ჩვენ შეგვეძლება გარკვეული შეღავათები ფართების მომატების კუთხით განვიხილოთ. თითოეული ასეთი შემთხვევის დროს იქნება მოლაპარაკებები ინდივიდუალურად.
იმისთვის, რომ მშენებლობა გახდეს კომერციულად სიანტერესო, არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ გაგრძელდეს მშნებელობა არა პირველადი სამშენებლო ფართებით, არამედ მომატებული სამშენებლო ფართებით“, - აღნიშნა ელოშვილმა.
მისივე თქმით, დავით ნარმანიას მსგავსი პროგრამისგან განსხვავებით, მერია გაჩერებულ მშენებლობებს გარანტიებსაც მოსთხოვს.