ახალგაზრდობის სურვილია, თბილისი სამშვიდობო ჰაბად გადაიქცეს

ახალგაზრდობის სურვილია, თბილისი სამშვიდობო ჰაბად გადაიქცეს

თბილისმა შეიძლება უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძინოს და სამშვიდობო ჰაბად გადაიქცეს როგორც რეგიონში, ასევე, მსოფლიო მასშტაბით. ასეთია ახალგაზრდების სურვილი, რომლებმაც განიზრახეს, მათი პლატფორმა მსოფლიო ახალგაზრდული სამშვიდობო მოძრაობის ნაწილად გადაიქცეს.

„ახალი თაობა მშვიდობისთვის“ - ასე ჰქვია ახალ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც თბილისში სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების მიერ ევროპელი ახალგაზრდობის ჩართულობით დაფუძნდა. პლატფორმა ემყარება საქართველოს მთავრობის 2016 წლის აპრილის ინიციატივას, თბილისი გამხდარიყო მშვიდობის ქალაქი და მიზნად ისახავს მასში გააერთიანოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები.

„ჩვენ, ფორუმის მონაწილეებს, გვსურს, შევქმნათ მყარი, ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესი მშვიდობის დამყარების საქმეში. ჩვენ გვაქვს უნარი, ხელი შევუწყოთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პროცესს. ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას შემოუერთდება რეგიონის ახალგაზრდობა, ისინი, ვინც კავკასიის ქვეყნების ხვალინდელი მშვიდობიანი ცხოვრება უნდა უზრუნველყონ. ჩვენ გვინდა, ჩვენი ხმა შეუერთდეს მშვიდობისთვის მებრძოლ საერთაშორისო ახალგაზრდების ხმას, რათა შევცვალოთ არსებული ვითარება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესი შეუქცევადი გავხადოთ“, - ნათქვამია ახალგაზრდობის მანიფესტში, რომელსაც „თბილისი მარიოტში“ სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების მიერ საზეიმოდ მოეწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ გაეროს 2250-ე რეზოლუცია კონფლიქტების დარეგულირებისა და პრევენციის საქმეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდებს. ამავე რეზოლუციით, გაერო საკუთარ წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, აქტიურად ჩართონ ახალგაზრდები კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაში. ამ რეზოლუციის თანახმად, აუცილებელია, ახალგაზრდობის შეხედულებების გაზიარება, მათი ინიციატივებისთვის სათანადო ყურადღების მინიჭება, რათა სამშვიდობო პროცესები წარმატებით განხორციელდეს.

რაც შეეხება უშუალოდ კავკასიის რეგიონს, ამ რეგიონზე რეალურ ზეგავლენას ახდენს არა მარტო მსოფლიოში მომხდარი პოლიტიკური მოვლენები, არამედ ადგილობრივი კონფლიქტები და 90-იანი წლებიდან დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობა. ამდენად, კავკასიაში კონფლიქტების გადაჭრის საქმეში ახალგაზრდებს განუზომელი მნიშვნელობა ენიჭებათ.

თავად „თბილისი მარიოტში“ გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსული უამრავი ახალგაზრდა ენაცვლეობდა ერთმანეთს, ისინი მოგვითხრობდნენ საკუთარი ტრავმული ისტორიების შესახებ, რაც რეგიონში მომხდარი კონფლიქტების შედეგად მათ მეხსიერებას შემორჩა. ვისმენდით სამაჩაბლოდან, აფხაზეთიდან დევნილი ქართველების ტრაგედიებს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის კონფლიქტის გამო განდევნილი ადამიანების ტკივილს... ინდივიდუალური კავკასიური ტრაგედიები, ერთი შეხედვით, ჰგავდა ერთმანეთს და განსხვავდებოდა კიდეც. მაგალითად, სამაჩაბლოელ სტუდენტს შაკო ქენქაძეს, რომლის მამაც ქართველია, ხოლო დედა ოსი, მძიმე მოგონებები დაუტოვა ახალგორში უშუალოდ განცდილმა ტრაგედიამ; აზერბაიჯანელი თემურ გულიევის მეხსიერებას შემორჩა ტანკები საკუთარ ეზოში და 25-წლიანი დევნილობა რუსეთში, სამშობლოსგან მოშორებით. მსგავსი ისტორიები ჰქონდათ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს, ასევე, მათ სომეხ თანატოლებს. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირადი ტრაგედიების მიუხედავად, ახალგაზრდები მაინც შერიგებაზე ლაპარაკობდნენ და აღიარებდნენ, რომ წინა თაობების ემოციური დაძაბულობის მიუხედავად, მათ მშვიდობისთვის უნდა ებრძოლათ, რადგან ერთმანეთზე უკეთესი არავინ ჰყავდათ, წარსულში მომხდარი კონფლიქტების მიუხედავად, ისინი უკეთ უგებდნენ ერთმანეთს...

For.ge ფორუმის მონაწილეებს ესაუბრა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ ფორუმს წინ უძღოდა ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვა ეროვნების ახალგაზრდების მიერ ერთგვარი სამშვიდობო კონსოლიდაცია, რომელიც, ასევე, თბილისში გაიმართა. ახალგაზრდების ინიციატივა იყო „მშვიდობა კავკასიას“, „ახალი თაობა ირჩევს მშვიდობას“. სწორედ ასეთი ლოზუნგები ისმოდა მათი მხრიდან. მაშინდელმა პირველმა ღონისძიებამ ამჯერად მიიღო ფორუმის ფორმა და ეს უკვე არის პირველი ნაბიჯები, მოსამზადებელი შეკრება იმისთვის, რომ შეიქმნას ყველაზე მთავარი-თბილისის მუდმივმოქმედი სამშვიდობო პლატფორმა.

„თუკი თბილისის სამშვიდობო პლატფორმა ჩამოყალიბდა ისე, როგორც ამ ახალგაზრდებს წარმოუდგენიათ, ეს ნიშნავს, რომ თბილისს დამატებითი ფუნქცია მიენიჭება მსოფლიო მასშტაბით. ეს არ არის მხოლოდ კავკასიური პოზიცია, არამედ კავკასიელი ახალგაზრდები უერთდებიან მსოფლიო ახალგაზრდულ სამშვიდობო მოძრაობას. თუ გავიხსენებთ 70-იანი წლების საომარ ესკალაციას, ვიეტნამთან დაკავშირებულ მოვლენებს, მაშინ სწორედ ახალგაზრდების მსოფლიო საპროტესტო ტალღამ შეაჩერა დაძაბულობა. ყოველ შემთხვევაში, ძლიერ შეუწყო ხელი დაძაბულობის შეჩერებას. დაახლოებით ამავეს გეგმავენ თანამედროვე ახალგაზრდები არა მხოლოდ საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აქ არიან დანიელი, გერმანელი და სხვა ეროვნების ახალგაზრდები. ასე რომ, მნიშვნელოვანი პროცესია“, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში გიორგი ტუმასიანი აცხადებს, რომ კონფერენციის მიზანია ახალგაზრდების გაერთიანება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისთვის საბრძოლველად. ამისთვის ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები გაერთიანდებიან და ფორუმის ფარგლებში ისაუბრებენ სამომავლო გეგმებსა და კონკრეტულ ამოცანებზე.

„რეგიონალური მასშტაბით ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან, მომავალ ლიდერებთან. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებიან როგორც ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დაგეგმილია შეხვედრები სამთავრობო უწყებებთან“.

„ახალი თაობა მშვიდობისთვის“ ღონისძიების თანაორგანიზატორი გიორგი მამულაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებმა დააფუძნეს ახალი სამშვიდობო პლატფორმა - „ახალი თაობა მშვიდობისთვის“. თავდაპირველად ეს პროცესი წამოიწყეს კავკასიელმა ახალგაზრდებმა და სასიხარულოა, რომ ამ პროცესში მათ შეუერთდნენ ევროპელი თანატოლებიც.

„ამ პლატფორმამ უკვე მიიღო საერთაშორისო სახე, რაც მეტად მნიშვნელოვანია. ახალგაზრდობის სურვილია, თბილისი იქცეს გარკვეულ სამშვიდობო ჰაბად როგორც რეგიონში, ასევე, მსოფლიო მასშტაბით. კონფერენციაზე ახალგაზრდებმა გააჟღერეს საინტერესო ინიციატივები. უახლოეს მომავალში ამ ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება. რაც შეეხება ჩვენს მიერ მიღებულ მანიფესტს, იგი წარმოადგენს ამ პლატფორმის სადამფუძნებლო დოკუმენტს. უკვე დღეიდან აქტიურ მუშაობას დავიწყებთ სამშვიდობო მიმართულეობით“,-აღნიშნა იორგი მამულაშვილმა For.ge-სთან საუბარში.