„თუ მთელი მართლმადიდებლური სამყარო ცნობს უკრაინის ავტოკეფალიას, მაშინ კიდევ ავუხსნით რუსეთს, რომ ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა“

„თუ მთელი მართლმადიდებლური სამყარო ცნობს უკრაინის ავტოკეფალიას, მაშინ კიდევ ავუხსნით რუსეთს, რომ ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა“

ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი დედაეკლესიას უკიჟინებს, სასწრაფოდ ცნოს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა. თუმცა ცნობილია, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტონომიის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია მოზომილი იქნება.

რატომ არ უნდა აღმოჩნდეს საქართველოს საპატრიარქო მოვლენების ავანგარდში, ამის შესახებ For.ge-ს თეოლოგი ლევან აბაშიძე ესაუბრა.

უკრაინის ეკლესია ითხოვს ავტოკეფალიას, მაგრამ როგორი უნდა იყოს ჩვენი ეკლესიის პოზიცია - უნდა თანავუგრძნოთ ერთ ბედში მყოფ უკრაინელებს, თუ რუსეთის ფაქტორიც გავითვალისწინოთ, რომელიც ყველაფერსიმახსოვრებს“?

- უკრაინაში არის მინიმუმ სამი მართლმადიდებელი ეკლესია. ერთი არის მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური უკრაინული ეკლესია, რომელიც ყველაზე დიდია, მეორეა კიევის საპატრიაქროს მართლმადიდებელი ეკლესია და, ასევეა კიდევ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ერთია, რას ამბობენ ცალკეული უკრაინელები ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, მაგრამ მეორეა, რომ ეს არ არის მთელი უკრაინის პოზიცია. ამჯერად იმართება მოლაპარაკებები, შეხვედრები, მსოფლიო საპატრიარქო დიალოგშია სამივე მათგანთან, მათ შორის, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიასთანაც. ჩვენ არავინ გვეკითხება ამ საკითხებს. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამის შემდეგ როგორი იქნება ჩვენი პოზიცია.

თავის დროზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ ქართული ეკლესიის პოზიცია მოზომილი იქნება.

- რა თქმა უნდა, მოზომილი უნდა იყოს, რადგან სასურველია, დავაკვირდეთ სიტუაციას, არ ვიჩქაროთ, ვნახოთ, ვინ ცნობს უკრაინის ავტოკეფალიას, რა სახით ცნობს და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. მოსკოვის საპატრიარქო, ალბათ, არ დათანხმდება, ასეთი სახით შეიქმნას უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია. ჩვენ მშვიდად უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენ თუ პირველ რიგებში აღმოვჩნდებით და თვით უკრაინელებზეც უფრო ადრე ვიცნობთ უკრაინის ავტოკეფალიას, ეს არასწორი იქნება. თვით უკრაინაშიც კი, უკრაინული მრევლის ნახევარზე მეტი სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ ეკლესიაშია. ამ დროს კი ჩვენი ზოგიერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი ამბობს, რომ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვცნოთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ალბათ, ეს არ იქნება გონივრული. თანაც, ჩვენ არავინ გვაჩქარებს. სავარაუდოდ, მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ვიზიტები იყო ნიადაგის მოსინჯვა. ალბათ, ისინი გვთხოვენ, რომ სიტუაციის სხვადასხვაგვრად განვითარების შემთხვევაში მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მივიღოთ.

ხომ შეიძლება, რუსი სამღვდელოების ვიზიტები ჩვენმა ეკლესიამ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით გამოიყენოს, სადაც ეკლესიების დასათვალიერებლადაც არ უშვებენ ქართველ სპეციალისტებს?

- რატომაც არ შეიძლება ამის გამოყენება?! პოლიტიკა კომპრომისების, საკუთარი ინტერესების დაცვის, სხვისი ინტერესების გათვალისწინების საშუალებაა. დიპლომატიურად რატომ არ უნდა გამოიყენოს ჩვენმა ეკლესიამ ეს საშუალება? მით უმეტეს, რომ სამართლიანია ჩვენი ყველა მოთხოვნა. მოსკოვის საპატრიარქო ცნობს ჩვენი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს, ცნობს იმას, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება. უბრალოდ, ისინი ამბობენ, ჩვენ რა ვქნათ, თქვენ აფხაზეთში არ გიშვებენ. თუმცა, ცხადია, რუსეთის ეკლესიასაც და რუსეთის ხელისუფლებასაც დიდი ბერკეტები აქვთ ამ ორივე რეგიონში. ცხინვალის რეგიონში, ფაქტობრივად, რუსები ყველაფერს მართავენ. რასაკვირველია, ჩვენს სასიკეთოდ რაღაცის გაკეთება შეუძლიათ.

ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ეკლესიასთან, ვცნობთ ერთმანეთის ტერიტორიალურ საზღვრებს, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად არ ვართ კონფლიქტში მათთან და, ჩემი აზრით, სასურველი არ იქნება, თუ უკრაინის გამო კონფლიქტში შევალთ რუსულ ეკლესიასთან. ამით მაინცდამაინც ვერც უკრაინის იმ ნაწილს ვერ დავეხმარებით, რომელსაც სურს ავტოკეფალია და ვერც ჩვენი მხარდაჭერა იქნება დიდი რამის მომტანი. შეიძლება, ჩვენ თვითონვე სერიოზულად გავიფუჭოთ საქმე. მით უმეტეს, ვიმეორებ, არავინ გვაჩქარებს და არავინ დაგვაყვედრის, რატომ არ სცანით უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობაო. ჩვენი „მედასავლეთე“ პოლიტიკოსების გარდა, ამას ჩვენს ეკლესიას არავინ უსაყვედურებს. უცბად რომ ვცნოთ მათი ავტოკეფალია, შეიძლება, ეს ძვირადაც დაგვიჯდეს, თუკი რუსეთი ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ამ სახით აღდგენა უკანონოა.

სხვათა შორის, რუსეთი არ ამბობს, რომ უკრაინა არასდროს იქნება ავტოკეფალური. რუსები ამბობენ, რომ ამ სახით, ერთპიროვნულად, ცალმხრივად (და არა მოლაპარაკების გზით) არ შეიძლება ამის გაკეთება. დაშორების სხვადასხვა ფორმა არსებობს. მაგალითად, ჩეხეთი და სლოვაკეთი ერთმანეთს დაშორდნენ ცივილიზებულად, ხოლო კოსოვო და სერბეთი დაშორდნენ არაცივილიზებულად. შეიძლება, ცივილურად დაშორდე, მაგრამ შეიძლება დიდი ომიც იყოს. ამ დიდ ომში საქართველო ტყუილად რატომ უნდა გაიჭყლიტოს? ჩვენი ომი არ გვეყოფა?

ქართველებს ისტორიულად ეკუთვნოდათ ავტოკეფალია, მაგრამ უკრაინის ეკლესიას ისტორიულად ეკუთვნის ავტოკეფალია? რუსეთი და უკრაინელები ხომ მაინც ერთი ხალხია? ბოლოს და ბოლოს, კიევის რუსეთი არსებობდა.

- ამის შესახებ ორი სიტყვით ვერაფერს ვიტყვით. თავდაპირველად იყო კიევის რუსეთი, რომელსაც ავტოკეფალური ეკლესია არასდროს ჰქონია, ანუ იყო კიევის მიტროპოლია, რომელიც კონსტანტინოპოლს ექვემდებარებოდა. მოგვიანებით კიევის რუსეთი სამთავრობოებად დაიშალა. ერთი იყო მოსკოვის სამთავრო და, ასევე, მეორე სლავური სახელმწიფოც შეიქმნა. მხოლოდ უკრაინის მოკლევადიანი დამოუკიდებლობის დროს იყო მცდელობა, რომ კიევის მიტროპოლია დამოუკიდებელი გამხდარიყო. ამჟამად კი ისინი აპირებენ ავტოკეფალიის მიღწევას. მეორე მხრივ, თავად რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალიაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან თავის დროზე თვითნებურად გამოეყო მთლიან ეკლესიას, თვითნებურად გამოაცხადა საკუთარი თავი ავტოკეფალურად და ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში მას არ ცნობდა საბერძნეთის ეკლესია. შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ცნეს. ამიტომ ეს რთული საკითხია.

შეიძლება, ახლა უკრაინამ თქვას, ჩვენ საერთოდ მოსკოვის საპატრიარქოში რატომ უნდა შევდიოდეთ, როდესაც მე-17 საუკუნის ბოლომდე არასდროს შევდიოდით და რუსეთმა ძალით მიგვიერთა?! მაგრამ ის, რომ უკრაინა მე-10 საუკუნიდან ავტოკეფალიური იყო, არასწორია, რადგან არ ყოფილა ავტოკეფალური. თანაც, ძველი კიევის სამეფო და მისი მიტროპოლია საერთო რუსულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. გარკვეული აზრით, დღევანდელი უკრაინაც და დღევანდელი რუსეთიც ორივე კიევის რუსეთის მემკვიდრეა.

ოფიციალურმა კიევმა, უკრაინის უმაღლესმა რადამ და ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა უკვე მიმართეს მსოფლიო პატრიარქს, რომ მან რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლად ცნოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია. უკრაინელები მიზანს მიაღწევენ?

- პოროშენკომ ოფიციალურად გაუგზავნა ასეთი თხოვნა მსოფლიო პატრიარქს, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, თანამედროვე სეკულარულ დემოკრატიულ ქვეყანაში რამდენად არის პრეზიდენტის საქმე ეკლესიის ავტოკეფალობა? რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ან ამერიკაში ასეთი რამ მოხდებოდა? სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მაინც გამოცხადდება, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიაც დარჩება უკრაინის ტერიტორიაზე და იქნება ორმმართველიანობა. გამოდის, რომ ქართველებმა თურმე უნდა ცნონ უკრაინის ავტოკეფალია მაშინ, როცა მილიონობით უკრაინელი, იქნება ეს რუსულენოვანი თუ უკრაინულენოვანი, მას არ ცნობს. გამოდის, რომ ჩვენ უკრაინელებზე უფრო მეტად გამოვდივართ უკრაინის პატრიოტები. ამით აბსურდამდე მივდივართ. ამიტომ დაველოდოთ, თუ მთელი მართლმადიდებლური სამყარო ცნობს უკრაინის ავტოკეფალიას, მაშინ კიდევ ავუხსნით რუსეთს, რა ვქნათ, მთელმა მსოფლიომ ცნო და ჩვენც ვცანითო, მაგრამ, თუ გამოვიდებთ თავს და პირველ რიგებში დავდგებით, ეს არ იქნება გონივრული.