630 000 ადამიანი შავ სიაშია, ქვეყანას ვალები ახრჩობს!

630 000 ადამიანი შავ სიაშია, ქვეყანას ვალები ახრჩობს!

ახალი პრემიერი მამუკა ბახტაძე დაუფარავად ამბობს, რომ დღეს ქვეყანას და ხალხს ვალები ახრჩობს. „ეს არის ყველაზე რელევანტური შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ იმ ვითარებას, რაც არის ქვეყანაში“, - განაცხადა ახალმა პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ მის გადასაჭრელად არც ერთი დღის დაკარგვა არ შეიძლება.

მამუკა ბახტაძემ კრიტიკოსების პოზიცია არ გაიზიარა, მათ უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის აღმოფხვრის იდეა მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საქართველოს სხვა პარტნიორების მიერ. ბახტაძემ რეგულაციის დაგვიანება აღიარა, თუმცა პრობლემის სათავედ 2007 წლის გადაწყვეტილება დაასახელა, როცა ზედაზღვრული ეფექტური განაკვეთის მოიხსნა და დასძინა, რომ სებ-ის მენეჯმენტის ცვლილებამდე ახალი რეგულაციის შემოღება ვერ მოხერხდა.

„დაახლოებით, 630 000 ადამიანი არის დღეს ე.წ. „შავ სიაში“ და მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამიანებში არიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, მაგრამ ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის, უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ გამოიწვია მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებიდან“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30% ჩამოშორებულია ეკონომიკის განვითარებისგან, რაც ამცირებს ინკლუზიურ განვითარებას.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მთლიანად იზიარებს ახალი პრემიერის პოზიციას: „იმ 630 ათას კაციანი „შავ სიასთან“ დაკავშირებით, შესაძლოა, ბევრი კრიტერიუმი შეიცვალოს და იქიდან ბევრი ადამიანი ამოვიდეს. ამ სიაში ბევრი ადამიანი გაუთვითცნობიერებლად მოხვდა, მაგალითად, თავდებობით უამრავი პირია შარში გახვეული“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ბანკები ახლა სხვაგვარად აფასებენ სიტუაციას, რამდენიმე თვის წინ მათთვის ჭარბვალიანობა პრობლემა არ იყო და არც ქვეყანას უქმნიდა საფრთხეს, ახლა კი ბახტაძის ხისტმა პოზიციამ ბევრი დააფიქრა. ამიტომ დღეს ბანკირები მოსახლეობის ვალებში ჩაძირვას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აბრალებენ.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ რეფორმების ნაწილი სწრაფად არის გასატარებელი ჭარბვალიანობის პრობლემის გამო.

„ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით განათლების რეფორმა, რადგან ვფიქრობ, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გრძელვადიანად ქვეყნის განვითარებისთვის. რაც შეეხება ბოლო კვირებში გაჟღერებულ აქტივობებს, ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ იქნება მნიშვნელოვანი ის რეგულაციები, რაზეც იყო საუბარი, ანუ საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირება. ეს დროულად არის გასაკეთებელი, რადგან ჭარბვალიანობაზე მართლაც უკვე დიდი ხანია საუბარია და რაც უფრო სწრაფად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მით უფრო სწორი იქნება. ბოლო დროს ჭარბვალიანობის პრობლემა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უკავშირდება“, - განუცხადა „ბიემს“ ბუცხრიკიძემ.