ავერსი-რევერსი - ერთეულების სიმდიდრე და ერთეულების ძალაუფლება სხვების ჯანმრთელობის ხარჯზე

ავერსი-რევერსი - ერთეულების სიმდიდრე და ერთეულების ძალაუფლება სხვების ჯანმრთელობის ხარჯზე

როგორ არის გადანაწილებული სააფთიქო სექტორში „ძალთა თანაფარდობა“. როგორ ისქელებენ ჯიბეებს ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე და ვის ჯიბეში ილექება მილიონები. პრესაგე.ტვ-ს ამ თემაზე ესაუბრება ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია:

 

– ჩვენი ასოციაცია შორსაა იმ აზრისგან, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციაა, ეს დაადასტურა ჩვენმა კვლევებმაც. წარმოუდგენელია ბაზარზე ოპერირებდეს სამი მსხვილი კომპანია, რომელთაც 90%-ზე მეტი უჭირავთ და მათ წამლებზე ზუსტად ერთნაირი ფასები ქონდეთ. აქ არის სერიოზული ნიშნები კარტერული გარიგებისა და ჩვენ გვქონდა მოწოდება, თუ ანტიმონოპოლიური სამსახური აღდგებოდა, პირველ რიგში, სწორედ ამ თემით უნდა დაინტერესებულიყო.

 

როცა ვამბობ, რომ აქ არის გარიგების სერიოზული ნიშნები, ამას ვაცხადებ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე. სამი კომპანიის - „ავერსი“, „ჯი-პი-სი“, „პე-ეს-პე“ - ფასები ერთმანეთისგან ან არ განსხვავდება, ან განსხვავება 5 თეთრს არ აღემატება. ჩვენ დაახლოებით 700-მდე მედიკამენტის ფასი შევადარეთ და 90% ფასებისა ერთი და იგივე იყო. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ეს კომპანიები ერთმანეთში ცვლიან მედიკამენტებს, ეს კიდევ გააღრმავებს არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტორს.

 

სამი კომპანიიდან ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე არის „ავერსი“. მის დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე ძალიან დიდი სპექტრს მოიცავს – შექმნილი აქვს სადაზღვევო კომპანია, აქვს საკუთარი კლინიკა, ადგილობრივი წარმოების ქარხანა, არაფერს ვამბობ წამლების იმპორტზე, საბითუმო და საცალო რეალიზაციაზე. შესაბამისად, კურტანიძეს სერიოზული გავლენა აქვს მოპოვებული ამ ბაზარზე. მასთან დაზღვეული ადამიანები „ავერსის“ მკურნალობის ქვეშ არიან მოხვედრილები. „ავერსის“ შემდეგ გავლენით მოდის „პე-ეს-პე“.

 

ავერსს ბევრი უპირატესობაც აქვს სხვა ფირმებთან შედარებით.

– დიახ, თუ „ავერსის“ კლინიკაში, ან მის სადაზღვევო კომპანიაში მიდის პაციენტი, ბუნებრივია, მას გაუშვებენ თავის აფთიაქში, ეს არ არის კანონის დარღვევა და მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს სად მივიდეს, მაგრამ როცა პაციენტი მიდის სხვა კლინიკაში და ეუბნებიან, რომ მაინცდამაინც ავერსში უნდა იყიდოს წამალი, ეს უკვე კანონდარღვევაა და ამაზე დიდი ხანია მიდის დავა. ანუ, არის ძალიან ბევრი ფაქტი, როცა ექიმები და კომპანიები გარიგებული არიან.

 

ექიმები სარგებელს იღებენ ამ გარიგებით - ზოგი ფულადი სახით, ზოგსაც ფირმა უფინანსებს საზღვარგარეთ წასვლას და ასე შემდეგ. გარიგება ხდება მომხმარებლის ჯიბისა და ჯანმრთელობის ხაჯზე. როდესაც ასეთი სიტუაციაა, რა თქმა უნდა, მომხმარებლის უფლება ირღვევა, ჯანდაცვის კონტროლი კი ვერანაირ საერთაშორისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მეტიც - ელემენტარულ კონტროლს ვერ ახორციელებს. მომხმარებლები ჩვენთან დარჩენილები არიან კეთილი ნების ანაბარა.

 

ვინ აგებს პასუხს მედიკამენტების ხარისხზე?

– არავინ იცის საქართველოში რამდენად ხარისხიანი მედიკამენტები შემოდის ან ადგილზე იწარმოება. დადსტურებული ფაქტია, რომ „ავერსს“ შემოაქვს დაუფასოებული ფარმაცევტული პროდუქცია ინდოეთიდან და ჩინეთიდან. გამოვითხოვეთ სამინისტროდან მონაცემები და ეს ფაქტი დადასტურდა. გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ შემოტანილი მედიკამენტები მანდამაინც უვარგისია, იმიტომ, რომ მედიკამენტების შემოწმება ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინდოეთი არის წამლების ფალსიფიკატორი ქვეყანა, რომელზეც მოდის მსოფლიო ფალსიფიკაციის ერთი მესამედი, ეს უკვე იძლევა ეჭვების საფუძველს. თავად ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო აფრთხილებს სხვა ქვეყნებს, ჩვენგან თუ რამე წამალს წაიღებთ კონტროლი დააწესეთო. ანალოგიური მდგომარეობაა ჩინეთშიც. ანუ, ყველამ იცის, რომ ამ ქვეყნებში ძალიან უხარისხო პროდუქტი იწარმოება. უბრალოდ, ის ქვეყნები  რომლებსაც მიაქვთ იქიდან წამლები, ძალიან სერიოზულ კონტროლს აწესებენ. ჩვენთან არ ხდება ეს კონტროლი, ამიტომ ვიძახით, რომ არის საშიშროება უხარისხო, ჯანმრთელობისთვის საზიანო მედიკამენტები შემოვიდეს.

 

სახელმწიფო კანონით უშვებს ამას...

– რა თქმა უნდა! ამაშია სწორედ საქმე! სახელმწიფოს აქვს ასეთი პოზიცია: მე არ შემიძლია მედიკამენტების კონტროლი, ჯანდაცვის სექტორში გარკვეული წესის დანერგვა, ამას ფული ჭირდება. და გამოსავალს ხედავენ იმაში, რომ ყველაფერი მიშვებული აქვთ თავის ნებაზე. თუ რამე მოხდება, კომპანიებს აკისრებენ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჯერ არც ერთი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. ყველაზე მთავარი სააგენტო, რომელიც მედიკამენტების ხარისხზე კონტროლს ახორციელებს, სახსრების გარეშეა დარჩენილი, წელიწადში ამ სააგენტოს 80 ათასი ლარი გამოეყოფა საქართველოში არსებული მედიკამენტების ხარისხის შესამოწმებლად.

 

ეს იმ დროს, როცა საქართველოდან მილიონები მიაქვთ უცხოელ მომღერლებსა და მსახიობებს...

– დიახ! სადაზღვევოში ბრუნვაში არის 6500 მედიკამენტი, სააგენტო მაქსიმუმ 80 მედიკამენტის შემოწმებას ახერხებს. ამ ფონზე რაზეა საუბარი და რომელ კონტროლზე? აქ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მასიურად უნდა მოხდეს მედიკამენტების კონტროლი, მაგრამ სტანდარტები უნდა დააწესოს სახელმწიფომ და კომპანიას ვალდებულება უნდა ჰქონდეს ეს სტანდარტები დააკმაყოფილოს. ჩვენთან არ არსებობს არანაირი ვალდებულება არც ერთი სტანდარტის დაკმაყოფილების მოთხოვნით. ეს სტანდარტები თავის თავში გულისხმობს, როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების იმპორტი; როგორ უნდა მოხდეს მისი შენახვა; როგორ უნდა იყოს შენახული რეალიზაციის დროს; როგორ უნდა მოხდეს მისი წარმოება და ასე შემდეგ და რადგან ჩვენთან არ არსებობს ამის საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისად, კომპანიები თავისუფალნი არიან ყველანაირ ქმედებაში და რასაც უნდა იმას აკეთებენ.

 

ავერსის პრივილიგირებული მდგომარეობა ალბათ იმითიცაა განპირობებული, რომ ფირმა ნაციონალების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია.

– შეგვიძლია გადავხედოთ ოფიციალურ სიას, რომელიც ეხება ნაციონალების დაფინანსებას. ამ სიაში აღმოვაჩენთ არა ერთ ფირმას და მათ შორის, ყველაზე დიდი დამფინანსებელი „ავერსია“. ამას თავადაც არ მალავენ. „ავერსი“ არც უარყოფს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სერიოზული დამფინანსებელი რომ არის. ეკონომიკური თეორია და პრაქტიკა არ იცნობს ისეთ მაგალითს, რომ კომპანიამ 15 წლის განმავლობაში ბაზარზე შეინარჩუნოს ოლიგოპოლური სიტუაცია, ჰქონდეს ძალიან არასამართლიანი ფაქტები და ეს გაგრძელდეს ასე. ეს ხდება ერთადერთ შემთხვევაში, როცა მას სახელმწიფო ჩინოვნიკები ლობირებენ. ანუ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიებს სახელმწიფო ჩინოვნიკებისგან აქვს მხარდაჭერა.

 

არის წამლები, რომელზედაც „ავერსს“ 800-1000% მოგება აქვს, ეს იცით რას ნიშნავს? კონკურენცია არ არის! მათ რომ არ ჰქონდეთ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მხარდაჭერა, ფასებს ვერ შეინარჩუნებდნენ. გადახედეთ ბოლო გადაწყვეტილებებს, ყველა იმისკენაა მიმართული, რომ მსხვილმა კომპანიებმა ისარგებლონ და წვრილი მეწარმეები გაკოტრდნენ. ძალიან ბევრი ფაქტი იყო, როცა ახალი კომპანიებს უნდოდათ ბაზარზე შემოსვლა და არ შემოუშვეს.

 

ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ფირმას უნდოდა შემოსვლა საქართველოში და დაიბლოკა.

– კი. ამას გარდა, ებრაულ კომპანიასაც უნდოდა გარკვეული მედიკამენტების შემოტანა და არ მისცეს უფლება. ახლა როგორი სიტუაციაა, იცით? თუ გინდა მედიკამენტის რეგისტრაცია, გააგზავნი ამ მედიკამენტს ჯანდაცვის სამინისტროს ქვეუწყებაში და თუ 2 კვირაში არ გიპასუხა, წამალი დარეგისტრირებულია, მიუხედავად დადებითი ან უარყოფითი პასუხის არარსებობისა.

 

როგორ?

– 2 კვირაში თუ არ გიპასუხებს, რეგისტრირებულად ითვლება, ანუ შესაბამისად, მსხვილ კომპანიას პრობლემა არა აქვს და მშვენივრად იყენებენ შექმნილ მდგომარეობას. როდესაც ეს კომპანიები აცხადებენ რომ, თურმე, 5-7%-იან მოგებაზე მუშაობენ, ეს არის ბლეფი. მათი საქმიანობა წარმოაჩენს, რომ მოგება გაცილებით მაღალია. როგორ შეიძლება 5%-იან მოგებაზე მუშაობდეს მაგალითად - „ავერსი“, და სხვადასხვა ბიზნესი იყიდოს პარალელურად? რამდენი კლინიკა იყიდა, სადაზღვევო და ასე შემდეგ. ეს ფული ჰაერიდან ხომ არ ცვივა, არა? მედიკამენტების რეალიზაციიდან შემოდის.

 

არა ერთხელ დაფიქსირდა ავერსის კლინიკაში ექიმების არაპროფესიონალიზმი, გარდაცვალების ფაქტებიც იყო, მაგრამ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

– სამი წლის ბავშვის სიცოცხლე რომ შეიწირეს, ეს არაა ერთადერთი შემთხვევა. სატირალი რომ არ ყოფილიყო მდგომარეობა, ადამიანს გაგეცინებოდა იმ შემთხვევის გამო, რაც „ავერსის“ კლინიკაში მოხდა – ბავშვი ცუდად გახდა და „ავერსის“ კლინიკამ ღუდუშაურიდან გამოიძახა ექიმი, გვიშველეთ რამეო. ანუ, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ამ კლინიკაში არ არიან პროფესიონალები. სამწუხაროდ, არავის გაგვიგია, რომ ეს ექიმები ვინმეს დაესაჯოს. გაავლეთ პარალელი და ნახეთ, როგორ სჯიან სახელმწიფო კლინიკებში მომუშავე ექიმებს მცირე გადაცდომებისთვისაც კი. ზოგს ლიცენზიას ართმევენ, ზოგს იჭერენ. რაზე მიუთითებს ეს? „ავერსი“, როგორც კომპანია, და „ავერსის“ ექიმები, პრივილიგირებულ მდგომარეობაში არიან და არ ეხებათ კანონები და მკაცრი სასჯელები, იმიტომ, რომ მართლა უკონტროლო სიტუაციაა და არც ერთი ფაქტი არ გახმაურებულა, რომ ვინმე დაესაჯათ. რომ დაესაჯათ ვინმე აუცილებლად გაახმაურებდნენ, ეს ამათ არ ეშლებათ.

 

რატომ აქვს კურტანიძეს უკიდეგანო უფლებები?

– იმის გამო, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი ოფიციალური დამფინანსებელია, ამას ვერც თავად უარყოფს. ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია. გარკვეულ დახმარების სანაცვლოდ არც ხელისუფლება უვიწყებს ამას კურტანიძეს. თუ გნებავთ გადახედეთ ბოლო პერიოდში გამართულ ტენდერებს, სადაც 90% „ავერსია“ გამარჯვებული. ასეთი სიტუაციაა – მომეცი საარჩევნოდ ფული და ხელს შეგიწყობ. ოფიციალურად შეტანილი „საწევროც“ საკმარისია ამის დასანახად, არაოფიციალურად რამდენს იხდის ამაზე საუბარი შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად მტკიცებადი. რეალურად ისეთი სერიოზული ხმები დადის, ვარაუდი იმისა, რომ ხელისუფლებას არაოფიციალურად აფინანსებენ „ავერსი“ და სხვა კომპანიები, არაა ძნელი.

 

ანუ, ხელი ხელს ბანს პრინციპი მოქმედებს.

– რა თქმა უნდა! და აქ ზარალდება მოსახლეობა. ჯერ ერთი, იხდი მაღალ ფასებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ უხარისხო მედიკამენტებში ვიხდით 100-ჯერ მეტს ვიდრე ეს მისი ფასია. ეს პრობლემა გადაიჭრებოდა, ამის სურვილი ხელისუფლებას რომ ჰქონდეს.

 

სხვათა შორის, საინტერესო იყო სათვალთვალო კამერების საქმეც...

– მერაბიშვილის უწყება აყენებდა ამ კამერებს. ამდენად, გარიგებაც აქ მოხდებოდა. ჩემთვის ისიც წარმოუდგენელი იყო, რატომ უნდა დაეცვათ გარე პერიმეტრი აფთიაქებს. თუ ვიმსჯელებთ იმ ლოგიკით, რომ შეიძლება ვინმე შევიდეს აფთიაქში და რამე მოიპაროს იქ, ასეთ შემთხვევაში რას აკეთებს დაცვა? ვთქვათ, დაცვა არ არის, რაც გამორიცხულია. მაშინ გამოდის, აფთიაქში შესულ კლიენტს კომპანიამ ბეჭებზე უნდა დაამაგროს ვიდეოკამერა? არავინაა დაზღვეული, აფთიაქიდან გასულს ვინმე თავს არ დაესხას. იმიტომ, რომ შსს-ს გაუადვილდეს საქმის გამოძიება ეგებ ეს ხერხიც დაენერგათ? ეს - ხუმრობით, მაგრამ ფაქტია, რომ სამინისტრომ მალევე წაიღო უკან კამერების დაყენების მოთხოვნა. ეტყობა, „გადაიფიქრეს“ კლიენტების უსაფრთხოება.

 

საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო სექტორს თუ გააცანით თქვენი მონაცემები? ხელისუფლება თუ ჩააყენეთ საქმის კურში და როგორი იყო რეაგირება?

– ხელისუფლების მხრიდან არასდროს ყოფილა დაინტერესება, ევროკავშირი დაგვპირდა, თუ შევძლებთ რეაფირებას მოვახდენთო.

 

რა არის შეუძლებელი?! აღშფოთებულიყვნენ მაინც...

– შეუძლებელი ისაა, რომ არ არსებობს ანტიმონოპოლიური სტრუქტურა და არც კანონმდებლობა. ჩვენ ვაპირებთ პარლამენტში შევიდეთ საკანონმდებლო ინიციატივით. არის საკითხები, რომლებიც შეიძლება, რომ გადაწყდეს.

 

არ გეკითხებით, რა ინიციატივა გაქვთ. უბრალოდ, მაინტერესებს, თქვენ გაქვთ იმის იმედი, რომ ქვენს რომელიმე წინადადებას გაითვალისწინებენ?

– არა მგონია, საქართველოში მოქმედ კომპანიებს ჩვენი ინიციატივები მოეწონოთ... ამდენად, ხელისუფლებაც წინააღმდეგი იქნება. ჩვენ არც გვაქვს ილუზია, რომ წარმატებას მივაღწევთ, მაგრამ ვცდით და ეგებ რაღაც მაინც გამოვიდეს, მინიმალური მაინც. ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე არის ოლიგოპოლური სიტუაცია, რაც იმითაა შენარჩუნებული, რომ კომპანიები სახელმწიფო ჩინოვნიკების მხარდაჭერით სარგებლობენ. დასკვნაში მოყვანილია მონაცემები, რომ მედიკამენტების ფასები არაადექვატურად იზრდება იმასთან შედარებით, ქვეყანაში როგორ იზრდება ფასები. დასკვნაში წერია, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით ცვლილებები.

 

მაგრამ ეს რა ცვლის?

– ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, როდესაც არ აწყობთ მათი დასკვნები, არც ევროკავშირი და არც მსოფლიო ბანკი ავტორიტეტები არ არიან,