მეწარმეებს ნაცმოძრაობის დროს დაგროვილ და არასწორად დარიცხულ ვალებს ჩამოაწერენ. ინიციატივა მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. საგადასახადო ამნისტია მოულოდნელი აღმოჩნდა ბიზნესმენებისთვის.
მამუკა ბახტაძემ მნიშნვნელოვან ცვლილებებზე ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობისას ისაუბრა პარლამენტში. მისი თქმით, დაგეგმილია ყველა გადამხდელს სრულად ჩამოეწეროს 2013 წლის პირველ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება. 2011 და 2012 წლებში კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახო ვალდებულებები, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება შეცვლის.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-12 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით, რომ გვსურს, ეკონომიკაში თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრულფასოვნად, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის პირელ იანვრამდე“, – განაცხადა ბახტაძემ.
აღნიშნული ინიციატივა 36 ათას გადამხდელს შეეხება. პრემიერის ინიციატივით, დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება, რომელიც წლის დასაწყისში დაანონსდა, ასევე განხორციელდება.
არასწორად დარიცხული გადასახადებით მართლაც ბევრი კომპანია დაზარლდა. ერთ-ერთი გაჩერებული ბიზნესია აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტი „გომარდული“, რომელიც მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო 5 წელია დაყადაღებულია. კურორტი 2017 წლის ბოლოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ინიციატივით გაიხსნა, ჩამოეწერა ვალებიც და მოეხსნა ყადაღა. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ობიექტი ისევ დაყადაღდა. კურორტის ადმინისტრაციაში დღეს მიიჩნევენ, რომ აჭარის მთავრობის ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, პიარის ნაწილი იყო.
ბახტაძის ინიციატივა მისასალმებელია „გომარდულის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელისთვის. ბადრი ქათამაძე აცხადებს, რომ ტურისტული ობიექტის ფუნქციონირებისთვის დაანონსებულ საგადასახადო ამნისტიას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
„თუ ეს საკითხი გადაწყდება ძალიან წაადგება მაღალმთიან მოსახლეობასაც და ჩვენი საკითხიც გამოსწორდება, სოფლისაც და რაიონსაც. ბიზნესი განთავისუფლდება გადასახადისგან, რომელიც ხელს გვიშლის ფუნქციონირებაში, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“, - განუცხადა „კომერსანტს“ ქათამაძემ.
თუმცა არიან სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი ზურაბ ლალაზიშვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ეჭვის თვალით უყურებს. მისი აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები ამნისტიები არაკეთილსინდისიერ გადამხდელების წახალისებას იწვევს.
„მნიშვენელოვანია რა იქნება დოკუმენტში გაწერილი. როდესაც საგადასახადო ვალდებულებაზე ვსაუბრობთ, საქმე გვაქვს რამდენიმე ტიპთან: აღიარებულთან და აუღიარებელთან. როდესაც აღიარებულზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ძირითად თანხას, საურავს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომელ კომპონენტზეა საუბარი.
ზოგადად, მე არ მივესალმები ვალების ჩამოწერას და მიმაჩნია, რომ ეს ახალისებს არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს, მაგრამ თუ არის საუბარი სპეციფიკურ შემთხვევებზე, მაგალითად, ჯარიმებზე, რომლის ხანდაზმულობის პერიოდი გასულია და მაინც ვერაფერს ამოვიღებთ, მაშინ ეს გასათვალისწინებელია“,- აცხადებს ლალაზიშვილი.