მამუკა ბახტაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეკოომბუდსმენის პოსტი საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. მწვანე ეკონომიკა კი იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდი.
„აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ეკონომიკური პერსპექტივის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მომავალი თაობების წინაშე, რათა მათ შევუნახოთ ეს უნიკალური ბუნება, რაც მემკვიდრეობით გვერგო“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას მიესალმება. თუმცა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეკოოომბუდსმენი საქმეს ვერ უშველის, თუ ჩვენ არ გვექნება ცალკე არსებული სისტემა-გარემოს დაცვითი და ბუნებრივი რესურსების მართვის სტრუქტურა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული არც ერთ სხვა ეკონომიკურ დარგზე. ეს სტრუქტურა უნდა იყოს ცალკე მდგომი და საკუთარ თავზე უნდა იღებდეს არბიტრის ფუნქციას, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ეკოომბუდსმენთან ერთად.
„მე ამას ეკოომბუდსმენს მაინც არ ვუწოდებდი. ეს არის გარემოს დაცვითი ომბუდსმენი, რაც კარგი საშუალებაა მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. ისიც ცალსახა, რომ ეკოომბუდსმენი მარტო ვერ გადაწყვეტს მტკივნეულ საკითხებს, თუ ინსტიტუცია არ იარსებებს. გარემოს დაცვა არ არის მარტივი თემა. ჩვენი გაგებით, გარემოს დაცვა მხოლოდ ტყის დაცვას ნიშნავს. სინამდვილეში, გარემოს დაცვა აბსოლუტურად სხვა რამეა. ეს არის ბუნებრივი რესურსების სერიოზული მართვა, ბუნებრივ რესურსთა ხელმისაწვდომობა. პირველ რიგში, ეკონოომბუდსმენისთვის მნიშვნელოვანი იქნება ნარჩენების საკითხი. ზუსტად ეს არის მეწარმეების გაფართოებული პასუხისმგებლობა. ეს ეხება პლასტიკების ამოღებას გარემოდან და ეს ნიშნავს, რომ ომბუდსმენმა უნდა დაიცვას როგორც მეწარმის, ასევე, პირველ რიგში, ბუნების უფლებები“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
მანვე მეორე პრობლემური საკითხი დაასახელა, რომლის გადაწყვეტაც ეკოომბუდსმენისთვის აუცილებელი იქნება. ეს არის ეკოსისტემების, ხეობების დაცვა, რაც საჭიროა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ტურიზმის პოტენციალის განვითარებისთვისაც. ნინო ჩხობაძის თქმით, ამის განხორციელებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რადგან ხეობები უნდა დაიცვან გაურკვეველი მშენებლობისგან, ან ვიღაცების აგრესიისგან, რომელთაც ბუნებრივი რესურსების სათავისოდ გამოყენება სურთ. აქ მხოლოდ დიდი ჰესები არ იგულისხმება, არამედ გადამცემი ხაზები და სხვა.
ყოფილი მინისტრის განმარტებით, თუკი მწვანე ეკონომიკას მივყვებით, მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოომბუდსმენისთვის ზუსტად ისეთი მეწარმეების დაცვა იქნება, რომლებიც ახორციელებენ მწვანე ეკონომიკას. ეს ნიშნავს იმ ბიზნესის ლობირებას, რაც თითქოს არ არის მომგებიანი, მაგრამ, მეორე მხრივ, ახდენს გადამამუშავებელი წარმოების დანერგვას, ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანას.
„ძველი ტექნოლოგიების ქვეყანაში შემოზიდვას უნდა აღვუდგეთ, რაც გარემოს ბევრად უფრო აბინძურებს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვას სჭირდება ლობირება და ხელშეწყობა მთავრობის დონეზე. სწორედ ეს არის ომბუდსმენის გასაკეთებელი საქმე“.
დაცული ტერიტორიების განვითარების პროგრამის მენეჯერი რამაზ გოხელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა ფუნქცია და დატვირთვა ექნება ეკოომბუდსმენს. თუ მას შეეძლება, გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებები, ნებართვები დაბლოკოს, რომლებიც ზიანს აყენებს გარემოს, მაშინ გამართლებული იქნება ამ ინსტიტუტის შემოღება.
რაც შეეხება ეკოომბუდსმენის კანდიდატურას, რამაზ გოხელაშვილის მოსაზრებით, ყოველთვის გამოიძებნებიან პრინციპული ადამიანები. უბრალოდ, აქ მთავარია სახელმწიფოს ნება.
„გარემოს დაცვის სამინისტროს სახით უკვე არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც, წესით, უნდა ზრუნავდეს და აკონტროლებდეს ქვეყანაში გარემოს დაცვის მდგომარეობას, მათ შორის, უნდა აკონტროლებდეს იმასაც, ეკონომიკური განვითარება ხომ არ აყენებს ჩვენს გარემოს გრძელვადიან ზიანს. სწორად ამბობს პრემიერმინისტრი, რომ ეკონომიკურად დაუშვებელია ისეთი ტიპის განვითარება, რომელსაც ზიანი მოაქვს ბუნებრივ მემკვიდრეობაზე. ადამიანი როცა ამ სფეროში მუშაობს, მისთვის რთულია რაიმეს წინ დაყენება და რაიმესთვის ნაკლები პრიორიტეტის მინიჭება, მაგრამ, ჩემი აზრით, გარემოს დაცვის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად ჩამოყალიბებული პოლიტიკის გატარებაა.
თუკი ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი იარსებებს, მისი ერთ-ერთი ფუნქცია უნდა იყოს რეკომენდაციებისა და რჩევების მომზადება, თუ რა შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფო მიდგომებსა და რეგულაციებში. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ეკოომბუდსმენს, მოითხოვოს ამ რეგულაციების შესრულება“, - აცხადებს რამაზ გოხელაშვილი.