საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს მაღალი რანგის მღვდელმთავრები ესტუმრნენ, რომელთაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მასპინძლობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები საქართველოს პატრიარქს მსოფლიო პატრიარქის პოზიციას გააცნობენ, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პრობლემებთან.
უფრო ადრე საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი) სტუმრობდა. მისი ვიზიტიც უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
მსოფლიო საპატრიარქოს მაღალი სასულიერო იერარქების შეწუხების მიზეზი - უკრაინის ეკლესია მყარ პოზიციას ინარჩუნებს. „უკრაინის ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს არასდროს დაუბრუნდება“, - ამ სიტყვების ავტორი უკრაინის პატრიარქი ფილარეტ დენისენკოა, რომლის თქმითაც, უკრაინის ავტოკეფალიისთვის ბრძოლა უკვე 25 წელია, გრძელდება.
„ეს არასდროს მოხდება, რადგან ჩვენ, უკრაინელებს, ჩვენი სახელმწიფო გვაქვს. თუ ღმერთმა დამოუკიდებელი სახელმწიფო მოგვცა, მასში დამოუკიდებელი ეკლესიაც უნდა იყოს. ჩვენთვის აქსიომა ეკლესიის სრული ავტოკეფალიაა. ამისთვის ბრძოლა 25 წელია, გრძელდება, რადგან, როგორც ირკვევა, ჩვენთან ისევ სურთ საუბარი რუსეთის საპატრიარქოში დაბრუნებაზე. მინდა ვუთხრა რუსეთის საპატრიარქოს, როგორც მათ აქვთ დამოუკიდებელი ეკლესია, ისე გვსურს ჩვენც ჩვენი ავტოკეფალური ეკლესია. ამიტომ დაბრუნება არ იქნება“, - აღნიშნა ფილარეტმა.
ზოგადად, უკრაინის პატრიარქი ფილარეტი რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა. ის ამბობს, რომ უკრაინისა და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მისი თქმით, ეს ორი ქვეყანა, რომელმაც რუსეთთან ომი გამოიარა, ერთად უნდა ებრძოლოს კაცობრიობის მოწინააღმდეგე ამ აგრესორს. რუსული ეკლესია კი სიმართლის მხარეს უნდა დადგეს. სიმართლის მხარეს დგომა კი ნიშნავს, რომ რუსული ეკლესია აგრესორს გვერდით არ უნდა დაუდგეს.
რა შეიძლება მოხდეს, თუკი უკრაინის ეკლესია რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას გამოეყოფა? ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინის ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს, როგორც პირველ ეკლესიას, სთხოვს, დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმაროს. ეს კი რუსეთის საპატრიარქოს მღელვარებას იწვევს. რუსული მედია არ მალავს, რომ რუსეთის ეკლესია ამ ეტაპზე მზად არ არის უკრაინელების ამ წინადადების მისაღებად. ამის მიუხედავად, ამ საკითხში არა მხოლოდ უკრაინის ეკლესია ავლენს პრინციპულობას, არამედ ოფიციალურმა კიევმაც, უკრაინის უმაღლესმა რადამ და ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა მსოფლიო პატრიარქ -ბართლომეოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფის თხოვნით კარგა ხანია მიმართეს და ახლა პასუხის მოლოდინში არიან. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და მოცილება იმ რუდიმენტისა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიფიქრა და, რაც „რუსულ სამყაროდ“ იწოდება.
უკრაინელების არგუმენტით, მე-17 საუკუნემდე კიევის მიტროპოლია არსებობდა, ოღონდ იგი კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში იყო. რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში კი მას შემდეგ შევიდა, რაც რუსეთმა მიიერთა უკრაინა.
წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ანუ 24 აგვისტოს შესაძლოა, უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობა მიენიჭოს და სწორედ ამ ფორმით მიულოცონ უკრაინელებს დამოუკიდებლობა. თუკი მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალური ეკლესია კვლავაც დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე, სანამ კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთდებოდა.
უკრაინელებს ჩვენი პატრიარქის-ილია მეორის დიდი იმედი აქვთ. სწორედ ამიტომაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში მყოფმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიმ აღნიშნა, რომ მათი მოლოდინით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარდაჭერას გამოუცხადებს ყველა უკრაინელის სწრაფვას, რათა შეიქმნას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.
მართალია, უკრაინის ეკლესიას მსოფლიო პატრიარქმა უნდა მიანიჭოს ავტოკეფალია, მაგრამ ამას დედაეკლესიის თანხმობაც სჭირდება. ამ შემთხვევაში, რუსეთის ეკლესია დედაეკლესიად მიიჩნევს თავს.
საინტერესოა ისიც, რომ თავად მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც განხეთქილებაა, რასაც რუსი ექსპერტები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის 1054 წლის განხეთქილებას უდარებენ.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ძალიან მძიმე თემაა და უაღრესად რთულ მდგომარეობაშია დღეს მსოფლიო პატრიარქი. გია ხუხაშვილი არ მალავს, რომ თავადაც უჭირს იმის თქმა, რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი, რადგან პროცესები შეიძლება დიდი განხეთქილებით დასრულდეს.
„მაინც ვისურვებდი, რაღაც კონსენსუსი გამოიძებნოს. სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკა პირდაპირ აისახა ეკლესიაზე, სწორედ პოლიტიკა დომინირებს ეკლესიურ პროცესებზე თავისი არაპროგნოზირებადი შედეგებით. პოლიტიკას რომ თავი გავანებოთ, ძალიან ფაქიზი საკითხია და ნებისმიერი მიმართულებით გადაწყვეტილება მაღალი რისკის შემცველია. სად არის ოქროს კვეთა, რომელზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს, ძნელი სათქმელია“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილება ვის წისქვილზე დაასხამს წყალს (კათოლიკების, მუსლიმანების, თუ სხვების) განმარტა, რომ ეს განხეთილება საზიანო იქნება ყველასთვის.
მისი თქმით, ის, რომ განხეთქილება სხვა რელიგიების განვითარებას ხელს შეუწყობს, საეჭვოა, რადგან რელიგია არ არის გეოპოლიტიკა, ერთი რელიგიის დასუსტება ავტომატურად არ იწვევს მეორე რელიგიის გაძლიერებას. ეს უფრო ურწმუნოებას ბადებს, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიის გაძლიერებას. ამდენად, წესით, არც სხვა რელიგიებს უნდა აწყობდეთ ურწმუნო ადამიანების მომატება.