„წლებია, განათლების რეფორმას ატარებენ, მერე არ მოსწონთ და ახალს იწყებენ“

„წლებია, განათლების რეფორმას ატარებენ, მერე არ მოსწონთ და ახალს იწყებენ“

ახალი პრემიერ-მინისტრის დაპირებით, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, სადაც მასშტაბური ინვესტიციები განხორციელდება. მამუკა ბახტაძე არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რაში დაიხარჯება თანხები და რა ოდენობით მოხდება ფინანასების აკუმულირება ამ სექტორში. თუმცა განათლების სფეროს სპეციალისტები მის განზრახვას მიესალმებიან და საკუთარ რჩევებსაც უზიარებენ.

რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს თანხები განათლების სფეროში და სად არის სისუსტეები?! ამის შესახებ For.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი ესაუბრა.

მუხრან გულიაშვილი: ძალიან მესიამოვნა, როცა მამუკა ბახტაძემ განათლების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმაზე ისაუბრა. დღესდღეობით რასაც ვუყურებ განათლების კუთხით, ყველაფერი გაჩერებულია. არც შესაბამისი ხედვა არსებობს, არც ის იციან, რა უნდა გაკეთდეს. ახალ მასწავლებლებს შემოვიყვანთო. უკვე წლებია, რეფორმას ატარებენ, მერე თავისივე გატარებული რეფორმა არ მოსწონთ და ახალს იწყებენ.

სკოლებში ახალ მასწავლებლებს როდიდან შემოიყვანენ და, თუ არსებობს ღირსეულ პედაგოგთა რესურსი?

- როგორც გავიგე, საუბარია მოწვეული მასწავლებლის სტატუსზე სკოლაში, რათა სკოლაში ადვილად შევიდეს მასწავლებელი და შემდეგ გაიგონ, კარგია თუ არა ეს მასწავლებელი, ღირს თუ არა მისი დატოვება. აპირებენ, ყველას გაუღონ კარი და მერე მათგან საუკეთესო შეარჩიონ. ეს იდეა კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რეფორმა იწყება და მერე შუაში ჩერდება.

მოწვეული მასწავლებელი ძველ მასწავლებელს ადგილს არ დააკარგვინებს?

- შეიძლება, მოწვეულ მასწავლებელს დასაწყისში უფრო ნაკლები საათები ჰქონდეს, მაგრამ მერე შეიძლება სწორედ მათ ჩაანაცვლონ სხვა პედაგოგები. ისედაც სულ მალე მასწავლებლების დეფიციტი შეიქმნება მათი ასაკისა და პენსიაზე გასვლის გამო.

ძველი თაობისგან განსხვავებით, ახალგაზრდების თვალში პედაგოგობამ ხიბლი დაკარგა. ახალგაზრდებს უფრო მატერიალურად უზრუნველყოფილი პროფესიები იზიდავთ, ვიდრე იდეალისტური. ესეც განაპირობებს პედაგოგების სიმწირეს სკოლებში?

- ახალგაზრდობას რომც უნდოდეს პედაგოგობა, იმდენი ბიუროკრატიული ბარიერია გასავლელი ნორმალური ხელფასის მისაღებად, რომ ბევრს არც სურს ამ საფეხურების გადალახვა და სკოლაში შესვლა. ახალგაზრდებს ურჩევნიათ, უფრო ადვილად იშოვონ სამსახური.

თუკი 2020 წლისთვის პედაგოგები სანთლით საძებარი გახდება, უცხოეთიდან ჩამოიყვანენ პედაგოგებს და მათ გაცილებით მეტ ხელფასს დაუნიშნავენ?

- ახლა უკვე არსებობს გარკვეული პროგრამები, თუნდაც გადამზადების ერთწლიანი პროგრამა, მაგრამ გადამზადების უარყოფითი მხარე ის არის, რომ მასწავლებლის გადამზადება მარტივი არაა. მასწავლებლობაში არის რაღაც ისეთი, რასაც ვერც ერთი პროგრამით ვერ შეიძენ. ვისაც გადაამზადებენ, იქიდან შეიძლება მხოლოდ 5% გამოდგეს მასწავლებლად. არსებობს საუნივერსიტეტო ექვსთვიანი პროგრამა. ამ პროგრამაში რომ მოხვდე და დაგაფინანსონ, კონკურსია გასავლელი. თუ გაივლი ამ პროგრამას, ეგრევე უფროსი მასწავლებლის სტატუსი გენიჭება. ერთი მხრივ, ეს უსამართლობაა, რადგან თვით მაგისტრსაც არ ანიჭებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. გამოდის, რომ უფრო ნაკლები კრედიტის მქონე ადამიანს, ვინც 6-თვიანი პროგრამა გაიარა, ანიჭებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. მართალია, ამ საუნივერსიტეტო ექვსთვიანი პროგრამის გასავლელად კონკურსი დიდი და სერიოზულია, მაგრამ რამდენად აისახება ეს განათლების ხარისხზე, არავის გამოუკვლევია. ვისაც გადაამზადებენ და ვისზეც ფულს დახარჯავენ, რამდენი გამოდგება კარგ მასწავლებლად? ეს არავინ იცის.

როგორც გვარწმუნებენ, გადამზადების პროგრამისთვის საგულდაგულოდ შერჩეული, მოწვეული პედაგოგები ჰყავთ, მაგრამ თავად გადამზადების პროგრამა რამდენად სრულყოფილია?

- ძირითადად, ეს პროგრამა დაფუძნებულია თეორიაზე და ეს არის მისი მინუსი, რადგან პრაქტიკულ პროგრამას არ გულისხმობს. სხვათა შორის, რეგიონის უნივერსიტეტის პროგრამები უფრო გულისხმობს პრაქტიკულ კომპონენტს, ვიდრე წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამები.

განათლების სფეროში ფინანსების ნაკლებობაა. პრემიერის დაპირებისამებრ, თუკი ამ სექტორში ფინანსებს მოიზიდავენ, სად უნდა ჩაიდოს ეს ფინანსები, რომ თანხები არამიზნობრივად არ გაიხარჯოს?

- ამა თუ იმ ქვეყანაში განათლების სისტემის წარმატებას ქვეყნის მთავარი პირის სურვილი განაპირობებს, რომ განათლება პრიორიტეტულად იქცეს. სწორედ ასე მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც რეფორმები გატარდა. თუ ჩვენს პირველ პირებს მართლაც აქვთ ამის სურვილი, ეს კარგია, მაგრამ მთავარია, მათ იცოდნენ, რაში ჩადონ ფული. განათლება სოციალური პროექტია, ამიტომ გადაწყვეტილების მიმღებთ ვურჩევდი, თანხები ჩადონ იმაში, რომ სკოლის მოსწავლეების დონე ერთმანეთს გაუთანაბრდეს. ძალზე მიყრუებულ სოფელში მცხოვრებ მოსწავლეს სწავლის ზუსტად ისეთი პირობები ჰქონდეს, როგორიც აქვს თბილისის საუკეთესო სკოლის მოსწავლეს. ეს იქნება სწავლების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, დამატებითი სერვისები, როცა მოსწავლეები მათთვის სასურველ წრეებში გადამზადებას გადიან. თუკი სახელმწიფო ამას შეძლებს და გაათანაბრებს მოსწავლეებისთვის მიწოდებულ სერვისს, შედეგიც იქნება, ხოლო, თუ დარჩება ისე, როგორც აქამდე იყო, რომ ჩვენ გვაქვს კარგი და ცუდი სკოლები, ასე სახელმწიფო შედეგს ვერ მიიღებს.

რამდენად ალოგიკურიც არ უნდა იყოს, სოფლის სკოლებში, სადაც განათლების მიწოდების სერვისი დაბალია, უფრო მეტ ნიჭიერებას ავლენენ ბავშვები, ვიდრე დედაქალაქში. ეს მხოლოდ მათი მოტივაციით აიხსნება?

- ისინი უფრი მეტად მოტივირებულნი არიან. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ინგლისური ენის ხარისხიანი სწავლების პრობლემა თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში შეიმჩნევა. დიდ ქალაქებშიც კი - ბათუმშიც, ქუთაისშიც ამის პრობლემაა. რეგიონებში არ არიან ინგლისური ენის კვალიფიციური კადრები. ეს პრობლემა სახელმწიფომ რამენაირად უნდა მოაგვაროს. თორემ ყოველთვის იქნება გამორჩეული სკოლა, გამორჩეული მოსწავლე, მაგრამ ეს არ იქნება სახელმწიფოს დამსახურება.

თქვენ აქცენტს აკეთებთ სკოლის მოსწავლეების განათლებაზე, მაგრამ რა ვუყოთ უმაღლეს განათლებას?

- ჩვენს ქვეყანას მხოლოდ იმის რესურსი აქვს, რომ ერთი-ორი ნამდვილი კვლევითი უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდეს. დანარჩენები თავიანთი პროფილით მხოლოდ პროფესიული სასწავლებლებია. იყო იმის სურვილი, შეემოწმებინათ უმაღლესი სასწავლებლების პროგრამები, რის შემდეგაც რამდენიმე უმაღლესი დახურეს კიდეც, მაგრამ ამით შემოიფარგლენენ და შეჩერდნენ, რადგან არ ეყოთ საამისო ნება. უნივერსიტეტი ის დაწესებულებაა, სადაც უნდა ხდებოდეს კვლევა და არა-სწავლება, თორემ სწავლება ყველგან შეიძლება, მათ შორის, პროფესიულ სასწავლებელშიც. სადაც არაფერს იკვლევენ, სადაც ახალი ცოდნის აღმოჩენა არ ხდება, ის არ არის უნივერსიტეტი. ჩვენთან ამის რესურსი მხოლოდ ერთ-ორ უნივერსიტეტს აქვს. ამიტომ ნუ მოატყუებენ მშობლებს, სტუდენტებს, უთხრან სიმართლე, რომ თქვენ სწავლობთ პროფესიულ სასწავლებლებში და აიღებთ პროფესიულ დიპლომს. მათგან განსხვავებით, მხოლოდ ის აბიტურიენტი უნდა ირიცხებოდეს უმაღლეს სასწავლებელში, ვისაც მართლა აქვს ამის უნარი.

ხშირად უყვართ იმის აღნიშვნა, რომ განათლებაში ჩადებული თანხები საკმარისი არასდროს არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, ახალი პრემიერის ხელმძღვნელობით, დაახლოებით რა თანხა უნდა ჩაიდოს განათლების სფეროში?

- წარმატება აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებიც განათლებაზე ხარჯავენ თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქციის 3%-ზე მეტს. ჩვენთან იხარჯება 2,5% (ანუ 1 მილიარდამდე ლარი). თუკი ავალთ 3,4%-ზე, სადღაც 2 მილიარდი ლარი გამოვა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმარისი თანხაა იმისთვის, რათა განათლებას მიეხედოს. მთლიანი შიდა პროდუქციის 4% არასდროს დახარჯულა ჩვენს განათლების სისტემაში, თორემ 4% იდეალური იქნებოდა. ეს აჩვენებდა, რომ განათლება მართლაც პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის.