სამინისტროებთან ერთად სსიპ-ების გაუქმებაც უნდა დაიწყოს

სამინისტროებთან ერთად სსიპ-ების გაუქმებაც უნდა დაიწყოს

ახალი მთავრობის პირობებში ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ბიოროკრატიისა და მისი თანამდევი ხარჯების შემცირებაა. ამ კუთხით უკვე გადაწყვეტლია სამინისტროების გაუქმების საკითხი, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და საჭიროა სსიპ-ებისა და ა(ა)იპების გაუქმება-ოპტიმიზაცია.

სამინისტროებს შორის ყველაზე მეტ ფულს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მეორე ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროა, ხოლო მესამეზე - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. სამინისტროების რეიტინგი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 380 მლნ ლარი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 359,8 მლნ ლარი;
  •  
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 65,4 მლნ ლარი;
  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 59,6 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტრო - 49,3 მლნ ლარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 43,4 მლნ ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო - 35,8 მლნ ლარი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 28,1 მლნ ლარი.
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 21,7 მლნ ლარი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 15,7 მლნ ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 10,1 მლნ ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 9,4 მლნ ლარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 4,5 მლნ ლარი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 700 000 ლარი.

აქედან ჩანს, რომ სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატის შენახვა ჯამში 1 მლრდ ლარზე მეტი ჯდება და ეს ყველაფერი არ არის. უფრო მეტი თანხა იხარჯება სსიპ-ებსა და ა(ა)იპებზე, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუკი სამინისტროების შემცირებაზე ბოლო წლებში მუდმივად მიდის საუბარი, სსიპ-ების ოპტიმიზაცია არავის თავში აზრად არ მოსდის.

სწორედ ამაზე მიანიშნებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ამბობს, რომ სამინისტროების რეორგანიზაციის შემდეგ უნდა დაიწყოს შიდა ოპტიმიზაცია, რაც უფრო რთული და შრომატევადი საქმეა. საუბარია, სსიპ-ებსა და აიპ-ებში კადრებისა და ხარჯების შემცირებაზე.

„სამწუხაროდ, მხოლოდ სამინისტროებში არ გვაქვს ეს პრობლემა. სახელმწიფო უწყებებში საშინლად გაბერილია ყველაფერი. თუ ადგილობრივი თვითმმართველობები, მათ შორის თბილისის მერიაც ამ ხაზს გაატარებს, ქვეყანაში მმართველობითი სისტემა უფრო მარტივი გახდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მივიღოთ ოპტიმალური და ადვილად სამართავი სახელმწიფო მმართველობითი სისტემა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ეკონომისტები მთავრობას ურჩევენ, რომ შეიზღუდოს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღებთა რაოდენობა და მათი ნაწილი კერძო სექტორში გადავიდეს.

„საქართველოში სსიპ-ებისა და აიპ-ების რაოდენობა გაუმართლებლად ბევრია. ფაქტია, რომ ეს ორგანიზაციები ხელოვნურად არის შექმნილი. წესით, ბევრი მათგანი უნდა იყოს გაუქმებული. ამისთვის უნდა მოხდეს მომსახურებათა კერძო სექტორისთვის გადაცემა. უხერხულია, როცა ამ ორგანიზაციების ჩამონათვალში გვხვდება საცეკვაო და თეატრალური დასები, საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბები და სხვა ორგანიზაციები, რომლებსაც თვითდაფინანსების შესაძლებლობა აქვთ. საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად იხარჯება და ამ პრობლემას სახელმწიფომ როგორმე უნდა მიხედოს“, - აცხადებს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე.