მთარობა ქუთაისის უნივერსიტეტის უტოპიურ პროექტს არ ეშვება

მთარობა ქუთაისის უნივერსიტეტის უტოპიურ პროექტს არ ეშვება

ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ 1 წლის შემდეგ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნება და სწავლაც გაჩაღდება. მიუხედავად იმისა, რომ მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა დაწყებული არ არის, განათლების მინისტრი მაინც იმედიანადაა. მიხეილ ჩხენკელი ამტკიცებს, რომ პროექტი, რომლის ვადებში განხორციელება უკვე წარმოუდგენელია, თავის დროზე დასრულდება.

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლიდან მიიღებს. ჩხენკელმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესახებ დეტალურად ისაუბრა. განათლების მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან კონსულტაციები პროგრამებსა და სილაბუსებთან დაკავშირებით და მომავალ წელს ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სამ დაკულტეტზე სტუდენტების მიღება შეეძლება. ეს სპეციალობებია: მათემატიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და მეცნიერების მენეჯმენტი.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, მიუნხენის უნივერსიტეტის დახმარებით ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტი მომავალ წელს გაიხსნება.

„ქუთაისის უნივერსიტეტში მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელები იმყოფებიან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ხდება უკვე პროგრამების საბოლოო ვარიანტის შეჯერება, გერმანელ პროფესორებთან ერთად. გეგმა ასეთია, რომ 2019 წლის სექტემბერში განხორციელდება სტუდენტების მიღება. ტექნიკური დარგებით დავიწყებთ, თუმცა უნივერსიტეტის პროფილი იქნება უნივერსალური. მიუნხენის უნივერსიტეტის ჩართვით ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტს მივიღებთ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არ დაუკონკრეტებიათ. განაცხადეს მხოლოდ ის, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

ეს ყველაფერი ოფიციალური ცნობებია, რომელიც მაღალი ტრიბუნიდან კეთდება. რეალობა სულ სხვაგვარია. იმ ადგილას, სადაც უნივერისტეტის სამშენებლო ადგილზე, სადაც 2019 წელს სწავლა უნდა დაიწყოს, წლიდან წლამდე არსებითად არაფერი იცვლება. პრეზენტაციიდან თითქმის ორი წლის შემდეგაც, პროცესი მოსამზადებელ სამუშაოებს ვერ გასცდა. შეიძლება ითქვას, საუნივერსიტეტო ტერიტორია, მოტიტვლებული და დაჭაობებულია.

ფონდ „ქართუს“, რომელიც სამუშაოებს აფინანსებს, ამ დრომდე არ აქვს შემუშავებული არქიტექტურული პროექტის საბოლოო ვერსია. ქუთაისის მერიას ადგილზე მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმასა და მიწის სამუშაოების წარმოებაზე აქვს ნებართვა გაცემული. რაც შეეხება პროექტს, ადგილობრივ თვითმმათველობაში ამბობენ, რომ ფონდის მიერ ასეთი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის.

„გეგმა ასეთია, რომ სწავლა დაიწყოს 2019 წლის სექტემბერში, თუმცა მე არ შემიძლია ამის პირობა მოგცეთ, რადგან ეს არის ძალიან დიდი პროექტი და ამ ეტაპზე ასეთი პირობის დადება იქნება ძალიან სპონტანური“, - ამბობს ფონდ „ქართუს“ პროგრამების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი და არ უარყოფს, რომ დიდი დრო სჭირდება პროექტის შემუშავებას.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი აცხადებდა, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები ივნისის ბოლოდან დაიწყებოდა. 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“.