კუმისი არაბების გახდება?!

კუმისი არაბების გახდება?!

კუმისელი მოჩვენების შემდეგ კუმისელებს ამჯერად არაბებისგან მომდინარე ხიფათი აფრთხობთ. არაბი ინვესტორი ნასრედინ ალსაიედი კუმისში „სოფლის“ მშენებლობაზე ნებართვას ითხოვს.

ნასრედინმა კუმისში საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ადგილობრივ ხელისუფლებას 2018 წლის მაისში მიმართა. მისი პროექტის მიხედვით, კომპლექსი 161 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე უნდა გაშენდეს და საცხოვრებელ სახლებთან ერთად უნდა მოიცავდეს გასართობ სივრცეებს, მათ შორის, გოლფის მოედნებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამბობენ, იმის გამო, რომ რაიონს სივრცითი მოწყობის შესახებ რეგლამენტი და ნორმები არ გააჩნია, მათ წერილობით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს, რათა სამინისტრომ შეისწავლოს ეს საკითხი და საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

სტუმრად მისული არაბების მასპინძლად გადაქცევას კუმისელები მშვიდად ვერ უყურებენ. მოსალოდნელია, სიტუაცია დაიძაბოს. ამდენად, ხელისუფლებას გონივრული გამოსავლის მოფიქრება მართებს.

კუმისში შექმნილ ვითარებას For.ge-სთან საუბარში ეხმიანება ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი.

მართალია, არაბები მხოლოდ 161 ჰექტარზე ითხოვენ სოფლის აშენებას, მაგრამ მათ გაცილებით მეტი მიწის ნაკვეთი აქვთ შეძენილი სოფელ კუმისში. საუბარია 300 ჰექტარ მიწის ფართობზე, რომელიც შპსკუმისი 21“-ისგან 2016 წელს რამდენიმე ეტაპად შეიძენეს. ქართველების უმეტესობა არ იწონებს, რომ არაბებმა კუმისში სოფელი გააშენონ. ხომ არ აღმოჩნდებიან კუმისელები კაბალურ მდგომარეობაში?

- კუმისელები ძალიან ვაჟკაცურად გამოდიან. მთელი სოფელი არ უშვებს არაბებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კუმისში მიწის შემძენ არაბს სურს, დაანაწევროს ეს მიწა, გაცილებით ძვირად გაყიდოს თავის თანამემამულეებზე და ააშენოს სოფელი. ისიც ვიცი, რომ 1 მილიონ დოლარს ითხოვს, მომეცით, წავალ და ამ მიწას დაგიბრუნებთო. ამდენად, თუ ჩვენი სახელმწიფო გამოისყიდის მიწებს, კარგი იქნება. არავითარ შემთხვევაში, არაბ ინვესტორს არ უნდა მიეცეს სოფლის აშენების უფლება. ეგენი ერთ სოფელს რომ ააშენებენ, უსწრაფესად გამრავლდებიან და მხოლოდ ერთი სოფლით არ შემოიფარგლებიან. ასე მოხდა სამაჩაბლოში, ასე მოხდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, სადაც სამი აზერბაიჯანული ოჯახი ჩამოსახლდა და დღეს უკვე 16 ათასია.

რამდენჯერ მითქვამს, არ გაყიდოთ ქართული მიწა, ტელევიზორშიც ვილაპარაკე ამის თაობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, გაყიდეს. უკვე 50 ათას ჰექტარზე მეტია გაყიდული. ახლა „გირჩის“ პარტია მომხრეა, უცხოელებზე გაიყიდოს მიწა. მათი არგუმენტი ასეთია, უცხოელები მიწას ზურგზე ხომ ვერ მოიკიდებენ და ვერ წაიღებენო. ზურგზე ვერ მოიკიდებენ, მაგრამ დასახლდებიან, გამრავლდებიან და მერე ჩვენ გაგვყრიან.

იქნებ, არაბ ინვესტორს კუმისელების მცირე რაოდენობობამ უბიძგა ახალი სოფლის აშენებისკენ? კუმისის მოსახლეობა რამდენია?

- კუმისი საკმაოდ მოზრდილი სოფელია. თუ არ ვცდები, 300 კომლზე მეტი სახლობს. მართალია, კუმისელები არაბებს არ აძლევენ მშენებლობის უფლებას, მაგრამ მთავარია, იურიდიულად რისი გაკეთება შეუძლიათ არაბებს. ხომ შეიძლება, მოითხოვონ, მიწა უკვე ჩვენია და „საკუთარ მიწაზე“ ქართველები არაფერს გვაშენებინებენო? მერე შეუძლიათ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც იჩივლონ და საქმე წავაგოთ. ამიტომ საჭიროა, ჩვენი სახელმწიფო დაეთანხმოს არაბების პირობას და კუმისის მიწა გამოისყიდოს, ანუ უკანვე დაიბრუნოს მიწა.

ჩვენს სახელმწიფოს 1 მილიონი დოლარი კოლოსალურ თანხად ხომ არ ეჩვენება?

- ახლა უკვე ეს მიწა არაბების საკუთრებაა და არაბი საკუთარი მიწის საფასურს გინდა 1 მილიონ ლარს დაადებს, გინდა 5 მილიონს. გამოსყიდვას თუ არ დავთანხმდებით, მაშინ სოფელს ააშენებენ.

თქვენი აზრით, მაინცდამაინც კუმისში რა იზიდავთ არაბებს-კუმისის ტბა?

- რა იზიდავთ და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში დასახლების სიმჭიდროვე 1 კვადრატულ კილომეტრზე 5-10-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. თავიანთ სამშობლოში ვერ ეტევიან, არ აქვთ გასაქანი და მოდიან ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, საქართველოში მიწები თავისუფალია და იაფად ყიდულობენ. ადრეც გითხარით, ერთმა ირანელმა აღიარა, ირანში ჩემს საკუთრებაში არსებული ერთი ჰექტარი მიწა გავყიდე და იმ ერთი ჰექტრით ასი ჰექტარი მიწა ვიყიდე საქართველოშიო. კუმისში კი არა, მცხეთის რაიონში (საგურამოში, წეროვანში) ოთხი სოფელი შენდება, სადაც ირანელებს აქვთ ნაყიდი მიწა. ჯერ იქ არ ჩანან, თორემ მერე კუმისი მონაგონი იქნება. რაც შეეხება კუმისის ტბას, არაფერი ისეთი მოსაწონი ტბა არ არის, მაგრამ იქ კარგი, ნოყიერი მიწაა, ისინიც მუშა ხალხია, მოიყვანენ მოსავალს და იცხოვრებენ.

კუმისის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ამ ტბის გამო კუმისის კოღოები განთქმულია.

- კოღოები ყველგანაა საქართველოში, განსაკუთრებით, ივლისში. აგვისტოში აღარ არის იმდენი კოღო. სადაც ტენიანი ტერიტორიაა, ყველგან კოღოა.

კუმისელარაბებზე რომ არაფერი ვთქვათ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე უცხოელებზე კაპიკებად გაყიდული ბევრი მიწა გვექნება გამოსასყიდი?

- არ ვიცი, როგორ წავა საქმე. თუ ჩვენმა ხელისუფლებამ დათმო და უცხოელებს ააშენებინა სოფლები, არაფერიც არ იქნება გამოსასყიდი. ხოლო, თუ ქართულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა მკაცრად დაუხვდა უცხოელებს და არ მისცა დასახლების უფლება, მერე უკვე სასამართლოში წავა საქმე და როგორ გადაწყდება, ამის თქმა რთულია. როგორც ვიცი, კუმისში მშენებლობა ჯერ არ დაუწყიათ, უბრალოდ, არაბებმა ნაკვეთები დათვალეს, აზომეს, გეგმა შეადგინეს და დაანაწევრეს. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ საქართველოს არ აქვს მიწის კოდექსი, არ ვადგენთ მიწის ბალანსს. 2004 წელს გააუქმეს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დღეს ქართულ მიწას პატრონი არ ჰყავს. ეს დეპარტამენტი რომ არ გაეუქმებინათ, არც მიწები გაიყიდებოდა და პატრონიც ეყოლებოდა ჩვენს მიწას. საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელსაც მიწის კოდექსი არ აქვს. საბჭოთა კავშირის დროინდელი კოდექსი უკვე ძალადაკარგულია. თუ ადრე ერთი ჰექტარი მიწის შემცირებაზე განგაში ატყდებოდა, დღეს არც კი ვიცით, რამდენი მიწა გვაქვს დანიშნულების, კატეგორიების მიხედვით.

ხშირად იშველიებენ, რომ ინვესტორი ფულს დებს საქართველოს ეკონომიკაში და მისთვის ხელშეშლა არ შეიძლება.

- რაც ახლა ჩვენი მიწები გაიყიდა, ინვესტორის ხელი არ შეხებია. პირიქით, აგერ, ინდოელებმა იყიდეს კახეთში მიწის ნაკვეთი და მოითხოვეს, ქართველ ფერმერებს რომ ეხმარებით, ჩვენც დაგვეხმარეთ და მოგვეცით კრედიტებიო. მინდა, იცოდეთ, რომ იაპონიაში კატეგორიულად აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ინვესტიციების ჩადება. ინვესტიციებს რომ ჩადებ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მოყვანილი კარტოფილი დღეს თუ ღირს ერთი ლარი, ხვალ ათი ლარი გახდება. ამიტომ საქართველოში ერთ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სახელმწიფოს საწყისი მაქსიმალური ფასი 1000 ლარია, ხოლო თბილისში ერთ ჰექტარ მიწაზე ოფიციალურად სახელმწიფოს მიერ დაწესებული საწყისი ფასი 19 მილიონ 898 ათასი ლარია. ამხელა განსხვავებაა ერთ ჰექტარ მიწებს შორის. ეს იმიტომ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე კულტურების მოყვანა იაფი დაჯდეს. ხოლო, თუ მიწას ძვირად გაყიდი, მერე მასზე მოყვანილი კულტურა (პომიდორი, კარტოფილი, კიტრი) ათჯერ მეტი ეღირება.

ამერიკაც კი არ ყიდის მიწებს, მიწების მხოლოდ 0,01 %-ია გაყიდული. ევროპის უმეტესი სახელმწიფოებიც არ ყიდიან უცხოელებზე მიწას, იმდენი შეზღუდვაა დაწესებული, რომ უცხოელმა მიწა არ იყიდოს, ფაქტობრივად, ვერც იყიდი. ჩვენ კი ასე ხელაღებით, ურაპატრიოტებივით ვყვირივართ, მიწა გავყიდოთ, მიწა გავყიდოთო. ეს იმიტომ, რომ ქართველებმა არ იციან ქართული მიწის ფასი. ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში მოდის 0,13 ჰექტარი სახნავი მიწა. მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ანალიზი მაქვს გაკეთებული და ყველა ქვეყანაში 5-10 ჯერ მეტი მიწაა ერთ სულ მოსახლეზე. გამონაკლისია იაპონია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ჩვენზე ნაკლები მიწა მოდის. ჩვენ მცირემიწიანი ერი ვართ და მიწების გაყიდვა კატეგორიულად არ შეიძლება.