9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რასაც სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, გაჩნდა კითხვა, იქნებ, უნდა აიკრძალოს სასკოლო ექსკურსიები?! უკონტროლო ტრანსპორტის არსებობა ჩვენში არავის უკვირს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ტრაგედიების მიუხედავად, ექსკურსიები ბავშვების დაახლოების, საკუთარი სამშობლოს უკეთ გაცნობისა და შეყვარების საუკეთესო საშუალებაა და მას ალტერნატივა არ გააჩნია.
ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების გამო სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ამიერიდან სკოლის ექსკურსიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სკოლის დირექტორსა და სკოლას დაეკისრება. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის შეიძლება სკოლის დირექტორი თანამდებობიდანაც გათავისუფლდეს.
ამასთან, სკოლა ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს არა მარტო სკოლის მიერ ორგანიზებული ექსკურსიების უსაფრთხოებაზე, არამედ თვითორგანიზებულ ექსკურსიებზეც. სკოლამ სატრანსპორტო საშუალება იმ კომპანიისგან უნდა იქირაოს, რომელიც მას ტექნიკურად გამართულ სატრანსპორტო საშუალებას მიაწვდის და, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მძღოლის პროფესიონალიზმზე.
სიახლეა ისიც, რომ ბევრი ბავშვის გადაადგილებისას ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს წარწერა „ბავშვები“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სკოლის დირექტორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ნიშნავს, რომ ექსკურსიები აიკრძალება. თუკი დირექტორს პასუხისმგებლობა დაეკისრება, მაშინ არც ერთი დირექტორი არ გაუშვებს ბავშვებს ექსკურსიაზე. ვინც სკოლას იცნობს, არც ერთი დირექტორი არ აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ მოსწავლე ექსკურსიაზე გაუშვას და მერე თვითონ დაეკისროს პასუხისგებლობა. ეს მაშინ, როცა სასკოლო ექსკურსია ძალიან კარგი პრაქტიკაა ბავშვების განათლებისთვის, რაც საერთაშორისოდაც აპრობირებულია და ევროპული ქვეყნები ძალიან კარგად იყენებენ ამ საშუალებას.
„საქართველოში არის სოფლები, სადაც არაფერი იციან დიდი ქალაქების შესახებ. მაგალითად, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებს ნანახი არ აქვთ თბილისი, არც ის იციან, რა არის დედაქალაქი, როგორია საქართველოს სხვადასხვა კუთხეები. ევროპაში თავად შევესწარი, რომ ბელგიაში ერთი ქალაქიდან მეორეში ჩასული სკოლის მოსწავლეები ერთი კვირით რჩებოდნენ მასპინძელ ქალაქში, იმ ქალაქის ღირშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ, რაც თავად სკოლისა და სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა. იმის მაგივრად, რომ საქართველოშიც ექსკურსიის პრაქტიკა დაეხვეწათ და მისთვის საგანმანათლებლო დატვირთვა მიეცათ, რაზეც წინა მინისტრის დროსაც იყო საუბარი, ახლა, ფაქტობრივად, იკრძალება ექსკურსიები. ის, რომ სატრანსპორტო სისტემა გაუმართავია და რეგულაციები უნდა დაწესდეს თავად ტრანსპორტზე, არავისთვის ახალი არ არის. თუმცა სასკოლო ექსკურსიები კი არ უნდა აიკრძალოს, არამედ სხვა სახე უნდა მიეცეს და მხოლოდ ერთი დღით არ უნდა ჩადიოდნენ ბავშვები ერთი რეგიონიდან მეორეში, არამედ დიდი ხნით უნდა შეეძლოთ სხვა რეგიონში დარჩენა. გაცვლითი სახე უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს.
როდესაც გეოგრაფიაში უხსნიან მოსწავლეს, თუ სად არის ბათუმი, ცხადია, მოსწავლეს ურჩევნია, თავად ჩავიდეს და უშუალოდ ნახოს, როგორია და სად მდებარეობს ბათუმი“,-აცხადებს მუხრან გულიაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, გამკაცრებული რეგულაცია ხომ არ ნიშნავს, რომ სკოლის დირექციის გარეშე გადაწყვეტენ ბავშვები ექსკურსიაზე წასვლას, განმარტავს, „რა თქმა უნდა, ყველაფერი არაფორმალურ სივრცეში გადაინაცვლებს. ექსკურსიის აკრძალვა ვერანაირად ვერ გადაჭრის პრობლემას“.
მუხრან გულიაშვილის აზრით, სასკოლო ექსკურსიებზე პასუხისმგებლობა მოუწესრიგებელ სატრანსპორტო სისტემას და მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურას, მოუწესრიგებელ კონტროლს უნდა დაეკისროს. ჯარიმებს რომ ამკაცრებენ, კონტროლიც ხომ უნდა არსებობდეს? საქართველოში რატომ არის ისეთი გზები, სადაც საერთოდ არ არსებობს საპოლიციო კონტროლი? რამდენი მოსწავლე დადის ყოველთვიურად და ყოველდღიურად ექსკურსიაზე, მათ ხომ ყოველთვის პატრული ვერ გააცილებს? ამიტომ რაღაც ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პატრულს და პოლიციას, რომ ამა თუ იმ გზაზე გადაადგილდება მოსწავლეთა ჯგუფი.
„გამოდის, რომ სახელმწიფომ მოუწესრიგებელი გზების გამო პასუხისმგებლობა ისევ ბავშვებს დააკისრა“.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ მესხიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ექსკურსიების აკრძალვა არაფრით შეიძლება. უფროსი თაობაც ექსკურსიებზე დადიოდა, რაც მათ მეტ განათლებას სძენდა. ამით ისინი საქართველოს ბუნებას, საქართველოს ტერიტორიებს ეცნობოდნენ. ამიტომ ანზორ მესხიშვილის აზრით, უნდა დაკანონდეს, რომ ექსკურსიაზე წასულ სკოლის მოსწავლეებს საპატრულო მანქანა მიუძღოდეს. სწორედ პატრულს უნდა მიჰყვებოდეს სასკოლო ავტუბუსი ან სამარშრუტო ტაქსი და ბავშვები მშვიდად უნდა ჩავიდნენ დანიშნულების ადგილას.
„ჩვენი მინისტრები და მთავრობის წევრები ექსკორტით დადიან და ამ დროს სკოლიდან რომ მიდის 30-60 ბავშვი ექსკურსიაზე, ისინი არ უნდა იყვნენ დაცულნი? მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? იმის გამო, რომ ასეთი ტრაგედია მოხდა გზაზე, განა შეიძლება, ბავშვებს განათლება დავუკარგოთ? ჩვენი სოფლების, ჩვენი ქალაქების შესწავლის საშუალება არ მივცეთ? ამის აკრძალვა არ შეიძლება, თორემ, ცხადია, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ყველამ იცის, სამარშრუტო ტაქსები რამდენად გაუმართავია, ამიტომ პატრულის მობილიზებაა აუცილებელი. თურმე არც ერთი ვიდეოთვალი არ მუშაობს, გაფუჭებული ყოფილა. უმჯობესია, ამას მიხედონ, გზები მოიყვანონ წესრიგში, საგზაო ნიშნები დააყენონ, გამართული მანქანები შემოიყვანონ, ნასვამი მძღოლები არ დასვან საჭესთან. მოყვარულს კი არ უნდა მისცენ უფლება, დაჯდეს ავტობუსის სამართავად, არამედ პროფესიონალ მძღოლს უნდა ჰქონდეს მართვის უფლება“, - აცხადებს ანზორ მესხიშვილი.