ენგურჰესის ატრაქციად მოწყობის დეტალური პროექტირება დასრულდა. ამ ჰესის ატრაქციად მოწყობის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ენგურის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, საკონცერტო სცენას, პარაპლანისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, სერფინგის ცენტრს, პანორამულ ლიფტს და ა.შ.
რამდენად დააკმაყოფილებს ტურისტების მოთხოვნას აწ უკვე ატრაქციად ქცეული ენგურჰესი?! ამის შესახებ For.ge-ს საერთაშორისო ენერგეტიკული აკადემიის ნამდვილი წევრი, ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა ესაუბრა.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი იქნება და წელიწადში 400 ათას ტურისტს მოემსახურება. ეს უდიდესი კომპლექსი, რომელიც გადაჭიმულია დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე 1000-მდე კვადრატულ კილომეტრზე, რამდენად დააკმაყოფილებს ტურისტების მოთხოვნას? პირადად თქვენ თუ გაეცანით ატრაქციის დეტალურ პროექტს?
- კონცეპტუალურ დონეზე ვიცნობ ამ გადაწყვეტილებას და მხარს ვუჭერ. ატრაქცია ნამდვილად შემატებს მომხიბვლელობას ამ ნაგებობას, რომელიც თავისი მასშტაბით, პარამეტრით, მდებარეობით, სირთულეებით სერიოზული განაცხადია საინჟინრო საქმიანობაში.
ენგურჰესის მიმართ ტურისტული ინტერესი მანამდეც იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ენგურის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამას რით ახსნით?
- ვისაც სვანეთისკენ ჰქონდა გეზი აღებული, უთუოდ ენგურჰესისკენ შეივლიდა ხოლმე. ზუგდიდიდან მესტიამდე ცენტრალური გზის გარკვეულ მონაკვეთზე, რომელსაც მე-11 გზას ვეძახით, არის შესასვლელი და ეს შესასვლელი უზრუნველყოფს კაშხლის მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლას. იქ არის მოედნები, საიდანაც შეიძლება ამ კაშხლის დათვალიერება-ზევიდან, ქვევიდან. იქვე არის თვითონ დამაკავშირებელი კაშხალი, რომელიც ერთ ნაპირს მეორე ნაპირთან აკავშირებს. თუმცა ამჯერად ეს უმოქმედოა, ადგილობრივი პერსონალის გარდა თავისუფალი მიმოსვლა იქ არავის შეუძლია. დღესდღეობით იქ შესვლა სანქცირებული არ არის, მაგრამ სანახაობითი ატრაქციონის მოწყობის პირობებში ეს ხელმისაწვდომი გახდება.
პარაპლანით ფრენა უსაფრთხო იქნება?
- უსაფრთხოება დაცული იქნება, რადგან ეს კაშხალი თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით, პარაპეტებით უსაფრთხოებისთვის დაცულია. ეს ისეთი ნაგებობაა, რომ საუბარი რაიმე გაუგებრობაზე გამორიცხულია, თუკი ვინმემ არ მოინდომა შეგნებულად გადახტომა. დღესდღეობით არ იგრძნობა ტურისტთა დიდი მოზღვავება, ამას სათანადო მომზადება, პროპაგანდა სჭირდება.
კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, ენგურჰესს უამრავი ცნობილი ადამიანი აღფრთოვანებაში მოუყვანია. მათ შორის, პოეტების შთაგონების წყაროც გამხდარა.
- ასეთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ცნობილი პოეტი და პუბლიცისტი ევგენი ევტუშენკო ჩავიდა აფხაზეთში, სადაც მას დასასვენებელი სახლი ჰქონდა. მან შეიტყო, რომ ენგურჰესი შენდებოდა, მისი ნახვის სურვილი გამოთქვა და ჩემთან მოვიდა. ცხადია, მივიღე, მე გახლდით მისი მეგზური, მერე სვანეთშიც ავიყვანეთ, ეს კუთხეც ვაჩვენეთ. მან კი ლექსი მიუძღვნა ენგურჰესელებს და ენგურჰესის კაშხალს, იმდენად აღფრთოვანდა ჩვენი საქმიანობით. ჩვენი ხალხი გმირად დაახასიათა თავის ლექსში.
სხვათა შორის, 1980 წელს თურქეთის ტერიტორიიდან ჩამოვიდა მაღალი კაშხლების მსოფლიო კომისიის პრეზიდენტი. მასაც დავხვდი. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და, მე, როგორც ინსტიტუტის დირექტორს, ჩვენი სფეროს მინისტრმა მოსკოვიდან დამავალა, გამეწია გიდობა და მიმეღო ეს პიროვნება. სტუმარს ბათუმში დავხვდი, მაშინ სარფის შესახებ არც გაგვეგო და არც ვიცოდით, როგორ უნდა გადმოსულიყვნენ თურქეთიდან, მაგრამ მათი გადმოსვლა რაღაცნაირად მოხერხდა. სტუმარი ჩამოვიყვანე ენგურზე, ვაჩვენე ენგურჰესი და უცბად უცნაური სცენის მომსწრენი გავხდით არა მარტო მე, არამედ მისი თანმხლები ჟურნალისტებიც. როგორც კი შევუხვიეთ ენგურის თაღოვანი კაშხლისკენ, გასწორდა გზა და პირდაპირ გამოჩნდა თაღოვანი კაშხალი, იყვირა ამ კაცმა, გააჩერეთ მანქანაო. გადმოვიდა მანქანიდან, მიწაზე დაემხო, ხელებს უბრახუნებდა მიწას და უყურებდა კაშხალს. აღტაცებისგან რა ეთქვა, არ იცოდა. მის მეუღლეს ვკითხე, ქალბატონო, რა დაემართა, რამე ხომ არ სჭირს-მეთქი? არა, ასეთი ხასიათი აქვს, როცა ძალიან აღტაცებულია, ასეთი რამ ემართება და არ გაგიკვირდეთ, ცოტა ხანში გაუვლისო. ასეთი შემთხვევა ბევრი მახსოვს.
კაშხალმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა ალექსეი კოსიგინზეც, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეზე. იგი პიცუნდაში ისვენებდა და ენგურის სანახავად ჩამოვიდა. იმდენად აღტაცებული და გაკვირვებული იყო, რომ დათვალიერების შემდეგ ითხოვა, ერთი ღამე გამაჩერეთ ენგურზეო. არადა, მისი წაყვანა წყალტუბოში იგეგმებოდა, მაგრამ არ წავიდა, დარჩა ენგურზე. იქვე სასტუმროსავით ობიექტი გვქონდა, დადიანების სასახლის გვერდით, სადაც საღამოს გაჩერდა. ვახშამზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა დაიწყო, კოსიგინი იყო თამადა, მას მიჰყავდა პარადი, სადღეგრძელოებს ამბობდა და ასეთი რამ თქვა, მოსკოვში რომ დავბრუნდები, მინისტრთა საბჭოს დადგენილებას მივიღებ, რომელმაც უნდა დააფიქსიროს, თუ რამდენად დიდ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგს იძლევა დიდი მშენებლობები ადგილობრივი რეგიონების განვითარებისთვის. კოსიგინმა ეს დასკვმა გააკეთა იქიდან, რომ ორი დღის განმავლობაში გაეცნო მოვლილ გზებს, რომელიც ბლომად გვქონდა გაკეთებული ენგურზე, გაეცნო ჯვრის, საბერიოს, რეჩხის დასახლებებს.
კარგი გზების აგება იმთავითვე ტურისტული მიზნით გქონდათ ჩაფიქრებული?
-არა, ეს არ გვქონდა ჩაფიქრებული. მაშინ ამ აზროვნებაზე არ ვიყავით, მაგრამ ვფიქრობდით, რომ ასეთ მასშტაბურ მშენებლობას ოთხი რაიონი უნდა მოეცვა (წალენჯიხა, გალი, ზუგდიდი და მესტია). ამიტომაც ამ რეგიონებში ყველაფერი უმაღლეს დონეზე გავაკეთეთ. კოსიგინმა სწორედ ამას მიაქცია ყურადღება და მაშინდელ ცეკას მდივან შევარდნაძეს უთხრა, რომ ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოთა კავშირში გამოვიდოდა ეტალონი, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს რეგიონები დიდი მშენებლობის პირობებში და როგორ უნდა მოქმედებდეს ხალხის კეთილდღეობაზე. თუმცა ეს დადგენილება არ გამოსულა, რადგან მოსკოვში ჩასვლის შემდეგ კოსიგინი რამოდენიმე თვეში გაათავისუფლეს. მისმა შემცვლელმა ტიხონოვმა კი არ გააგრძელა მისი გზა. ამდენად, ყველაფერი, რაც კეთდება ახლა, კარგად დავიწყებული წარსულის განმეორებაა.
ენგურის თაღოვანი კაშხლის კონსტრუქცია ქართული მიგნებაა?
- პირველი თაღოვანი კაშხალი საბჭოთა კავშირის სინამდვილეში ქართველების მიერ დაპროექტებული და აშენებული ლაჯანურის კაშხალი იყო, რომელიც 70 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო ენგური 271 მეტრიანია. მოგვიანებით საბჭოთა კავშირში სხვაგანაც აშენდა თაღოვანი კაშხლები, რასაც საფუძველი ჩაუყარა ქართულმა საინჟინრო საქმიანობამ. თუმცა მსოფლიოში ეს კონსტრუქცია ცნობილი იყო, როგორც მედეგი და საინტერესო კონსტუქცია, რომელიც მასალათა დაზოგვას იწვევდა. გარდა ამისა, ეს კონსტრუქცია სიმსუბუქითა და მზიდუნარიანობით გამოირჩეოდა. ადგილი, რომელიც შევარჩიეთ ენგურისთვის, ზუსტად თაღოვანი კაშხლისთვის ქმნიდა კარგ წინაპირობას. განხილული იყო მრავალი ვარიანტი და უპირატესობა მიეცა ბეტონის თაღოვან კაშხალს. ვფიქრობ, ენგურჰესით დასავლეთის ქვეყნებიდანაც დაინტერესდებიან, რადგან მთა, თოვლი, სუბტროპიკები და საინჟინრო ხელოვნება უფრო მეტად ევროპული ინტერესის საგანია. თუმცა იაპონელების, ჩინელების მხრიდანაც დაინტერესება არ არის გამორიცხული, რადგან იაპონია სეისმოაქტიური ქვეყანაა, სადაც ერთ წამში ორი მიწისძვრა ხდება. ოპერაციას რომ აკეთებს ექიმი, მიწისძვრის ბიძგების ქვეშ უხდება მუშაობა. ამიტომ იაპონელებს დააინტერესებთ, რომ მიწისძვრების თვალსაზრისით ასეთ აქტიურ ზონაში-საქართველოში ავაშენეთ ამხელა სიმაღლის თაღოვანი კაშხალი. ენგურჰესის კაშხალი მსოფლიოში 2013 წლამდე ნომერ პირველ ნაგებობად ითვლებოდა თავისი მასშტაბით, 2013-ში უკვე ჩინელებმა გვაჯობეს და მესამე ადგილზე გადავინაცვლეთ. ცხადია, აზიის ქვეყნები დაინტერესდებიან, რადგან ასეთი მასშტაბები და ასეთი მშენებელობები მათთვისაც უცხო არ არის. მათ დიდი პრობლემა აქვთ წყალთან დაკავშირებით, ამიტომ რეზერვუარები სჭირდებათ, სჭირდებათ თაღოვანი კაშხლები, მიწის კაშხლები, გრავიტაციული ბეტონის კაშლები. ამ მხრივ დიდი სამუშაო აქვს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო-საძიებო ინსტიტუტს, რომლის დირექტორიც გახლდით 30 წლის განმავლობაში. სხვათა შორის, ასეთი სამუშაოები ჩატარებული გვაქცვს პერუშიც, ავღანეთშიც, ირანშიც. ასე რომ, ენგურჰესის მიმართ დაინტერესების ფართო წრეს ველი.