ზაზა ფირალიშვილის შეფასებით, თავად ხელისუფლება ზრუნავს საიმისოდ, რომ ჩვენმა მოქალაქემ უფრო ინტენსიურად დაიწყოს მავანი „მესამის“ ძიება. როგორც ფილოსოფოსი ამბობს, „ოცნება“ ჩამოყალიბდა ფეოდალურ ვერტიკალად, სადაც რეალური მმართველისა და ფორმალურად პირველი პირის ვინაობა ერთმანეთს არ ემთხვევა. მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას კრიტიკული ზღვრისათვის ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ ის, ვინც მთელი საპროტესტო განწყობების მობილიზებას ცდილობს, კიდევ უფრო ნაკლები ნდობით სარგებლობს. შესაბამისად, ატმოსფეროში უკვე ვიღაც მესამის მოლოდინი იგრძნობა.
for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
საზოგადოებამ აჩვენა საკუთარი დამოკიდებულება - ძალიან კრიტიკულია „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ კიდევ უფრო კრიტიკულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ზოგადად, ქართული ოპოზიციის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ასეთი მკაცრი საზოგადოება ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ და რამდენად სახიფათოა ეს ვითარება, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ ინტერესებს და მათ შორის ისეთი მეზობელი სახელმწიფოსი, როგორიც არის რუსეთი?
ზაზა ფირალიშვილი: ჩვენ არაერთხელ აღმოვჩენილვართ ამ მდომარეობაში. გაიხსენეთ, რა ხდებოდა საქართველოში 2007 წლის ნოემბრის აქციებისა და 2008 წლის ომის შემდეგ. ხელისუფლების მიუღებლობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, თუმცა კი, რიგითმა ადამიანმა ვერც ისინი მიიღო, ვინც ოპოზიციას განასახიერებდა. ერთი შეხედვით, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებისათვის ეს ხელსაყრელი იყო. ნდობის დაბალი ხარისხის მქონე ოპოზიციამ თავისი აქტიურობით თითქოს ჰაერში გაფანტა მთელი საპროტესტო მუხტი. მაგრამ, კარგი იყო მხოლოდ სიტუაციურად და არა პერსპექტივის თვალსაზრისით.
დღევანდელი ვითარება რაღაც მიახლოებაში მაშინდელს ჰგავს, თუმცა ხელისუფლების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას კრიტიკული ზღვრისათვის ჯერ არ მიუღწევია. თანაც, ის, ვინც მთელი საპროტესტო განწყობების მობილიზებას ცდილობს, კიდევ უფრო ნაკლები ნდობით სარგებლობს. ატმოსფეროში უკვე ვიღაც მესამის მოლოდინი იგრძნობა. ვერ გეტყვით, რამდენად შეძლებს „ოცნება“, დღევანდელ მდგომარეობას თავი გაართვას. ჯერჯერობით მკვეთრი საკადრო ცვლილებებით ცდილობს სიტუაციის განმუხტვას.
როგორ საწყენადაც არ უნდა მიიღონ ეს სააკაშვილის მომხრეებმა, მაინც უნდა ვთქვა - ერთ დროს ეს იყო ძალზე ნიჭიერი და ენერგიული პოლიტიკოსი, მაგრამ, ვფიქრობ, ძალაუფლებით გამოცდას ვერ გაუძლო. ახლა კი მოუთმენლად ცდილობს ნებისმიერი რეალური თუ არარეალური შესაძლებლობა გამოიყენოს. არადა, დღეს ეს კიდევ მეტად აშორებს მიზანს. 2012 წლის არჩევნები ახალი ჩამთავრებული იყო, თავის მომხრეებს უკვე აპრილისთვის პირდებოდა რევანშს. მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში კვლავ და კვლავ იმეორებს თავის თავს. მისი ქცევის წესი იმთავითვე ასეთი იყო: ყოველთვის ეჩქარებოდა, მუდამ მყისიერად სურდა მაქსიმალური შედეგები.
ამან გაამართლა 2003 წელს და ამანვე საშუალება მისცა, წლების განმავლობაში შეენარჩუნებინა ძალაუფლება, თანაც საკმაოდ წარმატებულიც ყოფილიყო. მერე კი დადგა მომენტი, როდესაც ადამიანებს უკვე ღლიდა ეს მუდმივი აჟიოტაჟი, თანაც როდესაც ამას ძალაუფლებით ტკბობაც ერთვოდა. დღესაც ის შანსსაც არ აძლევს უბრალო ადამიანს, დაივიწყოს ის და ყურადღება დღევანდელი ხელისუფლების ავ-კარგზე გადიტანოს.
სამწუხაროდ, ძალაუფლებით გამოცდას ჩვენმა ვერც ერთმა მმართველმა ვერ გაუძლო. ისინი „ჭარბი ნდობის“ პრინციპით იქცეოდნენ მაშინაც კი, როდესაც მათი საქმე უკვე საკმაოდ ცუდად იყო. ჩვენც, საზოგადოების წევრებიც ხომ ჩუმად ვართ მანამ, სანამ უკიდურესად არ გავმწარდებით. არადა ამოცანა სწორედ ისაა, რომ, ერთი მხრივ, საზოგადოების, ხოლო, მეორე მხრივ ხელისუფლების, თუ, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის ურთიერთობა ეგზალტირებული სიყვარულისა და ეგზალტირებული სიძულვილის რეჟიმიდან რაციონალური და ფრთხილი დიალოგის რეჟიმში გადავიყვანოთ.
ხოლო, რაღაც მომენტიდან, პირველ რიგში, თავად ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ „გაცვდა“ და თავადვე უნდა იზრუნოს ასპარეზიდან უმტკივნეულოდ გარიდებაზე, ადმინისტრაციული რესურსებით და ძალოვანების დახმარებით არ უნდა შეეცადოს ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს სახელმწიფოებრივადაა საშიში. „ოცნების“ ხელისუფლება ჯერ ისევ „ნაციონალების“ ფონზე ინარჩუნებს თავს, მაგრამ ეს რესურსი არ არის ამოუწურავი. ვერ გეტყვით, მკვეთრი საკადრო ცვლილებებით ახალი ენერგიის მოკრეფის მცდელობა რამდენად შედეგიანი იქნება.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არაერთი აქცია გამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ამ აქციებზე იყვნენ მხარდმაჭერები, მაგრამ აქცია, რომლის ლოზუნგი იყო „ნუ მომკლავ“ და რომლიც მთლიანი ოპოზიციური სპექტრის მიერ იყო ორგანიზებული, არ იყო მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ და ვნახეთ აქციის ფინალიც. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება, რომელიც ითხოვს სამართალს, რატომ თქვა უარი ქუჩის აქციებზე და სარალიძის გვერდით დგომაზე?
– ვფიქრობ, ჩვენი რიგითი მოქალაქე უფრო ბრძენი აღმოჩნდა, ვიდრე პოლიტიკური სპექტრისა და მასმედიის საგრძნობი ნაწილი, პროცესების რევოლუციური განვითარების მოლოდინში რომ იყვნენ. ჩვენმა რიგითმა მოქალაქემ უახლესი წლების გამოცდილებიდან, თითქოს, უკვე ისწავლა, რომ სჯობს, ხელისუფლება „კედელთან მიყენებული“ გყავდეს, ვიდრე პროცესების რადიკალური განვითარებით ახალი ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდე.
ამ აქციაში მთელი ოპოზიციური სპექტრი ნამდვილად არ მონაწილეობდა. თანაც, პირველი დღიდანვე აშკარა იყო, რომ წამყვანი როლი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკურ მოკავშირეებს ეკავათ და მოქალაქე სწორედ ამან გარიყა. რიგითი მოქალაქე უკვე მგრძნობიარე აღმოჩნდა მცდელობის მიმართ, რომ მისი პროტესტი ვინმეს პოლიტიკურ კაპიტალად ექცია. „ნაციონალებს“ არ ჰქონდათ საკმარისი ნდობის რესურსი ამის გასაკეთებლად. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ შეასრულა „ოცნებისათვის“ მეხამრიდის როლი.
რაც მეტად ეცდებიან ისინი, რომ მათ გარეშე არ არსებობდეს არც პროტესტი და არც საზოგადოებრივი აზრის უბრალო დუღილი, მით უფრო გაამყარებენ „ოცნების“ მდგომარეობას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ რიგითი ადამიანი გამოსავალს ვიღაც ამ ორისგან განსხვავებულში არ დაინახავს. გაგახსენებთ, რომ 2002-2003 წლებში სწორედ ეს მოხდა. მაშინაც „მოქალაქეთა კავშირი“ და „აღორძინების კავშირი“ ცდილობდნენ პოლიტიკური ავანსცენის მონოპოლიზებას და ერთხანს შეძლეს კიდეც.
მოქალაქეს არ მიუტოვებია სარალიძე, როგორც სამართლისათვის მებრძოლი ადამიანი. მან მიატოვა სარალიძე, როგორც პოლიტიკური რიტორიკით მეტყველი მავანი. ყველაფერ ამასთან ერთად აღმოჩნდა, რომ მოქალაქეს უკვე სცოდნია, რომ სამართლის დამკვიდრებას ერთნაირად უშლის ხელს როგორც ხელისუფლებისა და სამართალდამცავთა უკეთურობა, ისე მცდელობა, რომ მიტინგმა გაარკვიოს მტყუანი და მართალი და, რომ ასე მხოლოდ ლინჩის წესის ზეიმს მივიღებთ.
აქცია, რომლის დევიზი იყო სამართლიანობის აღდგენა, გადავიდა პოლიტიკურ ჭრილში და გარკვეულწილად, ეს მოსალოდნელიც იყო. დადგა ხელისუფლების გადადგომის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებისთვის, რომელიც კარგავს რეიტინგს, რამდენად არის გამოსავალი ვადამდელი არჩევნები?
– დღეს „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს მოიგებდა თუნდაც იმ მიზეზით, რომ რეალური ალტერნატივა არ არსებობს. არ გამოვრიცხავ ამომრჩევლის პასიურობასაც. დღეს ის სიტუაციაა, რომელიც ვინმეს ხელისუფლების მდგომარეობის სტაბილურობის გარანტიად შეიძლება მოეჩვენოს. არადა, 2012-ში ვნახეთ, თუ როგორი მყიფეა ეს სტაბილურობა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს პროტესტის იმდენად გაღვივებას, რომ ასეთი საგანგებო ზომები გახდეს საჭირო. ვიმეორებ: საქართველოში არსებობენ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, პოლიტიკური ალტერნატივა. ამიტომაც, სამთავრობო ცვლილებები დღეს სრულიად საკმარისია სიტუაციის განსამუხტავად.
რომ არ ვთქვა, არ შეიძლება. ახლა, უკვე, თითქოს, თავად ხელისუფლება ზრუნავს საიმისოდ, რომ ჩვენმა მოქალაქემ უფრო ინტენსიურად დაიწყოს მავანი „მესამის“ ძიება. დაახლოებით 2012 -2015 წლებში ივანიშვილს ჯერ კიდევ შეეძლო თავისი პირადი სიმპათიებისა თუ პოლიტიკური გათვლების ისე შემოსვა, რომ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური საკადრო გადაწყვეტილებებიც მოსახლეობისათვის შეუმჩნეველი შედარებით იოლად რჩებოდა. დღეს კი, თუ მინისტრთა ახალი კაბინეტიც კვლავ ერთი პირის მიმართ „ჭარბი ნდობის“ იმედით დაკომპლექტდება, ამას კარგი არაფერი მოჰყვება.
2012 წელს „ოცნებას“ ასიათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი. მათ შორის იყვნენ ასეულები, რომლებიც საკმაო რისკზეც მიდიოდნენ. ამ უკანასკნელთა უკმაყოფილებას ვერავითარი ნდობა ვერ უშველის. თუ წინა ხელისუფლების დროს ხელისუფლება დასაქმების პოლიტიკას იყენებდა საზოგადოებრივივი აზრის კორექტირებისათვის, დღეს საკადრო პოლიტიკაში პოლიტიკურ ლოიალობაზე მნიშვნელოვანი ლიდერის მიმართ ლოიალობაა, ხოლო გარიყვის შედეგები ოჯახის წევრებზეც შეიძლება გავრცელდეს.
„ოცნება“ ჩამოყალიბდა ფეოდალურ ვერტიკალად, სადაც რეალური მმართველისა და ფორმალურად პირველი პირის ვინაობა ერთმანეთს არ ემთხვევა. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ასეთი ფეოდალურ პრინციპზე აგებული პოლიტიკური ერთეული ევროამერიკული სივრცისთვისაც მიუღებელი იქნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შესაცვლელია არა კადრები, არამედ თავად ფეოდალურ ვერტიკალს დაქვემდებარებული საკადრო პოლიტიკა. ვინც არ უნდა მოგვევლინოს პრემიერ მინისტრად, მას ხელ-ფეხი ექნება შეკრული, თუ კადრების საკითხი და ძირითადი სტრატეგიული საკითხები სადღაც სხვა კაბინეტში, სხვა წრის მიერ გადაწყდება. მოკლედ, ხატოვნად რომ ვთქვათ, იმ „მესამეს“ ახლა ორი მშობელი ჰყავს, არადა ორივეს ეჯავრება მომავალი მემკვიდრე.
პარლამენტის დრობითი საგამოძიებო კომისია უმცირესობის უმრავლესობით დაკომპექტდა. ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლების მიერ ეს არის პრობლემის აღიარებად, ნაწილი პირიქით „ქართულ ოცნებასა და „ევროპული საქართველოს“ შორის შემდგარ გარიგებაზე საუბრობს. ბატონო ზაზა, რა პოლიტიკური რელიეფი ჩამოყალიბდა ქვეყანაში და რამდენდ ლოგიკურად გეჩვენებათ ამ ორი პოლიტიკური ძალის სამთავრობო კოალიცია?
– თქვენ, ალბათ, არ გეხსომებათ და 80-იანი წლების ბოლოს მთელი ეროვნული მოძრაობა ორ ნაწილად იყო გაყოფილი: „ჭეშმარიტ“ და „არაჭეშმარიტ“ ეროვნულ მოძრაობად. კაცი ვერ გაიგებდა, რომელი რომელი იყო. საკმარისი იყო, ვინმე ხელისუფლებასთან რაიმე დიალოგზე წასულიყო, რომ მას მაშინვე „არაჭეშმარიტის“ დამღა დაედებოდა. მოქმედებდა თბილისური ძველბიჭური პრინციპი, სიგარეტ „პრიმას“ რომ არ ეწეოდნენ, წითელ კოლოფშიაო. ეს ტრადიცია ახლაც ხშირად გვახსენებს-ხოლმე თავს. ხელისუფლებასთან ნებისმიერი თანამშრომლობა მასთან ფარულ ალიანსად გაიაზრება. ალბათ, ადრე თუ გვიან, ჩვენც გავიაზრებთ, რომ მთავარ პრინციპებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გარეშე სახელმწიფო ვერ აშენდება. „ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ იმდენად განსხვავებული პოლიტიკური წარმონაქმნებია, რომ მათ შორის თანამშრომლობა მხოლოდ სიტუაციური თუ იქნება. მთავარია, ორივენი ამ დროს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურებოდნენ.
2016 წლის საპარლამენტი არჩევნებში სრული გამარჯვების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალური პასუხისმგებლობა იკისრა და ვფიქრობ, ახლანდელმა კრიზისმა მის ლიდერებს გაააზრებინა, თუ რამდენად სახიფათოა ასეთი გამარჯვება. ძირითადად ოპოზიციით დაკომპლექტებული კომისია იმის ნიშანია, რომ მმართველი პარტია რაღაცეებში მაინც ტოტალური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ცდილობს.
თუ ხელისუფლება და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, ვთქვათ, იგივე „ევროპული საქართველო“ ორივესთვის მისაღებ საპრეზიდენტო კანდიდატურაზე შეთანხმდებიან, ვფიქრობ, ეს კარგი იქნება „ოცნებისთვისაც“ და სახელმწიფოებრივი განვითარების აზრითაც. რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ამბავი, თითქოს ამგვარი კანდიდატურა არსებობდა - დავით უსუფაშვილზე ლაპარაკობდნენ. ის ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი კანდიდატურა.
არ არის გამორიცხული სხვა ვარიანტიც, სახელდობრ ის, რომ პრეზიდენტის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა იყაროს კენჭი. ერთი შეხედვით, არც ესაა ცუდი ვარიანტი. ის მაინც ასრულებს უზენაესი არბიტრის როლს „ოცნებაში“ და აჯობებს, თუ მისი როლი ღია და კონსტიტუციით განსაზღვრული იქნება. მაგრამ საეჭვოა, რომ ამგვარ ფორმალურ ფარგლებს დასჯერდეს.
ამ პროცესში როგორი იქნება გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური მომავალი, რომელიც აღიარებულია როგორც პროამერიკელი პოლიტიკოსი?
– საინტერესოა გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური მომავალი. ის დასავლეთისათვის „ოცნებაში“ საყრდენ ფიგურას წარმოადგენდა და მისი გამოცლა უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. ამ ადამიანზე შეტევა მიმდინარეობდა არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“, არამედ, როგორც ირკვევა, „ოცნებისგანაც“. „ნაციონალური მოძრაობის“ მოტივი გასაგებია, მის წარმომადგენლებს სურთ, რომ ევროამერიკული ორიენტაციის ერთადერთი წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში, რათა ამერიკელებისა და ევროპელების უპირობო მხარდაჭერით სარგებლობდნენ.
რაც შეეხება „ოცნებას“, ვხედავთ, რომ აქ მრავლად არიან ისეთებიც, ვისთვისაც რუსული სენტიმენტები ცოცხალია. ამას ემატება ივანიშვილის კარზე პირველობისათვის ბრძოლა და მრავალ საკითხთან დაკავშირებით კვირიკაშვილისა და ივანიშვილის უთანხმოება. კიდევ და კიდევ უნდა ვახსენო ლიდერის მიმართ ლოიალობის როლიც - როგორც აღმოჩნდა, გიორგი კვირიკაშვილის ლოიალობა უსიტყვო მორჩილების ხასიათს არ ატარებდა. მოსალოდნელია, რომ ახლა შეეცდებიან მისგან კორუმპირებული მოხელის პორტრეტი შექმნან. ასეა თუ ისე, ნიადაგი მზად არის ახალი პოლიტიკური კონფიგურაციების გამოსაკვეთად და უახლოესი თვეების განმავლობაში ბევრ სიახლეს უნდა ველოდეთ.