მზიურის პარკი ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიას დაუკავშირდება

მზიურის პარკი ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიას დაუკავშირდება

მზიურის პარკი ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიას დაუკავშირდება და ქალაქში ერთიანი საპარკო სივრცე გაჩნდება, რომელიც ქალაქის ცენტრში განთავსდება. სამაგიეროდ, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა და დენდროლოგიურ პარკთან ერთად ერთიან სივრცეში დაიდებს ბინას. კახა კალაძის ამ ინიციატივას სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე დედაქალაქში ერთიანი საპარკო სივრცის გაჩენას გონივრულ ნაბიჯად მიიჩნევს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ მზიურისა და ზოოპარკის დაკავშირება აუცილებელია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს კარგი იდეა წინააღმდეგობაში მოდის იმ დაგეგმილ ღონისძიებებთან, რომელიც ქალაქში არასწორად ხორციელდება. მაგალითად, ახლა მიმდინარეობს საქმის წარმოება, რათა გაიცეს მშენებლობის უფლება ვერეს ხეობაში, უშუალოდ რიყეში, მდინარის ჭალაში „იკეას“ გვერდითა ტერიტორიაზე, რაც არაფრით შეიძლება.

ზურაბ ბაქრაძის თქმით, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გაკეთებული საქმე და იმავე სააკაშვილის ინიციატივით მომზადებულ მიწის ნაკვეთზე ახლა მშენებლობის უფლების გაცემა სურთ, რაც კახა კალაძის იდეებთან წინააღმდეგობაში მოდის.

„რა თქმა უნდა, კარგია, თუ ერთიანი დიდი სივრცე იქმნება, მაგრამ ერთი ხელით რომ დიდ სივრცეს აკეთებ და იმას გინდა მიუერთო ყოფილი ზოოპარკი, მაშინ მეორე ხელით მშენებლობის უფლებას რატომ გასცემ იქვე მდებარე პარკში, რაც პარკს ანადგურებს?! ეს ხომ წინააღმდეგობრივი რამეა. ვერაზე ნაწილ-ნაწილ გაასხვისეს უამრავი ნაკვეთი, ამიტომაც აშენდა უამრავი შენობა, შემდეგ გაიყვანეს ავტომაგისტრალი, ე.ი. ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს სივრცე აღარ ყოფილიყო დიდი მწვანე სისტემის ნაწილი. ამიტომ, თუ კახა კალაძეს ასეთი კარგი საქმის გაკეთება უნდა, გააუქმოს ავტომაგისტრალი, დაანგრიოს იგი, არავის სჭირდება ეს მაგისტრალი და მაშინ დაიჯერებს ხალხი, რომ კალაძეს მართლაც უნდა პარკის გაკეთება. აკრძალოს ყველანაირი მშენებლობა პარკში, თუნდაც ის მშენებლობა, რომელიც დაგეგმილია „იკეას“ გვერდზე, გამოისყიდოს უკანონოდ გასხვისებული ტერიტორები. თორემ წვრილმანი საუბარი, რომ მივუერთებ ზოოპარკს ვერეს ხეობას და ამით ქვეყანას ეშველება, ცოტა გადაჭარბებულია. უფრო მეტიც, მე ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კალაძის პერიოდში გაიცა მშენებლობის ნებართვა ისეთ ადგილებსა და ისეთ შენობებზე, რომლებზე ნებართვის გაცემაც არაფრით შეიძლებოდა. ესეც კანონსაწინააღმდეგოა. მით უმეტეს, ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობამ სასამართლო დავები მოიგო და მერიამ მაინც გასცა ნებართვა. ეს არის ორი შემთხვევა ვაკეში - ატენის ქუჩასა და ჭავჭავაძის პროსპექტზე. ასეთი შემთხვევები კიდევ შეიძლება იყოს“, - აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ევროკავშირის „ტრასეკას“ პროექტის ექსპერტი გელა კვაშილავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ზოგადად, ყველა ქალაქში მთავარია, რომ მინიმალური მწვანე სივრცე, საპარკო სივრცე შენარჩუნდეს. განსაკუთრებით, ეს ეხება მჭიდრო ურბანულ დასახლებებს. ამიტომაც კარგია, რომ ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეიქმნება, რაც აუცილებელია ქალაქისთვის.

„მძღოლიც იგივე მოქალაქეა, რომელიც სუნთქავს, რომელიც ცხოვრობს ამ ქალაქში და გადაადგილდება მანქანით. ამიტომ ჩვეულებრივი მობინადრეების გარდა, მძღოლებისთვისაც აუცილებელია რეკრეაციული ზონების მოწყობა. აქცენტი უნდა გავაკეთოთ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებზე. პატარა მანძილზე, ერთ და ორ კილომეტრში, ადამიანები არ უნდა გადაადგილდებოდნენ ავტომობილით. არ არსებობს ქალაქი მსოფლიოში, რომელიც ყველა ავტომანქანას დაიტევს. ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა დაიფაროს ეს სივრცე და რეკრეაციული ცენტრები ახლოს, ხელმისაწვდომ არეალებში უნდა მოეწყოს. მწვანე სივრცეები ქალაქის არტერიაა და ეს არტერია უნდა შეინარჩუნოს ქალაქმა ზოოპარკისა და მზიურის შერწყმით“, - აღნიშნა გელა კვაშილავამ.