„ადამიანი უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა მანქანის ყოლა!?“

„ადამიანი უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა მანქანის ყოლა!?“

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების თვალსაზისით, სერიოზულ პრობლემას ქმნის ყვითელი ავტობუსები, ე.წ. მარშრუტკები და ძველი ავტომობილები. რა ბედი ელის ამ სამეულს და რის გაკეთებას აპირებს დედაქალაქის მერია, ამის შესახებ უახლოეს დღეებში გაირკვევა, როდესაც თბილისის მერი სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ კონცეფციას წარადგენს. ამ კონცეფციაში გაწერილი იქნება, თუ როგორ წარმოუდგენია დედაქალაქის მერიას პრობლემის გადაწყვეტა წლების მიხედვით.

ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი მერია შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ დედაქალაქში ჰაერი გასუფთავდეს, ამას არაფერი სჯობს. ყველანაირი კვლევით დადასტურებულია, რომ საქართველოში და, მათ შორის, თბილისში, ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ავტომობილებია. ამის დაძლევა კი შეიძლება ინდივიდუალური ავტოტრანსპორტის მოძრავი ერთეულების შემცირებით.

„ეს ერთადერთი გზაა, ამის ალტერნატივა არ არსებობს, უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი. ინდივიდუალურ ტრანსპორტს ცალმხრივად ვერ შევამცირებთ, ვერანაირ ეკონომიკურ ღონისძიებას ვერ გავატარებთ და ვერ ვაიძულებთ ხალხს, გადასხდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუკი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ განვითარდება და კომფორტული არ გახდება. ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, რომლითაც ინდივიდუალური ტრანსპორტის მოხმარება იქნება ძვირი, მოუხერხებელი. ამისგან განსხვავებით, იაფი და მოხერხებული უნდა გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ამ ღონისძიებებში აუცილებლად შევა ბენზინის ხარისხის აწევა და ევროსტანდარტის ბენზინის შემოტანა, შესაბამისად, ამას მოჰყვება ბენზინის გაძვირება, ასევე, სავალდებულო გახდება დაზღვევის შემოღება მანქანის მფლობელისთვის და ბეგარის შემოღება მანქანის ფლობაზე. აუცილებელია მანქანის იმპორტის დროს შეგნებულად ისეთი დასაბეგრი რეგულაციების შემოღება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა მანქანების (და არა დიზელზე მომუშავე მანქანების) შემოყვანას ქვეყანაში.

დიზელის ძრავებს უკვე კრძალავენ ევროპაში. მაგალითად, მიუნხენმა გამოაცხადა, რომ საერთოდ აღარ დაუშვებს დიზელის მანქანების მოძრაობას მიუნხენში. ამიტომ ჩვენთანაც დიზელის მანქანების შემოყვანა გაცილებით ძვირი უნდა იყოს, ვიდრე ბენზინის, ჰიბრიდის და ელექტრომანქანების შემოყვანა. რაც უფრო მავნეა მანქანა ჩვენი გარემოსთვის, მით უფრო ძვირი უნდა ღირდეს მისი შემოყვანა. ასევე, უნდა გაძვირდეს ძველი მანქანების შემოყვანა. ეს ყველაფერი გაზრდის ავტომობილების მოხმარების ფასს და ადამიანი დაფიქრდება, უღირს კი მანქანა ჰყავდეს? იქნებ, სჯობდეს, დააყენოს მანქანა ერთ ადგილას, რათა ამან არ გამოიწვიოს ზედმეტი ხარჯი ძვირი ბენზინის გამო. სამაგიეროდ, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, - აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.

მისივე მოსაზრებით, ამ ღონისძიებებს უნდა დაემატოს ტექდათვალიერება. გაუმართავი მანქანით გადაადგილება დაუშვებელი უნდა იყოს, ტექდათვალიერება უნდა გამკაცრდეს, რაც კიდევ უფრო გააძვირებს გაუმართავი მანქანით სარგებლობას.

რაც შეეხება ე.წ. მარშრუტკებს, ზურაბ ბაქრაძის აზრით, ისინი მართლაც ასაკრძალია, რადგან ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი გარემოსთვის. სამარშრუტო ტაქსები განსაკუთრებით აბინძურებს ჰაერს, თითოეულ „მარშრუტკაში“ კი იმდენად მცირე რაოდენობის ადამიანი ეტევა, რომ მისი წარმადობა ნაკლებია.

ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ დიზელზე მომუშავე ყვითელი ავტობუსებიც უნდა ჩანაცვლდეს, უკეთესია, შევცვალოთ გაზის ავტობუსებით, ან უარეს შემთხვევაში, ბენზინის ავტობუსებით.

„იმედია, კახა კალაძე ყვითელ ავტობუსებს მხოლოდ იმიტომ არ ჩაანაცვლებს, რომ ყვითელი ფერი მიშა სააკაშვილის ინიციატივასთან იყო დაკავშირებული. ალბათ, კალაძემ კარგად იცის, რომ ყვითელი ავტობუსები მუშაობენ დიზელზე, რაც აბინძურებს ჰაერს. ეტაპობრივად ყველგან უნდა მოიხსნას დამაბინძურებელძრავიანი მანქანები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა დიდ ქალაქებში, პირველ რიგში, თბილისში. ამიტომაც თბილისმა უნდა აკრძალოს ეს მანქანები, რადგან აქ ცხოვრება აღარ შეიძლება“.

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ევროკავშირის „ტრასეკას“ პროექტის ექსპერტი გელა კვაშილავა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანპორტის, ავტოპარკის განახლება უნდა იყოს ქალაქის მთავრობის პირველი პრიორიტეტი, რადგან ჰაერის დაბინძურება, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები და კერძო ავტომობილების რიცხვის ზრდა ყოველწლიურად საგრძნობია.

გელა კვაშილავას თქმით, კარგად გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გადაიყვანს მოსახლეობას თბილისის მჭიდროდ დასახლებული უბნებიდან ცენტრისკენ და არ იქნება შეფერხება პარკინგის ან სხვა თვალსაზრისით.

„გაზზე მომუშავე ლურჯი ავტობუსები უკვე შემოვიდა. გვინდა, პატარა ზომის ავტობუსებიც შემოვიდეს და სამარშრუტო ტაქსების განახლებაც მოხდეს. თუ საჭირო იქნება, დახმარებაც უნდა გაუწიონ სამარშრუტო ტაქსების კომპანიებს, რათა მათ ტაქსების პარკი ჩაანაცვლონ ჰიბრიდული სამარშრუტო ტაქსებით, ან ისეთი ავტომობილებით, რომლებიც მაქსიმალურად ეკოლოგიურად გამართული იქნება. ფინანსთა სამინისტრომ შეიძლება შესყიდვების დროს დღგ-სგან გაათავისუფლოს ეს კომპანიები, ან სხვა სახის დახმარება გაუწიოს იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით. თუ მათ არ წაახალისებენ, ხელს არ შეუწყობენ ამ სფეროს, ბუნებრივია, მარტო დოკუმენტების ამარა ვერ მოხდება ტრანსპორტის სფეროს განვითარება. მით უმეტეს, ჰიბრიდული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიაფდა. მართალია, ჰიბრიდული მანქანები დიზელზე მომუშავეებთან შედარებით 20-30%-ით მეტი ღირს, მაგრამ ჩვენ თუ მოვუხსნით მათ გადასახადს, ფაქტობრივად, იგივე ფასი გამოდის. მართალია, თავად კომპანია გასწევს ტრანსპორტის შეძენის ხარჯებს, მაგრამ ექსპლუატაციისას დანახარჯი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე დიზელისა და ბენზინის მანქანებზე“.