მსოფლიო მედია აჭრელდა ინფორმაციით, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. თავად დონალდ ტრამპმა კორეის ლიდერში უამრავი თვისება „აღმოაჩინა“. კიმ ჩენ ინი თურმე ჭკვიანი, ნიჭიერი, თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ღირსეული მომლაპარაკებელია და ეს ყველაფერი კარგი შეხამებაა. მას შესანიშნავი ხასიათიც ჰქონია და ტრამპს მასთან კარგი დღე გაუტარებია. ამასთან, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესანიშნავი ურთიერთობა განუვითარდება.
ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა სინგაპურში ამ შეხვედრის ჩასატარებლად. მანამდე კი იყო ორმხრივი მუქარები...
ჯერ კიდევ გასულ წელს ტრამპის მუქარა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ქობინები შეიმუშავა. იმ პერიოდში ტრამპი კორეას ცეცხლითა და მრისხანებით, პირისაგან მიწისა აღგვით დაემუქრა, რომელიც მსოფლიოს მანამდე არ ენახა. ეს მუქარა მაშინ შესრულდებოდა, თუკი ფხენიანის მხრიდან ვაშინგტონის მიმართ სერიოზული საფრთხე გაჩნდებოდა.
უფრო ადრე ფხენიანმა განაცხადა, რომ აშშ მთელი მსოფლიოსთვის საფრთხე იყო და ვაშინგტონს ბირთვული იარაღის გამოყენებით „მწარე გაკვეთილსაც“ დაჰპირდა.
რას ნიშნავს ჩრდილოეთ კორეის მოუთოკავ ლიდერთან შეხვედრა? შეძლო კი ტრამპმა მოწინააღმდეგის, ანუ კორეის ლიდერის მოთვინიერება და მხოლოდ პუტინი დარჩა მოუთვინიერებელი?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ომი არავის სურს და ეს ტრამპმაც მშვენივრად იცის. მართალია, ტრამპი მანამდე ბაქი-ბუქობდა და ისიც რეალობაა, რომ ომის შემთხვევაში, ამერიკას 3-4, მაქსიმუმ, 5 დღე ეყოფა ჩრდილოეთ კორეის გაქრობისთვის, მაგრამ თვითონ ამერიკასაც არ დაადგება კარგი დღე. ამერიკელები სხვანაირად აფასებენ თავიანთი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ამდენად, სულაც არ არის მითი, რომ ერთი ჯარისკაცის გადასარჩენად 2 მილიარდად ღირებულ ავიამზიდებს გზავნიან ამერიკელები.
„რიგითი რაიანის გადასარჩენად“, ეს ცხოვრებისეულია და არა თითიდან გამოწოვილი. ომის შემთხვევაში, თუკი, ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეაში დაიღუპებოდა ათი მილიონი კაცი, ამერიკაში დაიღუპებოდა ათი ათასი, მაგრამ ამერიკელებს არ უღირთ თავიანთი 10 ათასი ადამიანის სიცოცხლის გაწირვა ათი მილიონი მტრის საფასურად. კიმ ჩენ ინთან „დამოყვრებაც“ დროებითია, მაქსიმუმ, 5-6 თვე გაგრძელდება და ტრამპი ისევ აუყირავდება კიმ ჩენ ინს, რადგან ბირთვულ შეთანხმებას, განიარაღებას აქვს ერთი ძალზე გადაულახავი ბარიერი - შესრულების კონტროლი და ურთიერთნდობა. რატომ იყო, რომ თავის დროზე რეიგანსა და გორბაჩოვს ძალიან გაუჭირდათ ურთიერთობის დარეგულირება? მართალია, იმ დროს საბჭოთა კავშირსაც უნდოდა ბირთვული განიარაღება, ბირთვული შეიარაღების შემცირება, რადგან იგი ქვეყნის ეკონომიკას ჭამდა, ფინანსების 60% მიდიოდა შეიარაღებაზე, მაგრამ რუსები არ ენდობოდნენ ამერიკელებს. ისინი არ ენდობოდნენ ერთმანეთს და ეს შიში არსებობდა, რომ მოწინააღმდეგე მომატყუებს.
მართალია, ტრამპს ახლა შეუძლია თქვას, „ეტა პრეკრასნაია სდელკა“, მაგრამ ჯერჯერობით არავინ იცის, ის პოლიგონი კიმ ჩენ ინმა მართლაც გაანადგურა? იქ ხომ ჯერ არ შეუშვიათ საერთაშორისო დამკვირვებლები? კიმ ჩენ ინის ერთადერთი კოზირი ის რაკეტებია, ის ამ რაკეტებს იოლად შეელევა? როგორ ფიქრობთ, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის გორბაჩოვია? კიმ ჩენ ინს უნდა, დარჩეს ისევ ის კომუნისტური, დიქტატორული წყობა კორეაში. მას უნდა, რაკეტები ჩუმად დაიტოვოს, მაგრამ სანქციები მძიმე ტვირთია. მანდ ასეა საკითხი, ვინ ვის მოატყუებს. ტრამპს ჰგონია, რომ კი ჩენ ინს მოატყუებს, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ კიმ ჩენ ინი თუ მოტყუვდა, ჩინელები არ მოატყუებინებენ თავს, რადგან ჩინელებს ყოველთვის სჭირდებათ კიმ ჩენ ინი ამერიკელებისთვის საფრთხობელად“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისი მოსაზრებით, ჩინეთს რომ უნდოდეს, ჩრდილოეთ კორეის „დუხი“ არ იქნებოდა, შიმშილით ამოწყდებოდა ეს ქვეყანა. მით უმეტეს, რუსეთი არაფერს აღარ ყიდულობს ჩრდილოეთ კორეისგან, მარტო აკორდეონებს ყიდულობს და ეს ანეკდოტია, რადგან რუსეთში აკორდეონებს ვეღარ აკეთებენ?! ეს ხომ რუსების ეროვნულ-მუსიკალური ინსტრუმენტია?! ასე რომ, მთელი ექსპორტით ჩინეთთან არის მიბმული ჩრდილოეთ კორეა.
„დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა ხმამაღალი ნათქვამია. თავის დროზე ისტორიული იყო ჰენრი კისინჯერის შეხვედრა მაო ძედუნთან და ჯოუ ენ ლაისთან ნიქსონის შეხვედრა იყო ისტორიული. ტრამპის შეხვედრაც კიმ ჩენ ინთან ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მე ამას ისტორიულს ვერ ვუწოდებ. მაო ძედუნთან შეხვედრამ მსოფლიო შეცვალა, იმის შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირიც მიხვდა, რომ ის ერთი-ერთზე აღარ რჩებოდა ამერიკასთან და ჩინეთთანაც.
იმ პერიოდში მთელ საჭადრაკო დაფაზე ფიგურები შეიცვალა. დღეს ტრამპს უნდა, როგორმე გადაფაროს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტორი. მთავარი პროკურორის - რობერტ მიულერის ფაქტორი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია თეთრი სახლის ჭაღზე. მით უმეტეს, როცა ტრამპმა კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენა ევროპასთან ურთიერთობა და კანადასთან ურთიერთობაც გააფუჭა, რომელსაც შტატებთან პირობითი საზღვრები ჰქონდა“, - მიიჩნევს სოსო ცინცაძე და დარწმუნებულია, რომ ასეთ პირობებში ტრამპს სჭირდებოდა ხმაურიანი შეხვედრა, განსაკუთრებით, რიგითი ამერიკელების თვალში, რომლებიც ყოველდღიურად გაზეთს გადაშლიდნენ და კითხულობდნენ, რომ კიმ ჩენ ინმა გამოსცადა რაკეტა, რომელიც მიაღწევს სან-ფრანცისკომდე.
ამერიკელები ამის გამო შეშინდნენ, ტრამპი კი მათ ეუბნება, მე „სდელკა გავაკეთე“ კორეელებთან და ეს საშიში იარაღი აღარ იქნება. თუმცა კიმ ჩენ ინი არასდროს განიარაღდება. ასევე, ისტორიული იყო ირანთან შეთანხმებაც, მაგრამ დღეს ირანთან შეთანხმებისგან რა მივიღეთ?! უბრალოდ, შეიძლება, შეწყდეს დემონსტრაციული გამოცდები ფხენიანის მხრიდან, მაგრამ რაკეტებზე მუშაობა არ შეწყდება.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ შეხვედრაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა შედეგამდე მივიდნენ მხარეები. სავარუდოდ, ისინი დარჩნენ თავიანთ პოზიციაზე. საეჭვოა, ტრამპმა მჯიღი დაირტყას მკერდზე და თქვას, რა კარგი ყოფილა ჩრდილოეთ კორეა და როგორ ვცდებოდით მასთან ურთიერთობაშიო. არც ის არის მოსალოდნელი, რომ კიმ ჩენ ინმა ტრამპთან შეხვედრის გამო ჩუჩხეს (მარქსიზმის ჩრდილოკორეული ვერსია) რევოლუციის მონაპოვარი მოისროლოს.
„პირიქით, მათ საკმაოდ მკაცრი ტონით საუბარი ჰქონდათ, უბრალოდ, ტრამპმა დროებით შეწყვიტა კორეული ამერიკული წვრთვნები, რომელიც მიმართული იყო სამხედრო ძალის დემონსტრირებისთვის, თორემ ამერიკას არც სამხრეთ კორეიდან გამოუყვანია შეირაღებული ძალები, არც ეკონომიკური სანქციები მიუხსნია და არც აპირებს ჩრდილოეთ კორეასთან პოლიტიკური დიალოგისა და დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებას. ისინი ისევ არ ენდობიან ერთმანეთს, მთავარია, რომ შეხვდნენ და ილაპარაკეს, ესეც უკვე დიდი მიღწევაა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.