„ევროკავშირს ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ევროკავშირი დიდი ბიუროკრატიული მახინაა“

„ევროკავშირს ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ევროკავშირი დიდი ბიუროკრატიული მახინაა“

„საქართველოში 2008 წლის ომიდან ათი წლის შემდეგ ჩვენ არ ვჩერდებით და არ გავჩერდებით ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მისაღწევად“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა და ევროპარლამენტში გამოსვლისას რუსეთს შეახსენა, რომ ამგვარი სიტუაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

მოგერინის თქმით, რუსეთის ჩარევის გამო ევროკავშირის პროგრამაში სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობის ჩართვა ვერ ხერხდება. ეს ეხება სოფლის მეურნეობას, სოფლის განვითარებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობდა ნდობის აღდგენას ადამიანებს შორის.

ამავდროულად, ფედერიკა მოგერინი მიუღებლად მიიჩნევს რუსი სამხედროების გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ბარიერების აგებას. მართალია, ევროკავშირი ცენტრალური მოთამაშეა კონფლიქტის შედეგების მართვაში და მას სპეციალური როლი აკისრია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამო, მაგრამ საინტერესოა, აგვისტოს ომიდან ათი წლის თავზე შეეძლო თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი გაეკეთებინა საქართველოს დასახმარებლად სეპარატისტული რეგიონების დაბრუნების კუთხით. რამდენად დავცილდით თუნდაც ცხინვალის რეგიონს რუსეთის შეჭრიდან ათი წლის შემდეგ და შეგვიძლია თუ არა დავრჩეთ ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების იმედად?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ომიდან ათი წლის შემდეგ საქართველოსთვის სასარგებლოდ არაფერი შეცვლილა. ფედერიკა მოგერინის რიტორიკა უბრალო რიტორიკაა, რეალურად კი, მათ გაყინეს კონფლიქტი.

„ომიდან ათი წლის თავზე სიახლე ის არის, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს და, მით უმეტეს, სამხედრო მონიტორინგს, რასაც ევროკავშირის მისია ასრულებს, ისინი უბრალოდ, ასრულებენ ექვსპუნტიან შეთანხმებას, რომელიც დაიდო სამ ხელმძღვანელს შორის. კონფლიქტი გაყინულია, წინსვლას ვერ ვატყობ. ეს რეზოლუციებიც უბრალო რეზოლუციებია, მეტი არაფერი. ამ ფონზე ტრამპის გადაწყვეტილებამ, დიდ შვიდეულში მიიწვიოს რუსეთი, ყველა გააოგნა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და განმარტა, რომ ევროკავშირს შეეძლო ბევრად მეტი გაეკეთებინა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ ევროკავშირი არის ძალიან დიდი ბიუროკრატიული მახინა და ამ მახინამ სერიოზული პრობლემების შექმნა დაიწყო საკუთარი თავისთვის.

ამის დასტურია უნგრეთში არსებული ნაციონალისტური ტენდენციები, პრობლემა ლეგალურ მიგრაციასთან მიმართებით, ბრექსიტის პროცესი და სხვა. ეს ყველაფერი ევროკავშირში სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ძალიან კარგია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასე გვიჭერს მხარს და რუსეთს მოუწოდებს, დაიცვას ის პირობები, რაც მან დადო ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ. თუმცა, ზეწოლის მიუხედავად, ევროკავშირს არ შეუძლია, რუსეთს ეს გადაწყვეტილება შეასრულებინოს.

„რაც საქართველომ იწვნია აგვისტოს ომში, იმდენად მძიმე სამხედრო პოლიტიკური კატასტროფა იყო, რომ ომიდან ათი წლის გასვლაც ამას ვერ შეცვლის. ეს იყო უაღრესად სერიოზული მარცხი ქართული პოლიტიკის, რამაც უფრო დაგვაშორა ამ ტერიტორიას. მათ უკან რუსეთი დგას და სეპარატისტული რეგიონებიც დე იურედ ოფიციალურად არიან აღიარებულნი რუსეთის მიერ, როგორც სახელმწიფოები. საუბედუროდ, მსოფლიო პოლიტიკური სიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რუსეთმა ეს აღიარება უკან წაიღოს. სანამ გლობალურად არ შეიცვლება ვითარება, არ გვაქვს არავითარი შანსი, ამ ტერიტორიებზე ჩვენი იურისდიქცია გაგავრცელოთ. რეზოლუციები კარგია, ეს ნიშნავს, რომ არ იცვლება ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ და ეს ტერიტორიები კვლავაც აღიარებულია ქართულ ტერიტორიებად მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. რუსეთის მიმართ ზეწოლაც სულ უფრო იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკმარისი არ არის, რომ ვითარება შეიცვალოს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.