„რად გვინდა „იუნისეფის“ კვლევა, როცა მოსახლეობისთვის ყველაზე კარგი ინდიკატორი საკუთარი ჯიბე და მაცივარია?!“

„რად გვინდა „იუნისეფის“ კვლევა, როცა მოსახლეობისთვის ყველაზე კარგი ინდიკატორი საკუთარი ჯიბე და მაცივარია?!“

„იუნისეფის“ კვლევა ბოლო წვეთი იყო, რამაც მთავრობის თავდაჯერებულობა შეარყია. მმართველი გუნდის საგანგებო სხდომამ თავისი შედეგი გამოიღო და ყოფილი პრემიერი დაგვემშვიდობა. თუმცა ეკონომიკური პროფილის მოხელეების საქმიანობა კვლავაც ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

ამ კვლევის შედეგთა გაცნობა ქართველი ექსპერტებისთვის სიახლე არ ყოფილა. ისედაც ჩანდა, რომ ქვეყანაში ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი იზრდებოდა შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების მატების გამო. სპეციალისტებს არც ის გაუკვირდათ, რომ ბავშვები კვლავაც აღმოჩნდნენ ყველაზე დაუცველი ჯგუფის კატეგორიაში - ღარიბ ბავშვთა რაოდენობა 26,8%-დან 31,6%-მდე გაიზარდა; 14 ათასი ბავშვი ბაღში ვერ დადის, უფრო მოზრდილებს კი წიგნებიც არ აქვთ; ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში. არც ის არის გასაკვირი, რომ შინამეურნეობების 22,5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. უბრალოდ, ამ კვლევას გაცილებით მეტი წონა შესძინა იმ ფაქტმა, რომ ასეთი მძიმე დასკვნა „იუნისეფმა“ დადო.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „იუნისეფის“ შეფასება რომც არ იყოს, გვერდზე თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ ყველას უჭირს. სიღარიბე ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა საქართველოში, ეს აპრიორი ჩანს და იმდენად თვალსაჩინოა, ამას განსაკუთრებული კვლევა არც სჭირდება. ანალიტიკოსის აზრით, „იუნისეფის“ კვლევა კარგია, მაგრამ ეს მთავრობის მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს და მხოლოდ მაშინ არ უნდა ახსენდებოდეთ, როცა „იუნისეფი“, ან რომელიმე სხვა ავტორიტეტული ორგანიზაცია ასეთ კვლევებს ჩაატარებს.

„საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის შესახებ ჩვენმა მთავრობამ ისედაც იცის. უბრალოდ, ამ დღეებში მოხდა უცნაური ფაქტი, როცა დაიწყეს მითქმა-მოთქმა, თითქოს მთავრობის გადადგომას აანონსებდნენ და საბოლოოდ მივიღეთ, რომ თურმე „იუნისეფის“ კვლევა განუხილავთ მმართველი გუნდის შეხვედრაზე. ეს ძალიან არასერიოზული, არასოლიდურია, როცა მმართველი პოლიტიკური პარტია ასეთ რაღაცებს გვთავაზობს. რუსთაველზე რა მასკარადიც მოაწყვეს „ნაცებმა“, ამაში ხომ არ უნდა აყვნენ „ნაციონალებს?“ ზოგადად, „იუნისეფის“ კვლევის განხილვის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კვლევების განხილვას აქვს თავისი ფორმა. არასერიოზულია, როცა პოლიტიკური გუნდი იხილავს ასეთ კვლევას. ცოტა უფრო აკადემიური უნდა იყოს მოხსენება და სხვანაირი სიტუაცია სჭირდება ამის განხილვას“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, სიღარიბიდან თავის დაძვრენა შესაძლებელია სისტემური რეფორმებით ყველა მიმართულებით. ეს ეხება სოციალურ სფეროს, მმართველობით სისტემას, სამართალდამცავ ორგანოებს, მართლმსაჯულებას. ანალიტიკოსის აზრით, ყოფილ მთავრობას მეტი აქტიურობა უნდა გამოეჩინა და მეტი რისკი უნდა გაეწია. თორემ კვირიკაშვილი არაფერს აფუჭებდა, ბევრ რამეს აკეთებდა კიდეც, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. რეფორმების გატარებას პოლიტიკური რისკი სჭირდებოდა და სწორედ ასეთი მთავრობა გვინდოდა. თუმცა პოლიტიკური რისკის გატარების შესაძლებლობა რამდენად არის საქართველოში, ამაზე საუბარი დავით ზარდიაშვილს უჭირს.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს აინტერესებს, რად გვინდა „იუნისეფის“, „იუნესკოსა“ და ათასნაირი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა, როცა მოსახლეობისთვის ყველაზე კარგი ინდიკატორია საკუთარი ჯიბე და საკუთარი მაცივარი.

„იმ კვლევაში რომც ასახულიყო, თითქოს საქართველო მეორე შვეიცარიაა, ან თითქოს შვედეთს უახლოვდება და ნორვეგიას გაუსწრო, ამით განა შეიცვლებოდა ვითარება? ჩვენ გვაქვს სტაბილური გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობა“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან საუბარში.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე „იუნისეფის“ კვლევის დეტალებს არ იცნობს, არც ის იცის, რა მეთოდით ჩაატარეს მათ კვლევა, მაგრამ, თუკი „იუნისეფის“ კვლევას ვირწმუნებთ, გამოდის, რომ საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი ღარიბია. ეს კი რაღაცით „რუსთავი 2“-ის კვლევას ჰგავს, რომელიც გიორგი გაბუნიასთან ერთად ნიკა მელიამ შეაფასა, თითქოს თბილისში შობადობა შემცირდა და ეს ეკონომიკური მდგომარეობის ბრალია.

„წესით, შობადობა უნდა შემცირებულიყო სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ თბილისში შარშან შობადობა გაიზარდა და 2 ათასით მეტი ბავშვი დაიბადა წინა წელთან შედარებით. საქართველოში სიღარიბე არის, მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ ყოველ მეორე ადამიანს მანქანა ჰყავს თბილისში. ეს ნიშნავს, რომ, ასე თუ ისე, მოსახლეობა მაინც ცხოვრობს და მთლად შიმშილით არ კვდება, როგორც „ნაციონალები“ გვარწმუნებენ.

სოციოლოგიური შესწავლისას ყველაზე გავრცელებულია გამოკითხვის ორი სახეობა - ანკეტირება და ინტერვიუ. ინტერვიუს დროს მთავარია რესპონდენტზე გამომკითხველის სუბიექტური შეხედულების ზეგავლენის თავიდან აცილება. ინტერვიუერს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ინტერვიუ არ არის მეგობრული საუბარი, ინტერვიუერი გამოკითხვისას უნდა იყოს ნეიტრალური, არ უნდა უბიძგოს რესპონდენტს განსაზღვრული მიმართულებით პასუხის გაცემისკენ. სუბიექტური ზეგავლენის მოხდენა რესპონდენტზე შეიძლება ინტონაციით, ჟესტებითაც გამოხატო. შეიძლება, შენი ჟესტით აიძულო რესპონდენტი, ზუსტად ის პასუხი გითხრას, რაც შენ გაწყობს. სწორედ ასე ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვას „რუსთავი 2“ და პირადად გიორგი გაბუნია. მათ გამოკითხეს მხოლოდ ყველაზე ღარიბი და გაუბედურებული ფენა, რადგან ჩვენმა სახელმწიფომ ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყო, რომ ცხოვრების ნორმალური პირობები ჰქონდეს მთელ მოსახლეობას. უმეტესად ბაზრის გამყიდველებს ეკითხებოდნენ, რომელთაც ძალიან უჭირთ. რატომ არ გამოკითხეს ინტელიგენცია, მასწავლებლები, ინჟინრები, დიასახლისები?! მათი კითხვა შემდეგი იყო, „ასეთი მძიმე მდგომარეობის გამო უნდა გადადგეს თუ არა მთავრობა?!“ პასუხად იღებდნენ, „უნდა გადადგეს“. ამით „რუსთავი 2“-მა დაასკვნა, რომ თურმე მთელი საქართველო შიმშილობს“, - აცხადებს ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში.

დემოგრაფი „იმედის“ „პრაიმ შოუს“ კვლევაზეც საუბრობს, რომელიც სამეგრელოში ჩავიდა და, ასევე, ბაზრის მოვაჭრეები გამოკითხა. თუმცა იმ მოვაჭრეებიდან არავის უთქვამს, რომ არიქა, დაიქცა ქვეყანა და მშიერია მოსახლეობა. ეს ნიშნავს, რომ ორი გამოკითხვა სრულიად სხვადასხვა სურათს ხატავს.

სინამდვილეში, ანზორ თოთაძე ადასტურებს, რომ სიღარიბის დონე ქვეყანაში მაღალია, ვიდრე იყო თუნდაც გასულ წლებში, ან თუნდაც კომუნისტებთან შედარებით, როცა არავინ შიმშილობდა. იმ დროს ბავშვებს არ შიოდათ, ყველანი სკოლაში დადიოდნენ. ახლა კი, ცხადია, ლარის კურსის დაცემა მოქმედებს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. თურქეთშიც ახლახანს საშინლად დაეცა ეროვნული ვალუტის კურსი. ამის მიუხედავად, დემოგრაფს მიაჩნია, რომ საქართველოში მთლად ისეთი საგანგაშო მდგომარეობა არ არის, როგორც ზოგიერთები წარმოსახავენ.