მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის დასახელებისას ხაზი მის ეკონომიკურ განათლებას და გამოცდილებას გაუსვა. ეკონომისტი და ფინანსისტია წინა პრემიერიც, მაგრამ მისი თანამდებობიდან წასვლის საბაბიც სწორედ სოციალურ-ეკონომიკური უკუსვლა გახდა. მომავალი პრემიერის მიმართ ბიზნესის განწყობა ჯერჯერობით დადებითია.
„მთავარი კრიტერიუმი იყო მისი ეკონომიკური განათლება. მამუკა ბახტაძე კარგად იცნობს საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობას. მას განათლება „პრინსტონის“ უნივერსიტეტში აქვს მიღებული. კარგად იცნობს კერძო სექტორის საქმიანობას და რაც მთავარია, მას ეკუთვნოდა ის რეფორმები, რომელიც ჩვენი საზოგადოების მოწყვლად ფენებს ცხოვრებას უადვილებს. ესენია ის საგადასახადო რეფორმები, რომლებიც მან წარმოადგინა: მცირე ბიზნესთან დაკავშირებული ინიციატივები, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
ბიზნესიც კმაყოფილია ფინანსთა მინისტრის დაწინაურებით. როგორც მეწარმეები ამბობენ, მამუკა ბახტაძის ხედვა ეკონომიკის მიმართულებით ქვეყნის განვითარებაზე პოზიტიურად აისახება.
„ძალიან მომწონს ბახტაძის კანდიდატურა და დადებითად ვაფასებ მის ინოვაციებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საგადასახადო კუთხით, საბანკო სექტორის მხრივ. ეს უკანასკნელი, ნამდვილად ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას და საჭიროა გარკვეული რეგულაციების ქვეშ მოექცეს. იმედია პრემიერის რანგშიც ასეთი ხედვებით განაგრძობს მუშაობას“, - აცხადებს სამშენებლო დეველოპერული კომპანია GDG-ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე.
„მომწონს ახალი კანდიდატი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პრემიერი არ არის ქვეყანაში არსებული ვითარების გაუმჯობესებისთვის საკმარისი. საჭიროა მთლიანად გუნდი დაკომპლექტდეს შესაბამისი წევრებით და საერთო ჯამში იყოს მათი მუშაობა ეფექტური. რაც შეეხება კონკრეტულად მამუკა ბახტაძეს, შესაძლოა, მას გარკვეული დაბრკოლებები შეხვდეს და იმედია, ამ სირთულეებს წარმატებით გადალახავს“, - აღნიშნავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი.
„ვუყურე მის გამოსვლას და მან ის პრიორიტეტები რაც დაასახელა, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. მამუკა ბახტაძე ახალგაზრდაა და ის შემართულია. ყველა მის მიერ დაანონსებული რეფორმა ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დადებითად უნდა შევაფასოთ. ვურჩევდი, რომ ბიზნესში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეტად ჩაერთოს“, - ამბობს „კომერსანტთან“ კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
ეკონომიკის სფეროს ექსპერტების აზრი კი ორად არის გაყოფილი, ნაწილს ახალი პრემიერის ეიმედება, ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მამუკა ბახტაძე არის სოლიდური, არ არის გასვრილი პოლიტიკურ ინტრიგებსა და თამაშებში, ეს კი უდავოდ პლუსია მისთვის. ამიტომ მისი დასახელება პრემიერობის კანდიდატად დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე ლოგიკური და მისაღები გადაწყვეტილებაა.
„ვფიქრობ, ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა. თუკი ბოლო პერიოდში დავაკვირდებით მის ინიციატივებს, ბახტაძე რეფორმატორად მოგვევლინა მისი არც თუ ისე დიდი ხნის მინისტრობის პერიოდში, იგივე ბიზნესმენებთან ურთიერთობის ან საგადასახადო კუთხით. მე ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. უნდა დაველოდოთ როგორ მინისტრთა კაბინეტს შემოგვთავაზებს. ჩემი აზრით, ეს იყო იმ მოცემულობიდან, სადაც ვცხოვრობთ, საუკეთესო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ეკონომისტ გიორგი პაპავას თქმით, რადგან არ ვიცით, მმართველ გუნდში ზუსტად ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, აქედან გამომდინარე, როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება პრემიერობის შემთხვევაში მამუკა ბახტაძეს, რთული სათქმელია.
„პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო, მაგრამ ბოლოს გარკვეულ ცვლილებებს მამუკა ბახტაძე ახორციელებდა. თუ ქვეყანაში ვერ გაგვიგია, ვინ არის მმართველი, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ვის ჰქვია მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი?! მაგალითად, ბოლო პერიოდში საფინანსო სფეროში ბახტაძის მიერ დაანონსებული ცვლილებები რეალურად მის საქმეს არ წარმოადგენდა და ეს ინიციატივები ეროვნული ბანკისგან უნდა წამოსულიყო.
მეორე მხრივ, საკმაოდ მემარჯვენე მიდგომა იყო, როცა ფინანსთა სამინისტრომ მცირე ბიზნესს გადასახადი შეუმცირა და საგადასახადო აღრიცხვა მოაწესრიგა. კონკრეტულად მამუკა ბახტაძის შეფასება გამიჭირდება. ვიცით, რომ ის საქართველოს რკინიგზაში იყო და რბილად რომ ვთქვათ, კარგი შედეგები არ ჰქონია. შემდეგ ვნახეთ ფინანსთა მინისტრის პოსტზე, სადაც გარკვეული ცვლილებები მისასალმებელი იყო“, - განაცხადა გიორგი პააპვამ.