რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე ახალი სტანდარტი წესდება. საქმე ეხება აქციზების დატანისა და აღრიცხვის კომპონენტს. ახალი სისტემა გულისხმობს თითოეული ბოთლი სასმელისთვის ნომრის მინიჭებას, ანუ მარკირებას, შემდგომ უკვე ბოთლების მიხედვით ყუთზე ხდება მარკირება, შემდეგ კი პალეტზე.
რუსეთი ქართული ღვინის ყველაზე დიდი მომხმარებელია. 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან სულ 17,7 მლნ ბოთლის ექსპორტი განხორციელდა და აქედან 11,5 მლნ რუსეთში გადაიგზავნა. ამიტომ მეზობელ ქვეყანაში დაწესებული რეგულაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. მთავარი კითხვა კი ასეთია: გაძვირდება თუ არა რუსეთში ქართული ღვინო?
„კორპორაცია ქინძმარაულის“ წარმომადგენლობაში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის ბაზარზე ღვინის იმპორტზე ახალი რეგულაციის დაწესება ქართველ მწარმოებლებს პროდუქციას გაუძვირებს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ნუგზარ ქსოვრელის განცხადებით, მათ ეს ნაკლებად შეეხება, რადგან ექსპორტში რუსეთის ბაზარს მცირე წილი, სულ 8% უკავია, მაგრამ სხვებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აქციზების აღრიცხვის რეგულაცია მკაცრდება, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც რუსეთში ღვინო შეაქვს. ახალი რეგულაციით, სააქციზო მარკა, ბოთლის გარდა, ყუთზეც უნდა იყოს მითითებული, რითაც ღვინო შედის. ეს პროდუქციას გააძვირებს, რადგან ყუთს უკეთდება აქციზური მარკა, რასაც ცალკე აღრიცხვა და სპეციალური აპარატურა სჭირდება, ასევე მუშახელი, ვინც შეასრულებს ამას.
ჩვენ დიდად არ გვეხება რუსული რეგულაციები, რადგან იგი კომპანიის მნიშვნელოვანი ბაზარი არ არის. მეზობელ ქვეყანაში მცირე რაოდენობით ღვინო გაგვაქვს“, - განაცხადა ქსოვრელმა.
რუსეთის მიერ ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე კონტროლის გამკაცრებას „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ერთი მხრივ პოზიტიურად აფასებს, თუმცა გასაწევ ხარჯზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა კომპანიამ ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად წარმოებაში გარკვეული ინვესტიციები განახორციელა.
„ცვლილების შესახებ დაახლოებით 6 თვის წინ ვიყავით ინფორმირებული. ჩვენთვის ეს, ერთი მხრივ, ახალ ხარჯთან არის დაკავშირებული, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთის ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე უფრო მეტი კონტროლის საშუალება იქნება. ყველა გადადგმულ ნაბიჯში უნდა დავინახოთ პოზიტივი. რაც შეეხება დანახარჯებს, თითო ჩამოსასხმელ ხაზზე სისტემის მონტაჟი 25-30 ათასი ევრო ჯდება“ - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ზურაბ ჩხაიძემ.
2018 წლის პირველ კვარტალში, ქართული ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან, მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.