აწ უკვე გადამდგარი პრემიერის მოღვაწეობას ეკონომისტები და ბიზნესმენები სხვადსხვაგვარად აფასებენ. ბიზნესი გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობით კმაყოფილია, ხოლო ექსპერტები უფრო სკეპიტკურად არიან განწყობილნი. რაც შეეხება მომავალს, აქ დასკვნებისგან ყველა თავს იკავებს.
ეკონომისტების დაასკვნით, ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ რრთულ მდგომარეობაშია და მას მხოლოდ პრემიერის ან თუნდაც რამდენიმე მინისტრის შეცვლა ვერ გამოაცოცხლებს.
„ეკონომიკაში რომ პრობლემებია მთავრობამ ეს აქამდეც იცოდა, წლებია ამის წინაშე ვდგავართ. მხოლოდ პერსონის შეცვლა შედეგს ვერ მოიტანს თუ არ გატარდება მყისიერი რეფორმები. კერძოდ, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რადგან საკუთრების დაცვის გარეშე ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები ვერ განხორციელდება. ასევე ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული ინვესტიციების მოზიდვაზე, რასაც ერთი მხრივ ესტონურმა მოდელმა ხელი შეუწყო, მეორე მხრივ კი ეს მოხდა აქციზის განაკვეთის ზრდის ხარჯზე. საჭიროა მეტად ლიბერალური საგადასახო პოლიტიკა“, - აღნიშნა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.
ეკონომიკის დარგის ექსპერტი, გია ხუხაშვილიც ამბობს, რომ პერსონების ცვლილებება ქვეყანაში არსებულ კრიზისულ ვითარებას ვერ გამოასწორებს.
„აქ პერსონები კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ ქვეყანაში კრიზისია და ეკონომიკა სეროზული სტაგნაციის წინაშეა. პრემიერის გადადგომა ამას არ უშველის, თუ მთლიანი მართვის სისტემა არ გახდება ეფექტური. ხელისუფლებაში ყოფნა არის სოლიდარული პასუხისმგებლობა და აუცილებელია მინისტრთა კაბინეტის სწორად დაკომპლექტება.
რაც შეეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, რომ იყო შიდა დაპირისპირება, ვფიქრობ, ამაზე დღეს არ უნდა ესაუბრა, თუმცა ესეც გასაგებია სტრესული მდგომარეობის გათვალისწინებით. მან თავს უფლება მისცა იმაზე მეტი ელაპარაკა, ვიდრე პოლიტიკოსი უნდა საუბრობდეს ასეთ დროს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატვების შესახებ განცხადება 13 ივნისის საღამოს გააკეთა. მან თავის სიტყვით გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა მისი მეთაურობით გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ მთავრობამ შეგნებულად მიიღო ეკონომიკური პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიღო მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ „სათანადოდ ვერ აისახა მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებზე“.
ექსპერტებისგან განსხვავებით პრემიერის მუშაობას დადებითად აფასებენ ბიზნესმენები. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა სასარგებლო არავისთვის იქნება.
„სიმართლეს, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილმა, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. მისი გადადგომა არავისთვის იქნება სასარგებლო. ბიზნესში მის მიმართ ყველა პოზიტიურად იყო განწყობილი. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც 1 საათის წინ საუბრობდნენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არის შეუძლებელი, რომ ის არის დადებითი პიროვნება, მერე სხვანაირ განცხადებებს აკეთებენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პოლიტიკოსები იტყუებიან. ამდენი არასწორი ინფორმაცია, არსად გამიგია. ქვეყანა ამით არ დაინგრევა, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ მე მეწყინა, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოიყენა.
კვირიკაშვილის პოტენციალი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ჩვენ ვნახეთ. გადახედეთ თუნდაც მის მოღვაწეობას ქვეყნის გარეთ. მას არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა ნებისმიერ სახელმწიფო მოღვაწესთან საგარეო ურთიერთობებში. გიორგი კვირკაშვილი იყო ევროპული სტანდარტის პრემიერი“, - განაცხადა ჭყონიამ.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი კი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი პრემიერობის დროს ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და ბიზნესისთვის ბევრი წინსვლა იყო.
„მისი პრემიერობის დროს ბიზნეს ხელშეწყობა ჰქონდა, განსაკუთრებული მხარდაჭერა მიიღო მეღვინეობის დარგმა, მაგალითად, რთველის დროს, საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსებისას და ა.შ. გარდა ამისა, იყო წვდომა ისეთ საბანკო პროდუქტებზე, რომელშიც სახელმწიფო გარკვეულ თანადაფინანსებას ახდენდა. გიორგი კვირიკაშვილის პერიოდში ბიზნესი განვითარდა“, - განუცხადა „კომერსანტს“ მარგველაშვილმა.