„ბოლოს და ბოლოს, დე გოლიც მობეზრდა ხალხს, რომელმაც არაფრისგან სახელმწიფო შექმნა“

„ბოლოს და ბოლოს, დე გოლიც მობეზრდა ხალხს, რომელმაც არაფრისგან სახელმწიფო შექმნა“

თეა წულუკიანის ხისტი პოზიციის მიუხედავად, არასამთავრობოები არ ისვენებენ. სამოქალაქო აქტივისტებმა ერთგვარი ფლეშმობი დაგეგმეს და დააანანონსეს, რომ წულუკიანს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გადადგომის მოთხოვნით ასობით წერილს გაუგზავნიდნენ. წერილში ჩამოთვლილი იქნებოდა ბრალდებები იუსტიციის მინისტრის მიმართ. კერძოდ ის, რომ იგი პირადად იყო პასუხისმგებელი სამართლის სისტემაში განუხორციელებელ რეფორმებზე, რასაც წლებია, საზოგადოება ითხოვდა.

ასევე, წულუკიანს შეახსენებდნენ, რომ ის იყო პასუხისმგებელი კბილაშვილის, ფარცხალაძის, ბადაშვილის, შოთაძის დანიშვნაზე და სხვა უვარგის საქმიანობაზე.

მედიის ინფორმაციით, მმართველი გუნდის საგანგებო სხდომაზე დიდი „რაზბორკა“ ყოფილა, სადაც არა მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ ბრალდებები არ დაიშურეს, არამედ თეა წულუკიანსაც დელიკატურად საფრანგეთში ელჩობა შესთავაზეს, რაც მან იუარა. წულუკიანის არგუმენტი ასეთი ყოფილა, რომ, თუ ადრე მისი გადადგომის სურვილი არ დააკმაყოფილეს, ამჯერად მის გადაყენებას თავად გადაყვებოდნენ.

როგორ აფასებენ წულუკიანის მოღვაწეობას ქართველი პოლიტოლოგები.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს წულუკიანის შესახებ საუბარი ცოტა უჭირს, რადგან იგი მისი სტუდენტი იყო და ოთხი წლის განმავლობაში დიპლომატიურ აკადემიაში მის თვალწინ იზრდებოდა. For.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ თეა წულუკიანი ბრწყინვალე სტუდენტი, ჭკვიანი გოგო იყო, მაგრამ ერთია კარგი სტუდენტობა, ანალიტიკური აზროვნება და მეორეა, რომ, პირდაპირ ვთქვათ, იგი ვერ მოერია ამ მაფიას-სასამართლოს, პროკურატურას, ამისთვის მას რაღაც არ ეყო.

ამდენად, პოლიტოლოგის აზრით, თეა წულუკიანი თავიდანვე არ უნდა დათანხმებოდა ამ თანამდებობას, მით უმეტეს, როცა იუსტიციის მინისტრს ასე გაუფართოეს პრეროგატივა. ზოგადად, სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და, შესაძლოა, თეას გულწრფელად სჯერა, რომ მისი გადადგომა დღეს მისდამი უმადურობა იქნება, მაგრამ, ასევე, განაწყენებული უნდა იყოს ეკა ბესელია, რომელიც პოლიტბიუროდან გაიყვანეს.

„ბოლოს და ბოლოს, დე გოლიც მობეზრდა ხალხს, დე გოლი, რომელმაც არაფრისგან სახელმწიფო შექმნა და საფრანგეთს დაუბრუნა ლუი მე-14-ის დროინდელი დიდება. ხალხს იგი უსამართლოდ მობეზრდა, ისიც ადგა და წავიდა. თუმცა არავინ აიძულებდა გადადგომას და მომხრეები უფრო მეტი ჰყავდა, ვიდრე მოწინააღმდეგეები. ელემენტარულად, როდესაც რეფერენდუმზე გაიტანა საკითხი და იქ ხალხის იმ რაოდენობამ არ დაუჭირა მხარი, რასაც მიჩვეული იყო, ანუ 70 და 80%-მდე, მაშინ მან თქვა, მე ფრანგებს მოვბეზრდი და მე ფრანგები მომბეზრდნენ, ჩემი კონტრაქტი ფრნგებთან გაწყდა. იგი ჩუმად წავიდა, არავითარ პრეზიდენტის სავარძელს არ ჩაბღაუჭებია. სამაგიეროდ, დღეს მისი სახელობის აეროდრომები, მოედნები არსებობს, ამერიკაშიც კი ქუჩებს, ქალაქებს არქმევენ მის სახელს. ქართველი „დე გოლები“ კი არ მიდიან, რადგან ესენი დე გოლები არ არიან. მე არ ვიცი, წულუკიანს შესთავაზეს თუ არა გადადგომა და საფრანგეთში ელჩად წასვლა, მაგრამ ელჩობა გრძელდება 3-4 წელიწადს. ახალგაზრდა ადამიანი 4 წლის მერე შეიძლება პარლამენტშიც არ შეიყვანონ, ისიც შეიძლება, სხვა ხელისუფლებაც მოვიდეს. თუ ჩვენ მართლაც დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და „ევროპა-ევროპას“ ვიძახით, აბა, ერთი დამისახელონ ევროპის რომელიმე ქვეყნის მინისტრი, რომელიც 6 წელი იყოს მინისტრი. ვერ მეტყვით ასეთ მინისტრს, რადგან არ არსებობს. იტალიაში ყოველ კვირას იცვლებიან მინისტრები. ამიტომ პოლიტიკოსი ამისთვის მზად უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში შევარდნაძის მერე პოლიტიკოსი არავინ გვყოლია. მიშა იყო ერთი პოლიტიკოსი, მაგრამ ისიც თავისებური. ამიტომაც ამათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ერთ დღეს უთხრან, გეყოფათ თანამდებობაზე ყოფნა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე განმარტებით, საინტერესოა, რატომ არავინ ითხოვს სერგეენკოს ან კახიშვილის გადადგომას? გამუდმებით რატომ ითხოვენ კვირიკაშვილის, ქუმსიშვილის, წულუკიანის გადადგომას? იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ ამართლებს ხოლმე „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“. ამდენად, თუნდაც იმავე მთავრობის სხდომებზე ამ მინისტრებს გვერდით რომ უზით სერგეენკო და კახიშვილი, ნუთუ ერთხელ მაინც საკუთარ გულში არ ჩაუხედავთ და არ უფიქრიათ, კი მაგრამ, სერგეენკოსა და კახიშვილის გადადგომას რატომ არავინ არ ითხოვს? არც „ნაციონალი“, თვით შალვა ნათელაშვილიც კი არ ითხოვს? ამ დროს კი ყველა ითხოვს მათ გადადგომას. ამაში გარკვეული ლოგიკა არის.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თეა წულუკიანის მხრებზეა ის, რომ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ კოტე კუბლაშვილი და ძველი ჩონჩხები ბრუნდებიან ამ სისტემაში. რისთვის სჭირდება მას ეს ჩონჩხები, არავინ იცის, თუმცა ამ ჩონჩხების გამოჩენა არის სახელმწიფოებრიობისთვის კიდევ ერთი მძიმე დარტყმის მიყენება.

„კოტე კუბლაშვილის სასამართლო სისტემაში დაბრუნება იგივეა, რომ გებელსი დაბრუნებულიყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკურ სისტემაში. გვესმის, რომ დაბრუნდა კოლექტიური მურუსიძე, მაგრამ, თუ დაბრუნდება კუბლაშვილი, ეს ფაშისტი მოსამართლე, მაშინ იარაღით უნდა გავყაროთ ეს სასამართლო სისტემა და მთელი იუსტიციის საბჭო. კუბლაშვილი დაგიჯდება სასამართლო სისტემაში, თუ ბოკერია, რა მნიშვნელობა აქვს?! მაშინ მე მათ ვუცხადებ პარტიზნულ ომს, მივიღებთ უკვე ჩე გევარას სტრატეგიას და, როგორც ჩე გევარა შევიდა კუბაში და დაამხო ბატისტას რეჟიმი, ისე დაემხობა ასეთი რეჟიმი. თუ გვინდა, საერთოდ დავასამაროთ ქართული სახელმწიფოებრიობა, მაშინ მოვიყვანოთ ჩონჩხები, სააკაშვილის, კუბლაშვილის და ბოკერიას სახით და უკვე ვთქვათ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა აღარ სჭირდება. მაშინ შევიდეთ თურქეთის ან რუსეთის დაქვემდებარებაში. ეს უკეთესი იქნება, ვიდრე ამ სამი მონსტრის მოსვლა სათავეში. ამიტომ თეა წულუკიანმა უნდა გაიაზროს თავისი მოღვაწეობის შედეგი“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით მთავრობა რომ იცვლებოდეს, მაშინ ქვეყანა ჩალით დახურული გამოვა. არასამთავრობოებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი აზრი თუნდაც იმავე თეა წულუკიანის მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი და არსებითია ის, რამდენად აქვს ნდობა ამ მთავრობას პარლამენტში. მთავრობას ცვლის არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ საქართველოს პარლამენტი, უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანო, რომელიც ქართველი ერის ინტერესებს გამოხატავს.

„წულუკიანზეა დამოკიდებული, გაუძლებს თუ არა არასამთავრობოების ზეწოლას. ჯერჯერობით არ არის იმის ნიშანი, რომ ვერ გაუძლებს. სამართლებრივად წულუკიანს არავითარი როლი ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ აქვს. ის, რომ პროკურატურაში ხარვეზებია, ეს ცხადია, მაგრამ ამის გამოსწორებას დრო სჭირდება. წულუკიანმა ყველაფერი ვერ გამოასწორა, რა პრობლემებიც იყო დაგროვილი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღევანდელი პროკურატურა ძალზე განსხვავდება ძველი პროკურატურისგან. ასე რომ, წულუკიანს მეტი რა უნდა მოსთხოვო?!“