საპენსიო რეფორმის თაობაზე ისევ არაფერია ჩამოყალიბებული. ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტში უკვე მიმდინარეობს მთავრობის პროექტის განხილვა და ამავე დროს უმრავლესობის ერთმა ჯგუფმა ალტერნატიული ვარიანტი წარმოადგინა.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ მთავრობისეული კანონპროექტის მიხედვით, 40 წლამდე პირებისთვის საპენსიო ფონდში შენატანების გაკეთება სავალდებულო იქნება.
რაც შეეხება შენატანის ოდენობას, ფონდში ხელფასის 2 პროცენტს დასაქმებული შეიტანს, 2 პროცენტს – დამსაქმებელი, ხოლო 2 პროცენტს – სახელმწიფო.
„რეფორმის პირველი მიზანი არის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული პენსია, მეორე - ამ რეფორმით ჩვენ მივიღებთ დადებით ეკონომიკურ ეფექტს, რადგან განვითარდება კაპიტალის ბაზარი, საგარეო ვალი ჩანაცვლდება შიდა რესურსით, რაც ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ჩვენ ამ რეფორმით შემოვიღებთ ისეთ მექანიზმებს, რომლებიც მაქსიმალურ გარანტიას მისცემენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ დაიკარგება მათ ანგარიშებზე აკუმულირებული დაგროვებითი პენსია და მათ უზრუნველყოფილი ექნებათ ღირსეული სიბერე“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ.
როგორც აღვნიშნეთ, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობაშიც აზრთა სხვადასხვაობაა. კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია უკვე წარადგინა ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატებმა“. უმრავლესობის დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მათი პროექტი განსხვავებულია და უკეთ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საპენსიო მიმართულებით ქვეყანაში არსებობს.
„პირველი ძირითადი განსხვავება არის ის, რომ ჩვენი საპენსიო რეფორმის მიხედვით, პირველივე წელს, ამოქმედდება თუ არა სისტემა, მოქალაქეები მიიღებენ გაზრდილ პენსიას. მეორე განსხვავება ეფუძნება სოლიდარობის პრინციპს, ანუ ვინც დაბალშემოსავლიანია, ის მიიღებს შესაბამისად პროპორციულად უფრო მაღალ პენსიას, გამომდინარე იქედან, რომ უთანასწორობაა ქვეყანაში და ეს საპენსიო ასაკში მაინც უნდა შემცირდეს. მესამე განსხვავება არის, რომ აღნიშნული ფონდი ჩვენი ვარიანტით არის ბევრად მდგრადი და უფრო მეტი ფული გროვდება. შესაბამისად, საინვესტიციოდაც ბევრად უფრო მეტი რესურსია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ ალტერნატიული ვერსიით, პენსიის დაგროვების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია.
როდესაც რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობაშიც კი წინააღმდეგობაა, რა საკითხავია, რომ ოპოზიცია კატეგორიულად ემიჯნება დაწყებულკ პროცესს. „ევროპული საქართველო“ მთავრობის მიერ წარმოდგენილ საპენსიო რეფორმის არსებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. უმცირესობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ დაგროვებითი პენსიის რეფორმის განხილვა 6 თვეა მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მთავრობას კონკრეტული რიცხვები არ წარმოუდგენია, თუ როგორ იმუშავებს რეფორმა.
„მთავრობამ ვერ წარმოადგინა რიცხვებში დასაბუთება, თუ როგორ მუშაობს ეს რეფორმა და ვერ გასცა მთავარ კითხვაზე პასუხი - დღეს მასწავლებელი, რომელიც არის 30 ან 35 წლის და აქვს 450 ლარი ხელფასი, რა ექნება პენსია, როცა გავა პენსიაში. ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს მთავრობას და ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ეს რეფორმა არაფერს არ აძლევს დღეს მოქმედ პენსიორებს. ის 40 წელს ქვემოთ ადამიანებში გაზრდის უმუშევრობას და ექნება უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„ევროპული საქართველო“ არ ემხრობა ასევე დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვის სავალდებულო პრინციპს.
„როცა ქვეყანაში იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ადამიანებს ექნებათ შემოსავლები, ისინი მთავრობაზე ჭკვიანები არიან და თუ მათ შეუძლიათ დაზოგვა, ისინი თავიანთი სიბერისთვის ნებაყოფლობით დაზოგავენ, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ, რომ საბაზო პენსია გაიზარდოს, მაგრამ ამის ზემოთ თუ ვინმეს უნდა დაზოგოს, დაზოგოს არა მთავრობის კარნახით და მთვრობის წნეხის ქვეშ, არამედ ნებაყოფლობით. იმდენი, რამდენიც მას დღეს შეუძლია“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.