ცქიტიშვილი, ბახტაძე თუ ივანიშვილი - „ოცნების“ პრემიერი დღეს დასახელდება

ცქიტიშვილი, ბახტაძე თუ ივანიშვილი - „ოცნების“ პრემიერი დღეს დასახელდება

რამდენიმე საათში ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი დასახელდება. ამ ეტაპზე მედიაში პრემიერ-მინისტრის ორი სავარაუდო კანდიდატი სახელდება - ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე. უმარავლესობის წევრები ღია საუაბარში აცხადებენ, რომ წინასწარ კანდიდატებზე ვერ ისაუბრებენ, ახალ პრემიერზე პარტიის სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც 17:00 საათზეა ჩანიშნული და სწორედ აქ გადაწყდები ვინ გახდება ახალი პრემიერ-მინისტრი, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ პარტიას ამ დრომდე არ ჰქონია კომუნიკაცია პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, შესაბამისად, მათთვის ამ დრომდე უცნობია ვის წარადგენს ივანიშვილი. დეპუტატები არ იმას გამორიცხავენ, რომ ივანიშვილმა მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს და მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვერსიას უფრო ემხრობა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ამბობს, რომ დღეს გაიმართება კონსულტაციები და დღესვე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი.

„კანდიდატზე წინასწარ არ ვართ შეჯერებული, გამომდინარე იქიდან, რომ პირადად ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო პრემიერის ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ზოგადად, არაერთი კანდიდატი შეიძლება განიხილებოდეს ჩვენი რიგებიდან“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი არსებული სამთავრობო გუნდიდან უნდა აირჩეს: „ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს კანდიდატს. მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი“.

რაც შეეხება მინისტრების ცვლილებას, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა.

„ის შემოგვთავაზებს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია პარლამენტს ამ დისკუსიაში ჩართვა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში უნდა დამთავრდეს მასკარადი, როცა წარმატებული პრემიერ-მინისტრები გაუგებარი მიზეზებით მიდიან თანამდებობიდან და გაუგებარი პრინციპით ირჩევიან ახალი პრემიერები.

„კითხვები გაჩნდა იმ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც განვითარდა გუშინ, როდესაც საქართველოს პრემიერი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ჩემს გამოცდილებაში ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმუშავია, ეს იყო ბატონი ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, უსუფაშვილი, კობახიძე. შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი გიორგი ყველაზე კომფორტული სამუშაო პირი იყო, გასაგები ხედვით, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას. ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარტიის თავმჯდომარე და გადაწყვეტილების მიმღები, თავად გახდეს პრემიერი.

„თუ ევროპულ არჩევანზე ვამბობთ და თუ ევროპულ სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მოგახსენებთ, იქ პრემიერ მინისტრები არიან მმართველი პარტიების ლიდერები“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის მსგავსად ფიქრობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ბიძინა ივანიშვილმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აზრით, უარესი ვითარება იქნება.

„კრიზისი მწიფდებოდა, მოვიდა აქამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგომა შიდა უთანხმოების გამო, რის ნიშნებასაც ვხედავდით და, რამაც, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის მობრუნება განაპირობა. საკმაოდ რთული ვითარებაა ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრი გადადგა. ის, როგორც ჩანს, არ მონაწილეობს ახალ კონსულტაციებში. ის ვითარებაც, რომ მან ხაზი გაუსვა პარტიის თავმჯდომარესთან პრობლემებს, კონსტიტუციაში წერია, რომ მთავრობა მაშინ მიდის, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობასთან აქვს უთანხმოება.

ჩვენ ვცხოვრობთ არც თუ მთლად კონსტიტუციურ ვითარებაში, ამიტომ მგონია, რომ სწორი იქნება დავუახლოვდეთ კონსტიტუციურ რეალობას. აიღოს პასუხისმგებლობა მთავრობის ფუნქციონირებაზე იმ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, რომელიც პარლამენტში უმრავლეოსობაშია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მან გააკეთოს ის, რაც შეუძლია. მე არ ვიცი, მას რა შეუძლია, მაგრამ ყველა სხვა ვარიანტი, სხვა პრემიერის შერჩევით და დეფაქტო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გაგრძელებით, მგონია, რომ უარეს ვითარებას მივიღებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ცნობილია, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ტოვებს საგარეო საქემთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე. როგორც ირკვევა, პირველმა დიპლომატმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და დღის ბოლოს საკუთარ გადაწყვეტილებას გუნდს გააცნობს.

„ვამაყობ იმ შედეგებით, რასაც გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობამ წლების განმავლობაში მიაღწია. სრულიად ვიზიარებ ყველა იმ განცხადებას, რომელიც კვირიკაშვილის მიერ ბრიფინგისას გაკეთდა. ვფიქრობ, რომ მისი მეთაურობით მთავრობამ იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე მან ეს აღნიშნა.

დარწმუნებული ვარ, შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ამ გუნდს და საქართველოს მომავალი წარმატებები ჰქონდეს როგორც საგარეო, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ის შედეგები იქნა მიღწეული, რითაც ვამაყობ. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

არსებული ინფორმაციით, ახალ მთავრობაში არ იქნება იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი წარუმატებელი მინისტრია. უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ წულუკიანის შესახებ საუბარი იყო ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე, სადაც დაფიქსირდა, რომ მინისტრმა თავი ვერ გაართვა იმ რეფორმებს, რომლის განხორციელებაც აუცილებელი იყო. უმრავლესობის წევრები წულიკიანის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ლევან კობერიძე ამბობს, რომ პრობლემები და გამოწვევები მართლმსაჯულების ნაწილში გვაქვს, რასაც მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯებით უნდა უპასუხოს. დეპუტატის განმარტებით, თუ ამ ნაწილში გუნდი მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ახერხებს, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.

„თუ სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხები არ გაეცემა, სრულიად ლეგიტიმური იქნება მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ. ეკონომიკურ პარამეტრებში რა თქმა უნდა, სასურველია უფრო მეტი ზრდა და უფრო მეტი სისწრაფე, მაგრამ ვთვლი, რომ არაფერი მიუთითებს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პრემიერის გადადგომის მიზეზი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ჩვენ გვაქვს სამართალიანობის შეგრძნებასთან და რიგ საქმეებზე სასჯელის დადგომის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატი რომან კაკულია ამბობს, რომ უფრო პოზიტიურად იქნებოდა განწყობილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მიმართ, თუ დაინახავდა, რომ პოლიტიკური სპექტრის შეცვლის შესაძლებლობა არსებობს.

„მე უფრო პოზიტიურად ვიქნებოდი განწყობილი ამ გადაწყვეტილების მიმართ, თუ დავინახავდი, რომ ქვეყანაში რადიკალურად არსებობს პოლიტიკური სპექტრის შეცვლის შესაძლებლობა. რა აზრი აქვს არჩევნებს თუ ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკური გადანაწილების უფრო მაღალხარისხიან შეცვლის შესაძლებლობას. უფრო მნიშვნელოვანი სამთავრობო განახლება მგონია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.