უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენისთვის ერთკვირიანი ვადა არ დასჭირდება

უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენისთვის ერთკვირიანი ვადა არ დასჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა -კვირიკაშვილის თქმით, მასა და „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს.

გიორგი კვირიკაშვილმა მისი გადადგომის შესაძლებლობაზე ორი კვირის წინ, რუსთაველის გამზირზე, მოკლული მოზარდების საქმის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ილაპარაკა და განაცხადა, რომ სკამს მისთვის ფასი არ აქვს, თუმცა გადადგება, თუკი ამის აუცილებლობას დაინახავს.

შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედია რამდენიმე დღის განმავლობაში წერდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებდნენ. არსებობდა მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებას პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ გააკეთებდა. თუმცა როგორც სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მათ შეხვედრაზე Unicef-ის კვლევა განიხილეს.

კვირიკაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს.

საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერ მინისტრის გადადგომით მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილებაც წყდება. პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი ფორმალურად წამოაყენებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც ამის შემდეგ შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, რისთვისაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუცით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

კულუარებში პრემიერობის სავარაუდო კანდიდატთა დიდი არჩევანია, ცქიტიშვილი, გვახარია, ბახტაძე ან სულაც ივანიშვილი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენისთვის ერთკვირიანი ვადა არ დასჭირდება და ეს უფრო ადრე მოხდება. მისივე თქმით, მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ საკითხზე მსჯელობა ამ მომენტიდანვე დაიწყება.

გიორგი კვირიკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში დაასახელა. მანამდე ის „ოცნების“ ხელისუფლების ჯერ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო. მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.

კვირიკაშვილის კარიერის დიდი ნაწილი საფინანსო და საბანკო სექტორებში საქმიანობას უკავშირდება. 2012 წელს ივანიშვილის კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლამდე ის პოლიტიკაში ერთხელ უკვე იყო. 1999–2004 წლებში პარლამენტში „ახალი მემერჯვენეების“ წევრი გახლდათ და პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2006–2011 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ხელმძღვანელობდა.