ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მთავარმა პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.
საქმე ეხება სტუდია „მონიტორის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობის მსხვერპლი ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა და აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
გამოძიებით დგინდება, რომ იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რაგიმ ასკეროვის მოთხოვნით შეხვედრა პარტიის მარნეულის ოფისში შედგა, სადაც იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.
პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
ამის შემდეგ, ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. „ჟეჟებეს“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.
მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.
პროკურატურამ უკვე დააკავა მარნეულის მერი, რაც შეეხება დეპუტატ სულეიმანოვს, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ვასაძემ პარლამენტს წერილობით გააცნო დეპუტატის ბრალდების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპუტატს პარლამენტმა უფლებამოსილება უნდა შეუჩეროს.
პროკურატურის ბრალდება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კოლეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააცნო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი მოჰყვა.
რომან გოცირიძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ მათი მიზანია შეთხზან ისტორიები და საზოგადოებას აჩვენონ, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ ვიღაცაზე ძალადობს.
„ახლა ვესაუბრე აზერ სულეიმანოვს და მითხრა, რომ არ იცის რა ხდება, რომ დეპუტატის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ეს ბიჭი 6 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლი იყო. საუბრისას მასთან დასმული ერთადერთი კითხვა იყო შემდეგი - რატომ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და რატომ აკეთებდა განცხადებებს. თქვენ კი მთელი საქართველოს გასაგონად აცხადებთ, რომ აზერ სულეიმანოვი არის ბრალდებული.
დიახ, უნდა გამოიძიოთ ყველაფერი - რა მოხდა, რა შუაშია აზერ სულეიმანოვი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ჰქვია ვითარების და იმის გარკვევა, იყო თუ არა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია. გინდათ ახლა ისტორიები შეთხზათ და საზოგადოებას აჩვენოთ, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ ვიღაცაზე ძალადობს“, - მიმართა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ გოცირიძეს უპასუხა, რომ მისი ვალდებულება იყო აღნიშნული წერილი კოლეგებისთვის გაეცნო.
„ჩვენი პრეროგატივა არ არის არც ბრალის წაყენება და მით უმეტეს, არც ვინმეს დადანაშაულება. როგორც უკვე მოგახსენეთ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის პარლამენტის წევრის მიმართ. კანონმდებლობის თანახმად, მთავარი პროკურორი შესაბამისი წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტს იმისათვის, რომ გააცნოს საქმის არსი. მე ვალდებული ვარ, კანონმდებლობის თანახმად, ეს წერილი გაგაცნოთ თქვენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის ინფორმაცია, რომლის განცხადებით, დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მონაწილეობდა შეხვედრაში, სადაც მიმდინარეობდა დაძაბული ვითარების გარკვევა.
„ჩვენ ვესაუბრეთ აზერ სულეიმანოვს, მან განგვიმარტა, რომ მონაწილეობდა რაღაც შეხვედრაში, სადაც ხდებოდა ამ დაძაბული ვითარების გარკვევა ადგილობრივი სასულიერო პირების თანამონაწილეობით. ჩვენ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს და არ გამოვრიცხავთ და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს რაღაც პროვოკაციასთან, პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასთან. უახლოეს მომავალში გამოჩნდება დეტალები, სხვას ვერაფერს ვიტყვით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ბრალდებას უარყოფს „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი და ამბობს, რომ მას ელჩინ ალახვერდიევისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
„უსინდისობაა, უნამუსობაა, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და „ოცნების“ წევრს და აბრალებენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ამაში რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს. ეს ბიჭი იყო ჩემთან ოფისში, მე ვუთხარი რატომ ლაპარაკობ ჩვენი პარტიის სახელით, შენ არ ხარ ჩვენი პარტიის წევრი და რატომ ლაპარაკობ ჩვენი სახელით. ეს არის უნამუსობა და ეს ბიჭი წავიდა. მერე რა მოხდა, როგორ მოხდა არ ვიცი. ოფისში იყვნენ დეპუტატები, „ქართული ოცნების“ წევრები“, - აცხადებს აზერ სულეიმანოვი.
მარნეული მერის დაკავებას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, ქალაქის მერს შესაბამისი მოთმინება უნდა ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს.
„ასეთი უშვერი გინება და უშვერი სიტყვები ქუჩაზე, მიტინგზე არასოდეს არ გამიგია და აქციის ორგანიზატორებს ასეთი გამოხტომა უნდა აღეკვეთათ. თუმცა, ქალაქის მერი იმიტომ არსებობს და თანამდებობა იმიტომ აქვს, რომ შესაბამისი მოთმინება ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში განუკითხაობა იქნება. მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი სწორედ ეს არის. თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და დასკვნები აქედან გამოვიტანოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.