„პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე“

„პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე“

„ბოლო თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები მქონდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გადადგა.

„გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რადიკალურ ოპოზიციას პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს, - „ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო“, - ასე ეხმაურება პრემიერის გადადგომას პარტია ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის გადასარჩენად ბარტყებს ყრის.

„გადმოაგდო შოთაძე, გადმოაგდო სუბელიანი, ახლა კვირიკაშვილი. ჰგონია, რომ გადარჩება, ეს არის უკანასკნელი მთავრობა, რომელსაც ივანიშვილი წარადგენს. შემოდგომაზე ივანიშვილი ჩამოშორდება ამ ქვეყანას“, - მიიჩნევს მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა თვლის, რომ არაფერი შეიცვლება, თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის. მისივე თქმით, ივანიშვილს კვირიკაშვილის დათხოვნა სწორედ საზოგადოების პროტესტის გამო მოუწია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან პრემიერ-მინისტრის გადადგომას კავშირი არ აქვს და გადადგომის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური საკითხებია.

„მოვლენებთან, რომელიც ტრაგიკული ფაქტის გამოყენებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ აქვს კავშირი. საუბარი იყო ბოლო პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის რეალურ გზებზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი იყო წარმატებული, მაგრამ მეტი დინამიკა, უფრო სწრაფი განვითარებაა საჭირო.

„გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აღნიშნავს, გუშინ გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ ბევრ პოზიტივთან ერთად, იყო კრიტიკაც, თუმცა დღევანდელ სწრაფ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

„პირადად მე ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი. ველოდი მთავრობის მოხსენებას, ანგარიშს გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის თქმით, გუშინ სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განხილულა. პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება პირადი შეხედულებით მიიღო.

„გუშინ იყო განხილვა როგორც პოზიტივების, ასევე ნეგატივების თაობაზე, რაზეც საკმაოდ ღიად ვილაპარაკეთ. ვთქვით, რომ არის ბევრი პოზიტივი, მაგრამ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენები“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოფო კილაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ სიღარიბის კუთხით ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა. პრემიერ-მინისტრის მოსაზრება იყო, რომ ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა იყო სწორი - ეს იყო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა.

კილაძის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„გუშინ გუნდში ის სიტუაცია განვიხილეთ, რომელიც სტატისტიკურად გაერო-ს კვლევამ აჩვენა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ამოვიდა სიღარიბიდან. ოკუპირებული ტერიტორიების შემდეგ, ეს არის ჩვენი ქვეყნის პირველი გამოწვევა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ გამოსავალი არის არჩევნების გზით, მშვიდობიანად ქვეყნის სათავეში ისეთი გუნდის მოსვლა, რომელიც შეძლებს საქართველოს განვითარებას, სიღარიბის დამარცხებას და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფას.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამართული ბრიფინგიდან ნათლად ჩანდა, რომ ის პრემიერის პოსტიდან ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო მიდის.

„მან ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები და მეორე - მან ისაუბრა, ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, იმ კრიზისებს, იმ სირთულეებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის მთლიანად იმ გუნდის ცვლილება, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის წინ წაყვანა“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა გუნდში კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი.

„ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი განვითარება ეკონომიკის, უფრო სწრაფად სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელება. 4 წლის წინ არ გვქონდა ჩვენ ასეთი ეკონომიკური ზრდა, ახლა უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

არასამთავრობო სექტორი სამთავრობო ცვლილებებზე კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას და როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური აცხადებს, სამთავრობო გუნდის გადახალისების მოთხოვნა საზოგადოებას ჰქონდა და მნიშვნელოვანია მინისტრთა კაბინეტი პროფესიონალი და ღირსეული ადამიანებით დაკომპლექტდეს. მისი აზრით, განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დაიკავოს.

„მნიშვნელოვანია, პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები შეირჩნენ მინისტრთა თანამდებობებზე. ცხადია საზოგადოებაში არსებობდა მოთხოვნა, რომ გადახალისებულიყო სამთავრობო გუნდი, რადგან ძალიან ბევრი რეფორმა ახალი სულით უნდა გაგრძელდეს და მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახალი რეფორმების განხორციელება. იუსტიციის სამინისტრო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან მართლმსაჯულების მიმართულებით ბევრი რეფორმაა გასატარებელი და ვთვლით, რომ განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დაიკავოს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.