მარგველაშვილის უარი ერდოღანს

მარგველაშვილის უარი ერდოღანს

თურქეთში ქ. ესქიშექირში უმნიშვნელოვანესი პროექტი ტრანსანატოლიური მილსადენი - TANAP გაიხსნა. მილსადენის გახსნას თურქეთის, აზერბაიჯანის და უკრაინის პრეზიდენტები დაესწრნენ. რაც შეეხება საქართველოს, თურქული მხარის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

for.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქართველი კოლეგა, გიორგი მარგველაშვილი ესქიშექირში ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის -TANAP-ის პროექტის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია. როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, საქართველოს პრეზიდნეტის მხრიდან ვიზიტი ბოლომდე დადასტურებული არ ყოფილა. შესაბამისად, პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე გიორგი მარგველაშვილი ტრანს-ანატოლიური მილსადენი - TANAP-ის გახსნას ვერ დაესწრო.

ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის -TANAP-ის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს თურქეთში საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე წარმოადგენს. საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა სერენიაზგანი არ ფლობს ინფორმაციას, თუ რატომ არ მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის ცერემონიაში.

„ეს იყო ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ არ ვიცი რატომ. საქართველო წარმოდგენილია ღონისძიებაზე ელჩის დონეზე. ეს პროექტია, რომელიც აერთიანებს თურქეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს გვსურს, ვიხილოთ ჩვენი ქართველი მეგობრები თურქეთში, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი იქ არ არიან, ჩვენ მათ სიახლოვეს ვგრძნობთ“, - განცხადა ფატმა სერენიაზგანმა.

რაც შეეხება ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის -TANAP-ს მნიშვნელობას. სწორედ TANAP-ის საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია და როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად, მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდიანი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ესქიშექირში ტრანსანატოლიური მილსადენის - TANAP-ის გახსნა პირდაპირ უკავშირდება თურექთში დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, მაისაია ფიქრობს, რომ მარგველაშვილმა თურქეთში ვიზიტს თავი აარიდა იმ მოტივით, რომ არ გამხდარიყო ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანიის მომაწილე.

„ვერ გეტყვით, რა მოტივით არ წავიდა მარგველაშვილი. ერდოღანი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში - ორ კვირაში თურქეთში იმართება ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, სადაც წყდება თურქეთის ბედი. ეს არის ისტორიული თარიღი. ამ დღეს გადაწყდება საბოლოოდ სად წავა თურქეთი. ეს მართლაც გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი არჩევნებია. ერდოღანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს. შესაბამისად, ტრანსანატოლიური მილსადენის გახსნაც პირდაპირ უკავშირდება საარჩევნო კამპანიას. როგორც ჩანს, მარგველაშვილმა თავი აარიდა, რომ არ გამხდარიყო ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილე“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.