უკვე ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება, რომ საქართველოში სიღაბის მაჩვენებელი გაიზარდა. რასაც მოსახლეობა და სპეციალისტები საკუთარი დაკვირვების საფუძველზე ასკვნიდნენ, ახლა მას უკვე სტატისტიკური მონაცემებიც ამყარებს.
„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ ბოლო ეტაპზე მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. ეროვნულ დონეზე შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3% მოსახლეობის 5%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პირების წილი სოფლად 4%-ია, ხოლო ურბანულ დასახლებებში 4.5%.
2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.6, 2.9, 4.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ შინამეურნეობების 22.5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და სოფლის და ქალაქის დასახლებებს შორის სხვაობა დიდია (24.1% - 20.9%).
გასული 2 წლის განმავლობაში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობების და მოსახლეობის წილი, შესაბამისად 20.7%-დან 22.5%-მდე და 23.1%-დან 24.8%-მდე გაიზარდა. ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა კი 26.8%-დან 31.6%-მდე გაიზარდა.
გაეროს უახლესი კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელში ასევე გაზრდილია ზოგადი სიღარიბის დონეც.
სხვათა შორის მმართველი გუნდი აღარც მალავს, რომ მარადიული პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხა და კიდევ დროს ითხოვს. მმართველობის უკვე მე-6 წელს კი ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოში სიღარიბის დაძლევას კიდევ არაერთი წელი დასჭირდება.
„ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, მან მნიშვნელოვნად გაასწრო ინფლაციის მაჩვენებელს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმავდროულად ძალიან გაიზარდა დევალვაციის შედეგად ეროვნული ვალუტის კურსი, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას არაერთი წელი დასჭირდება და ეს სიმართლეა. თუმცა ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა სიღარიბის დაძლევისაკენ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ პირველ რიგში, სოციალური უთანასწორობა უნდა გამოსწორდეს, რაც ეკონომიკური ზრდის გარეშე არ მიიღწევა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონე ძალიან მაღალია,
„ფაქტობრივად, არ გვყავს საშუალო ფენა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. რთულია საუბარი იმაზე, რა დრო დასჭირდება ამის გამოსწორებას, მაგრამ ცხადია, რომ თუ არ გვექნა ორნიშნა ან მასთან მიახლოებული, თუნდაც 8-9%-იანი ეკონომიკური ზრდა, შეიძლება პრობლემის მოგვარებას 10 წელი და მეტი დრო მოანდომონ.
4-5%-იანი მატების პირობებში რა სოციალური ვითარებაც გვაქვს, იგივე დარჩება მომდევნო წლების განმავლობაშიც. მდგომარეობის შესაცვლელად ჩვენ გვჭირდება საშუალო ფენის შექმნა, ეკონომიკური ზრდა და განვითარება, ამისთვის კი დასაქმების მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს.
ფინანსთა მინისტრის განცხადება ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. კრედიტების წნეხი უნდა მოიხსნას და მძიმე სოციალური ფონი ნელ-ნელა გამოსწორდეს, რათა როგორმე წინ წავიდეთ, მთავარია სოციალური უთანასწორობა აღმოიფხვრას, რომელიც ძალიან გაღრმავდა“, - აღნიშნა კაპანაძემ.