ბირჟაზე გასვლა სარისკო საქმე გახდა

ბირჟაზე გასვლა სარისკო საქმე გახდა

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

პირველად გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მთელი მსოფლიოს კომპანიებმა ბირჟაზე გასვლა მასიურად გადაწყვიტეს. ის, რაც მსოფლიოს ბირჟებზე ხდება, IPO-ს (ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება) ნამდვილი ბუმია. 2011 წლის დაწყების შემდეგ ბირჟისაკენ გულმა არა მარტო მსოფლიო გიგანტებს, არამედ საშუალო დონის კომპანიებს გაუწია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახსრების მოზიდვისათვის დრო არცთუ წარმატებულად შეირჩა: ბევრი კომპანიის აქციების ფასმა ბირჟაზე გატანისთანავე კლება დაიწყო.

2010 წელს, როცა ბაზრები კრიზისის შემდეგ ასე თუ ისე გონს მოეგო, რამდენიმე მსხვილი IPO განხორციელდა. ყველა რეკორდი მოხსნა ბრაზილიურმა ნავთობგიგანტმა Petrobras-მა, რომელმაც ბირჟაზე 70 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გატანა მოახერხა. იქამდე გასული წლის მსოფლიოს უმსხვილეს IPO-დ ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკის (Industrial and Commercial Bank of China) აქციების 23,9 მილიარდ დოლარად გაყიდვა ითვლებოდა.

2010 წელს სხვა მსხვილი IPO გახლდათ ბირჟაზე სადაზღვევო კომპანია American International Assurance-ის (20,5 მილიარდი დოლარი), ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის - Agricultural Bank of China-ს (22,1 მილიარდი დოლარი) და საავტომობილო GM-ის (23,1 მილიარდი დოლარი) გასვლა.

ბევრი ანალიტიკოსი მაშინვე აღნიშნავდა, რომ ასეთი კაპიტალმოზიდვების შემდეგ ბაზრებს დასვენება ესაჭიროებოდათ, რადგან ერთბაშად ძალზე ბევრი ლიკვიდურობა დაიხარჯა. მაგრამ გიგანტებთან ერთად ბირჟებისაკენ საშუალო კომპანიებმაც გაიწიეს. მართალია, მათი კალიბრის კომპანიებს ათეულობით მილიარდების მიზიდვა არ შეუძლიათ, მაგრამ IPO-ს მასობრივ მოვლენად ქცევას კი ხელი შეუწყვეს.

როგორც Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა დაიანგარიშეს, 2011 წლის მეორე კვარტალში მთელს მსოფლიოში 720 IPO-ს განაცხადი გაკეთდა. ეს 2007 წლის ბოლო კვარტლის შემდეგ, როცა ბირჟაზე გასვლის სურვილი 794-მა კომპანიამ გამოთქვა, სარეკორდო მაჩვენებელია.

მაგრამ ამასთან, 2011 წლის უმსხვილესი IPO შვეიცარული ტრეიდერული კომპანია Glencore-ს აქციების ბირჟაზე განთავსებაა. შედეგად, მან 2010 წლის მოვლენებთან შედარებით ერთობ მოკრძალებული 10 მილიარდი დოლარის მიზიდვა შეძლო. ანუ, რაოდენობა ხარისხს აშკარად აჭარბებს. როგორც ჩანს, ბირჟაზე გასასვლელად არცთუ ხელსაყრელი დროა შერჩეული.

2011 წლის მაისში მსოფლიო ფინანასურმა ინდექსმა MSCI World-მა თავის სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ შემდეგ დაბლა დაეშვა და 7,8 პროცენტით დაეცა. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად, ევროპაში ინვესტორები აქციების შეძენას საბერძნეთის პრობლემების გამო დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. ჩინეთში ფასიანი ქაღალდების ფასი იმიტომ ეცემა, რომ ქვეყანას ინფლაციასთან ბრძოლა აშკარად უჭირს, იაპონიაში ჯერ კიდევ თავსდატეხილი ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან გამოწვეულ ზარალს ითვლიან და ასე შემდეგ. ცხადია, ამგვარ პირობებში IPO-ს განხორციელება ერთობ სარისკო საქმეა.

ამიტომაც არის, რომ ბევრმა კომპანიამ ზარალი იწვნია. მაგალითად, ჰონკონგოს ბირჟაზე მხოლოდ ხუთი კომპანია გადაურჩა აქციების განთავსების შემდეგ მათ გაუფასურებას. დასავლეთ ევროპაში კი ამგვარი ბედნიერი მხოლოდ ნახევარზე ოდნავ ნაკლები აღმოჩნდა.

აღწერილ სიტუაციაში მკვეთრად გამოირჩევა ბაზრის ერთი სეგმენტი: როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტის სფეროში მომუშავე კომპანიები ერთადერთია, რომელთა ფასიანი ქარალდებისათვის ინვესტორებს ფული არ ენანებათ. მაგალითად, სოციალური ქსელის LinkedIn-ის აქციებმა განთავსების შემდეგ 70 პროცენტით მოიმატა, ონლაინ-რადიო Pandora Media-სი 24 პროცენტით, ონლაინ-თანაშების შემმუშავებელი კომპანია Zynga-სი 21 პროცენტით გაძვირდა და ასე შემდეგ.

თავისთავად ცხადია, ინტერნეტ-კომპანიების ბუმი ადრე თუ გვიან დასრულდება. მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ გარისკავს ივარაუდოს, რომელი სფეროს წარმომადგენლები მოევლინებიან ბაზარს ახალი მხსნელის როლში.