„მალე გახდება ცნობილი, თუ რაზე ისაუბრეს რეალურად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა“

„მალე გახდება ცნობილი, თუ რაზე ისაუბრეს რეალურად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა“

„საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე საუბარი იყო ეკონომიკური გუნდის საქმიანობაზე“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბარი არ ყოფილა. კობერიძემ UNICEF-ის მიერ წარმოდგენილ კვლევაზე დაიწყო საუბარი, თუმცა სამსაათიანი ლოდინის შემდეგ ჟურნალისტებს არც UNICEF აინტერესებდათ და არც ის ეკონომიკური პარამეტრები რაზეც უმრავლესობამ იმსჯელა.

სავარაუდოდ, უმრავლესობის სხდომის წინ სამთავრობო ცვლილებებზე მედიაში შემოგდებული ინფორმაცია საზოგადოების რეაქციის მორიგი მოსინჯვა იყო ხელისუფლების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტულ პოსტებზე კონკრეტული გვარები არ დასახელდებოდა. თანაც ამ გვარების შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებიდან პირველად არ ჟონავს.

მედიის რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოება ცვლილებებს მართლაც მოწყურებულია, თუმცა მოცემულ მომენტში ქუჩის აქციების ფონზე და ნატოს სამიტის წინ მსგავსი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ტაქტიკური სვლა იქნებოდა.

ცვლილებები საჭიროა და ამას თვითონ ხელისუფლებაც ხედავს, თუმცა რამდენად მოესწრება ეფექტიანი რეფორმები მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ძნელი სათქმელია.

რაც შეეხება განსახილველ თემებს, როგორც უმრავლესობა აცხადებს, იმსჯელეს წარმოდგენილ UNICEF -ის მონაცემებზე.

„ჩვენი გუნდი მსჯელობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად მიღწეული. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი არ ყოფილა არც პრემიერ-მინისტრის და არც რომელიმე მთავრობის წევრის გადადგომაზე“, - განაცხადა კობერიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ დანელიამ იმ ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა, რომელიც შეხვედრისას განიხილეს.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში კონკრეტული მინისტრების საქმიანობის შეფასებისთვის არ შეკრებილა, თუმცა შეხვედრაზე საუბარი იყო ეკონომიკურ პარამეტრებზე, როგორც პოზიტიურზე, ისე ნეგატიურზე, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში დაფიქსირდა.

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. ვინაიდან ეს იყო შიდა შეხვედრა, არ არის სწორი ამ შეხვედრაზე გარეთ საუბარი. ჩემ პირად პოზიციას უახლოეს მომავალში აუცილებლად დავაფიქსირებ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ უმსჯელია. იყო საუბარი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან რამდენიმე მაჩვენებელი ამ თემასთან დაკავშირებით საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს. შეხვედრის ერთ-ერთი საგანი სწორედ ეს გახლდათ. გუნდში არის სხვადასხვა მოსაზრება სხვადასხვა ინდიკატორთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვიქნებით ხიბლში და კმაყოფილი ძალიან ბევრი პარამეტრით, რომელიც აისახა“, - განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე, კვლევაში ასახული რომელი პარამეტრები იყო ყველაზე შემაშფოთებელი უმრავლესობისთვის, დანელია პასუხობს, რომ ჭარბვალიანობის მაჩვენებელი.

არასამთავრობო სექტორს ხელისუფლების ნაკლებად სჯერა - როგორც საიას აღმასრულებელმა დირექტორმა სულხან სალაძემ აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ თურმე UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე ისაუბრეს, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ამ წუთში ვერ აღიქვამს ისე მწვავედ იმ მოვლენებს, რომლის წინაშეც სახელმწიფო დგას.

მისი თქმით, სასაცილოა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადება, თითქოს საუბარი UNICEF-ის კვლევას შეეხებოდა, მაშინ, როცა შეხვედრის დაწყებამდე სამთავრობო ცვლილებებზე არსებობდა ინფორმაცია. სულხან სალაძე იმედოვნებს, რომ მალე გახდება ცნობილი ის, თუ რაზე ისაუბრეს რეალურად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა.

„ცოტა უცნაურია და მგონი, სასაცილოც არის, რადგან ჩვენ „ქართული ოცნების“ არაერთი დეპუტატის კომენტარი მოვისმინეთ ამ შეხვედრაზე შესვლის წინ. ასევე ისინი, ვინც ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ, თუმცა მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ საჭიროა ცვლილებები. ამ დროს კი, უცებ ვიგებთ, რომ UNICEF-ის კვლევაზე საუბრობდნენ. ჩემი ღრმა რწმენით, იქ შეკრებილი ადამიანების დიდ ნაწილს ეს კვლევა წაკითხულიც არ ექნება, რადგან ახალა შეუძლებელია ასე სწარაფად და ოპერატიულად ყოფილიყო მსჯელობა ამ საკითხზე. ვფიქრობ, ვერ მივიდნენ რაღაც გადაწყვეტილებამდე ან რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო იკავებენ თავს, გაახმოვანონ ის, საითკენაც მიდის მთელი ეს პროცესი“, - ვარაუდობს სალაძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.

რაც შეეხება UNICEF-ის მინაცემებს, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ

ექვსი წლის განმავლობაში თეა წულუკიანის თაოსნობით განხორციელებული რეფორმები არ ყოფილა ეფექტური.

როგორც მან განმარტა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან არასამთავრობო ორგანიზაციები ისაუბრებენ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, კონკრეტული საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე და ზაზა სარალიძის საქმეზე.

დღის ბოლოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ფინანსთა მინისტრი ეკონომიკური ზრდაზე საუბრობს -ისეთ ინკლუზიურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თოთოეულ მოქალაქეს და დოვლათი ნაწილდება ყველა მოქალაქეზე თანაბრად.

მინისტრის თქმით, ყველა რეფორმა, რომელიც ხორციელდება და იგეგმება მომავალში, უფრო მეტად იქნება ორიენტირებული სწორედ ამ მიზანზე.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა იმ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც უკვე დაანონსებულია და რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი განათლების სექტორში რეფორმების აუცილებლობას და განაცხდა, რომ ეს მიმართულება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.