თბილისის საქალაქო სასამართლომ და შს სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უკვე გადაუგზავნა. კომისას საქმის მასალების გასაცნობად ორი დღე აქვს. შესაბამისად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა 13 ივნისს ქუთაისში გაიმართება.
სწორედ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ იმსჯელებს კომისია, თუ ვის და როდის დაიბარებს სხდომაზე. არსებული ინფორმაციით, პირველ სხდომაზე კომისია ზაზა სარალიძეს და დავით დადუნაშვილს მოუსმენს, ამის შემდეგ განსაზღვრავს საგამოძიებო სტრატეგიას.
კომისია საზოგადოებას 13 ივნისს აცნობებს იმ პირთა სიას, ვინც კომისიის წინაშე დაიკითხებიან. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ უნდა დაიგეგმოს, თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისია პირველ რიგში დაზარალებულებს შეხვდება, ხოლო შემდეგ სხდომებზე ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს დაიბარებს.
„შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ მომავალ კვირას სხდომები გვექნება პრაქტიკულად ყოველ დღე. ინტენსიურად ვიმუშავებთ და ამ შეხვედრებზე დავიბარებთ ადამიანებს. ოთხშაბათსვე გამოვაქვეყნებთ სიას იმ ადამიანებისა, რომლებსაც შემდეგ კვირაში მოუწევთ ახსნა-განმარტებების მიცემა. პირველ რიგში გვექნება შეხვედრები დაზარალებულ მხარესთან, ამის შემდეგ კი გვექნება შეხვედრები როგორც პროკურატურის, ისე შს სამინისტროს თანამშრომლებთან. სავარაუდოდ, დავიბარებთ ყველა ადამიანს, ვისაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა და არც ერთი ადამიანი, ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი არ იქნება დაზღვეული კომისიაზე მოსვლისგან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
დეპუტატი თვლის, რომ ყველა საფუძველი არსებობს, რომ კომისიამ მასალების სრულად გაცნობის შემდეგ დადოს ის დასკვნა, რომლითაც ნათელი მოეფინება ყველაფერს.
„მინდა ყველა სკეპტიკოსს მოვუწოდო - კომისიის მუშაობას ადევნონ თვალყური, თვითონაც შეიტანონ წვლილი თუ შეუძლიათ და არ გამოვიდნენ მარტო ვიწროპარტიული ინტერესებიდან. როგორც იტყვიან - „ჩვენმა საქმეებმა წარმოგვაჩინონ“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არსებობს მზაობა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ყველა რესურსს გამოიყენებენ იმისთვის, რომ სარალიძის საქმეზე მართლმსაჯულება შედგეს, დანარჩენ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა.
„ზაზა სარალიძის მოქმედებების შეფასებას არ მოვახდენ. იმიტომ რომ ის არის შვილმკვდარი მამა. მისი ემოციები მესმის და ყველა ვართ დაინტერესებული, რომ მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში ჭეშმარიტება დადგინდეს. თუმცა, ჩემი მხრივ, ვხედავ, რომ არიან პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები და ცდილობს, ძალისმიერი აზროვნებით მოახდინოს რევანში დღევანდელ ხელისუფლებაზე. ეს ორი ერთმანეთთან რამდენად თავსებადია, საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის პარალელურად საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შს სამინისტრო. ახალი გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ასამდე მოწმე, ასევე დაკავებულია გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, ასევე მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით დაკავებულია მერაბ მორჩაძე.
გიორგი გახარიას უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების პროცესში დაკავებულ სუბელიას ბრალი დაუმძიმდეს. ასევე არ გამორიცხავენ სხვა პირების დაკავების შესაძლებლობას. გახარიას უწყებაში ჯერჯერობით ოფიციალურად არ საუბრობენ იმაზე, ახალი გამოძიების პროცესში გამოიკვეთა თუ არა იმ პიროვნების ვინაობა, ვინც 13 ჭრილობა მიაყენა სარალიძეს. არსებული ინფორმაციით, გამოძიებას უკვე ჰყავს სავარაუდო ეჭვმიტანილი. არის თუ არა ეს მიხელ კალანდია, ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიების მიუხედავად, რუსთაველის გამზირიდან გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე. იგი ამბობს, რომ მოთხოვნები უცვლელია - „მკვლელები და ხელის დამფარებლები უნდა დაისაჯონ, მაგრამ, ამავე დროს, გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში და უნდა მოვიდეს კომპეტენტური მინისტრი, ვინც ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს“. სარალიძე ამტკიცებს, რომ გიორგი გახარიას საქმე არ დაუძრავს.
„გახარიას არაფერი არ დაუძრავს, რა სისულელეა. ვიღაც მორჩაძე რომ დააკავეს, ამით ცდილობენ მიხეილ კალანდიას ჩვენება „გააპრავონ“, თითქოს მიხეილ კალანდიამ ზეწოლის ქვეშ მისცა ის ცრუ ჩვენებები სასამართლოზე, რომ საფუძველი აღარ ჰქონდეთ კალანდიას დაკავების. ვითხოვ ასევე თეა წულუკიანის გადადგომას იქიდან გამომდინარე, რომ შოთაძე გაუშვა ტაშფანდურით. ვინმეს სჯერა, რომ შოთაძემ არ იცოდა ამბავი და ეს საქმე როგორ იკერებოდა?“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.