პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე უმრავლესობა მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრებს. საპარალამენტო უმარვლესობაში აცხადებენ, რომ შეხვედრა უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.
ამ ეტაპზე მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები, თუმცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი მიიღებს, ქვეყანაში სიტუაციისა და ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს პრემიერ-მინისტრი. ასევე, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. პრემიერის მოვალეობას ვიცე პრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარია შეასრულებს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებების შედეგად, თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის პოსტზე მთვარობის ადმინიტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე შეცვლის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის მთავარი პროკურორობის კანდიდატი იქნება.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება. „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ეკა ბესელიას განცხადებით, ცვლილებებზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ვერანაირ კომენტარს ახლა ვერ გავაკეთებ, გვექნება შეხვედრები, სამუშაო ფორმატი, მაგრამ ახლა ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს კატეგორიულად გამორიცხავს უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, რომლის განცხადებით, ამ საკითხზე მსჯელობა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ გუნდში შესაბამისი კონსულტაცია შედგება.
„ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ, შესაბამისად, თუკი რამე კონსულტაცია და მსჯელობა გვექნება, შეიძლება შემდგომ ვიმსჯელოთ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მე გამოვალ და გუნდთან მსჯელობისა და კონსულტაციების გარეშე ვისაუბრებ ჩემს პირად მოსაზრებებზე ჟურნალისტებთან?კიდევ ერთხელ გეტყვით, ამ ეტაპზე, მე ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, შესაბამისად, თუკი გვექნება კონსულტაციები, შემდგომ შეგვიძლია უკვე ვიმსჯელოთ“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
სამთავრობო ცვლილების მიზანშეუწონლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის შეფასებით, როგორც წესი, სოციალური პროტესტის შემდეგ სამთავრობო ცვლილბები არ უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, პოლიტიკურმა გუნდმა შეიძლება ჩაინიშნოს ვინ არის შესაცვლელი და, მას შემდეგ, რაც მეტ-ნაკლებად, დავიწყებას მიეცემა საპროტესტო აქცია, განახორციელოს ცვლილება.
„თუკი საპროტესტო აქციების ფონზე ცვლილებები მოხდა, მერე საპროტესტო აქცია გახდება მთავრობის და ზოგადად ხელისუფლების შეცვლის რეგულარული მეთოდი და ყველას, ვისაც ასეთი სურვილი გაუჩნდება, ხალხს გამოიყვანს ქუჩაში. ქუჩის აქციები გადაიქცევა მეთოდად და ფაქტიურად გამოვა, რომ ქვეყანა იმართება ქუჩიდან, რაც დემოკრატიის მთელი პროცესის წყალში გადაყრას ნიშნავს. მაშინ არჩევნები რაღად გვინდა. იმისთვის, რომ დემოკრატიის მნიშვნელობის მონაპოვარი და არჩევნების მნიშვნელობა შეინარჩუნო, ამ მწვავე ემოციების ფონზე სამთავრობო ცვილება მოუღებელია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება გიორი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომას, საყვარელიძე ფიქრობს, რომ წარმატებული საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურს აქვს, მისი შეცვლა ქრესტომათიული შეცდომა იქნება ქვეყნისთვის.
„კვირიკაშვილი, როგორც გაწონასწორებული სტილის პოლიტიკური ფიგურა, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად აღიქმება როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში. ბევრი უცხოელისგან გამიგია, რომ სანდო ადამიანია და ენდობიან მას, როგორც პიროვნებას. ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება მისი შეცვლა, მით უმეტეს ამ ფონზე. შეიძლება მმართველი გუნდის შიგნით ხდება რაღაცა პროცესები, რაც ჩვენ არ ვიცით, ისინი ამწიფებენ ამ გადაწყვეტილებას.
ვფიქრობ, რომ ეს ისევ პოლიტიკური ბრძოლის შედეგია. პოლიტიკური პარტია ყოველთვის ებრძვის წამყავნ თანამდებობაზე მყოფ ფიგურებს და მე მგონია, რომ ამ ბრძოლის ანარეკლია ის, რომ ისევ დაიწყეს კვირიკაშვილზე ლაპარაკი. ამიტომ, არ შეიძლება ახლა ცვლილებები, ქრესტომათიული შეცდომა იქნება კვირიკაშვილის შეცვლა და საერთოდ ცვლილება, რომც ეს იყოს იდეალური“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
სამთავრობო ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, თუკი ცვლილება იქნება, გამოდის, რომ ქუჩიდან მთავრობის შეცვლის ახალ ტენდენციას ვამკვიდრებთ. მისი თქმით, არ შეიძლება ქუჩის კარნახით ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
„ძალიან გაუგებარი და მოულოდნელია. არ ვიცი, შეიძლება სხვა მიზეზი ჰქონდეს და უბრალოდ დაემთხვა ამ მოვლენებს, რამაც წაახალისა ეს ცვლილება. ვნახოთ, რა მოხდება. თუ არსებობდა მთავრობის შეცვლის ცვლილება, ეს შეეძლოთ განეხორციელებინათ ამ პროცესებამდე. ის რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, ეს არ იყო სამთავრობო კრიზისი და არც ის სისხლის სამართლის საქმე, რატომაც გამოვიდა საზოგადოება ქუჩაში. რა თქმა უნდა, ეს აჩვენებს სისტემურ ხარვეზებს პროკურატურაში და მართლმსაჯულებაშიც, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო სამთავრობო კრიზისის საფუძველი. ამიტომ, აბსოლუტურად გაუგებარია სამთავრობო ცვლილება“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ცვლილება პოლიტიკურ კრიზისს ვერ შექმნის, რადგან პარლამენტში წარმოდგენილია მყარი უმრავლესობა.
„კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და არ გაუჭირდება სხვა მთავრობის მოყვანა, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ცვლილება არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძლება ჩათვალოს, რომ ის მართავს ვითარებას და გავლენა შეუძლია პროცესებზე.
ამიტომ არასწორია ცვლილება და ამავე დროს გაუგებარიც. სანამ მიზეზებს არ გავიგებთ რა საფუძვლით გადადგება მთავრობა, ძალიან ძნელია საუბარი. შეიძლება „ქართულ ოცნებაში“ არის რყევები და ამ აქციებმა კიდევ უფრო დაძაბა ვითარება. ამ მიმართულებაზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე ის, რომ მთავრობას მასკარადის შეეშინდა და წავიდა. ეს აბსოლუტურად გაუგებარი იქნება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.