„ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა“

„ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა“

10 ივნისის არცთუ ხალხმრავალი აქციის შემდეგ ნაციონალები და მათი იდეოლოგიური ძმები, როგორც ჩანს, პროვოკაციებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას - შედეგად, გუშინ დილიდან მოყოლებული, საპატრულო პოლიცია სამართალდამრღვევთა განეიტრალებით არის დაკავებული.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელია და „ახალი საქართველოს“ წევრი გიორგი ხაბურძანია დააკავეს მათი დაკავება რუსთაველის გამზირზე მცირე დაპირისპირებას მოჰყვა. არეულობა მოხდა ქაშუეთის ეკლესიასთან, მას შემდეგ, რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს სამართალდამცველების მანქანებში დაეძებდა.

სამართალდამცველებმა პარტიის წევრებს რამდენიმე გაფრთხილება მისცეს, მოცილებულოდნენ ავტომობილებს, თუმცა პარტიის წევრებმა სამართალდამცველების გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთი, ხორავას ქუჩის საქმის აქციების ორგანიზატორი, ზვიად კუპრავაა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ზვიად კუპრავამ სასამართლო პროცესზე მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

„დილით დაიწყო ტერიტორიის ჯებირებით შემოფარგვლა და გარშემო დადგნენ პოლიციელები. გავუშვით ორი პირი, ისინი უკან მობრუნდნენ შეუფერხებლად. ამის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები გავედით ბიოტუალეტებში. ტუალეტთან მოვიდა 70-მდე პოლიციელი და დამაკავეს. არანაირი სამართლებრივი საკითხი არ დგას, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება პირადად შს მინისტრის, რაც მიზნად ისახავს ჩემ განეიტრალებას იმ პროცესებიდან, რომელიც ახლა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. ეპოტინებიან ადმინისტრაციულ მუხლებს, რაც სრული აბსურდია“, - განაცხადა კუპრავამ.

სასამართლო პროცესზე ინციდენტიც მოხდა - სასამართლოზე შესვენება გამოცხადდა -მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ დრო მხარეებისთვის საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაცნობად მოითხოვა.

შესვენებისას, კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სასადილოში იმყოფებოდა. მას სამართალდამცველებმა მოუწოდეს, რომ სხდომათა დარბაზში შესულიყო, რაზეც კუპრავამ წინააღმდეგობა გაუწია და მოსამართლე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

„*** მკიდია მოსამართლე“,- ასე უპასუხა კუპრავამ პოლიციელს - შემდეგ დაამატა, რომ სადილობას დაასრულებდა და დარბაზში მერე ავიდოდა. თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს - შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

მოგვიანებით, ზვიად კუპრავამ და სხვა დაკავებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც კუპრავამ განაცხადა, სასამართლო არის მართული ხელისუფლების მიერ და დღევანდელი პროცესიც არის ფარსი, რადგან მოსამართლე მას მაინც ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯის.

მან მოსამართლეს ზონდერმოსამართლეც უწოდა - კუპრავას და სხვა დაკავებულების ადვოკატებს მოსამართლემ მოწმეების დაკითხვის გარდა არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ბოლოს ზვიად კუპრავამ მოსამართლის აცილებაც მოითხოვა, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც უარი მიიღო. სასამართლომ კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ პირებს 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებული რამდენიმე პირიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.

„ი.ა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა, გ.ა. კი 2016 წელს ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორც ჩანს, სიტუაციის განმუხტვის მიზნით სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობასთან გაშლილი კარვები აიღეს.

რაც მთავარია, ნაციონალები და მათი იდეოლოგიური ძმები ცდილობენ, თავი ჩაგრულებად წარმოაჩინონ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, თბილისის ყოფილი მერი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, სოციაურ ქსელში ეხმაურება.

„ის რასაც მთავრობა ახლა პოლიციას აკეთებინებს არის მარაზმი და უტვინობა. სარალიძის ტკივილს ამით ვერ ჩაახშობ. ხალხს ამით უფრო გააბრაზებ - 7 ნოემბრის დილაც ეგრე დაიწყო“, - წერს უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა კი განაცხადა, რომ დაკავებული არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და მათი ათობით თანამებრძოლი. უდუმაშვილის თქმით, ერთ-ერთ მანქანაში სავარაუდოდ, ისხდნენ სუს-ის და შსს-ს მაღალჩინოსნები და მათგან პასუხის მოსმენა სურდათ, რასაც მოჰყვა დაძაბულობა.

„ნიკა მელია დაკავებულია და წაყვანილია. ჩვენს თვალწინ ჩატენეს მანქანაში და ისე წაიყვანეს. თქვენ ნახავთ, რა მეთოდებით წაიყვანეს საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, დაკავებულია ლევან ხაბეიშვილი და კიდევ ჩვენი ათეულობით თანამებრძოლი. ყველას სახელი და გვარი არ ვიცით, რადგან უცებ გავნახევრდით. დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ხელისუფლებას კონსტიტუციის დაცვისა და ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„უკანონოდ კონსტიტუციის უხეში დარღვევით, ფაქტობრივად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს პარტიის ლიდერი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი, კონსტიტუციური იმუნიტეტის მქონე პიროვნება, ნიკა მელია. ეს არის წარმოუდგენელი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში. არავის აქვს უფლება დააკავოს დეპუტატი, პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე. დეპუტატი არის ხელშეუხებელი პიროვნება“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

შს სამინისტროში აცხცადებენ, რომ ნიკა მელია დაკავებული არ არის. იგივეს ადასტურებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

„როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, მე, რა თქმა უნდა, დავინტერესდი აღნიშნულით და მქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებასთან, შემიძლია გითხრათ, რომ ნიკა მელია დაკავებული არ არის“,- აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, ნიკა მელიას მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას და აქედან გამომდინარე განარიდეს და იგი, როგორც პარლამენტარი დაცულია იმუნიტეტით.

უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა კი აღნიშნა, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ნიკა მელია დაკავებულია.

„ეს პიროვნება დაკავებული არ არის და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მისი დაკავება რომ მოხდარიყო, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება, რომ პირველ რიგში, დაუყოვნებლივ აცნობონ პარლამენტს და ეს ჩემთვის გახდებოდა ცნობილი. რაც ვნახე კადრები, ნიკა მელია განარიდეს იმ სიტუაციას, იმის გამო, რომ ალბათ, რაღაც პროვოკაციის მოწყობაზე იყო საუბარი. „ნაციონალური მოძრაობა“ იქ მივიდოდა დამატებითი პროვოკაციებისათვის“ -განაცხადა გიორგი კახიანმა მედიასთან საუბრისას.

ენმ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეკრიბოს ბიუროს სხდომა, რათა დეპუტატის დაკავებაზე იმსჯელონ.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარტია ასევე ითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას.

„ივანიშვილის მთავრობა ამ ქვეყნის მართვის კონსტიტუციური ველიდან გავიდა, რაზეც ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საერთაშორისო თანამეგობრობას. ხვალ პარლამენტში მოწვეული არიან დიპლომატები და მათ ჩვენ ვაცნობებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი ყველა ოპოზიციურ პარტიას დღეს, 18:00 საათზე, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

რაც მთავარია, იდეოლოგიურ ძმებს გულს უმაგრებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს - გახარიას და სუს-ის 100 კაცს, რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს. ნუ შეგეშინდებათ მათი! მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა! მათი აღსასრული ძალიან ახლოა!“ - წერს სააკაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციაზე მიდის. როგორც უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ყველა რესურსს გამოიყენებენ, რომ სარალიძის საქმეზე მართლმსაჯულება შედგეს, დანარჩენ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა.