საქართველოში ავტოგასამართ სადგურებში საწვავი ფასი პიკზეა. სპეციალისტები ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებზე საუბრობენ. ამავე დროს გამოიკვეთა ერთი დეტალი - სახელმწიფო უწყებები 37 თეთრით უფრო იაფად იძენენ საწვავს, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო წლების მაქსიმუმზეა, საწვავის ფასი იზრდება საქართველოშიც. საცალო ქსელში საწვავზე ფასი ბოლო 3 თვის განმავლობაში პერმანენტულად მატულობს. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, ბოლო ერთ თვეში თითქმის ყველა ტიპის საწვავი 5-11 თეთრით გაძვირდა. ვანო მთვრალაშვილი არ იზიარებს მათ პოზიციას, ვინც ფიქრობს, რომ ნავთობიმპორტიორები მოგების მაღალი მარჟით მუშაოებენ და მათ სასიკეთოდ იყენებენ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ტენდენციას.
მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე საწვავი, საშუალოდ, 15%-ით გაძვირდა, ქართულმა კომპანიებმა კი ფასები მხოლოდ 2-3%-ით გაზარდეს.
„რაც შეეხება საერთაშორისო ფასების მატებას, ეს არის, საშუალოდ 15%-იანი ზრდა. ჩვენთან, საცალო ქსელში ფსების მატება დაფიქსირდა 3-4%-ის ოდენობით. თუ საერთაშორისო ფასებისა და საცალო ქსელის ფასების ურთიერთკავშირს განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ის რადიკალურად განსხვავებულია. ერთი მხრივ, საერთაშორისო ფასი გაზრდილი გვაქვს 15%-ით, რაც შეეხება საცალო ქსელს, მატება 3%-ია, რომელიც დაფიქისრდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში“,- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
სხვაგვარად ფიქრობენ ეკონომისტები. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარის აზრით, ის რაც საქართველოს ნავთობის ბაზარზე ხდება, ალოგიკურია. განსაკუთრებით პრობლემაა ის, რომ მოსახლეობა მაქსიმალურ ფასს იხდის პროდუქტში, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციები - მინიმალურს. არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ უბრალო მომხმარებელი 36-37 თეთრით უფრო ძვირად ყიდულობს 1 ლიტრ წავავს, ვიდრე სახელმწიფო.
„არ მაქვს იმის ილუზია, რომ კომპანიამ მოგება არ მიიღოს. თავს რომ იმართლებენ იმით, რომ მიზერულ მოგებაზე მუშაობენ, ეს რას ნიშნავს? მოსახლეობას ფასებით ახრჩობენ და სახელმწიფოს იგივე ტიპის საწვავს 36-37 თეთრით უფრო იაფად აწვდიან. ამ ქმედებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კონკურენციის სააგენტოს უსუსურმა ქმედებამ, რომელიც ბოლო პერიოდში მათ მიერ დაწერილ დასკვნაში გამოიხატა და რომლის მიხედვითაც, ნავთობკომპანიებს პირველად დაკისრებული ჯარიმები 18-ჯერ შეუმცირა“, - აცხადებს „კომერსატთან“ ბაირახტარი.
მისივე თქმით, შეუძლებელია საწვავის ფასი არ აისახოს სხვა პროდუქტების ფასებზე. კერძოდ, საკმაოდ სერიოზული რისკი იქმნება იმისა, რომ საწვავზე ფასების მკვეთრმა მატებამ ასახვა ჰპოვოს სამომხმარებლო ფასებზე.
„ის, რომ ქვეყანაში საწვავზე ფასები ვერ მცირდება, ამის არგუმენტად ნავთობკომპანიებს ძვირ ფასში შეძენილი მარაგები მოჰყავთ. „რატომ არ აღმოაჩნდათ კომპანიებს მარაგი და რატომ მოხდა ასეთი მკვეთრი მატება? რატომ არ იყო ეს მარაგები მაშინ შეძენილი, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები მცირდებოდა და რატომ არ მიჰყვებოდა ჩვენი ფასები მსოფლიო ტენდენციას ფეხდაფეხ? ჩვენ დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, კომპანიებისგან ვისმენთ თავის მართლების უსუსურ მცდელობებს“, - ამბობს ბაირახტარი.