რუსთაველის გამზირზე 14:00 სათზე დაგეგმილი აქცია 18:00 საათისთვის გადაიდო, თუმცა, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან. დღეს რუსთაველის გამზირზე ინციდენტი მოხდა, რის გამოც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, კარვების გადატანის მიზეზია ის, რომ ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი“ და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.
კუპატაძის თქმით, აქციაზე არიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე.
რაც შეეხება რამდენიმე პირის დაკავებას, თეიმურაზ კუპატაძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ინციდენტისას საპატრულო პოლიცია შევიდა კარვებში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, განმარტავდა, თუ რა მოხდა ამ ინციდენტის დროს.
„ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ის მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება“, - განმარტა კუპატაძემ.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში მომხდარს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გასაგებია, პიროვნული მღელვარება და ბრაზი, რომელიც ზაზა სარალიძეს ან აქციაზე შეკრებილ ნებისმიერ პირს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამის მიუხედავად აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი.
როგორც ლომჯარია აცხადებს, სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე და რომელიც ასევე სოლიდარულია ზაზა სარალიძის მიმართ.
„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე.
საქართველოს მთავრობას ან თვითმმართველობის ორგანოს აქვს უფლება შეზღუდოს პირის უფლება გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით“, - აღნიშნავს ლომჯარია.
რაც შეეხება აქციის მთავარ მიზეზს, ხორავას ქუჩაზე გადაცვლილი მოზარდის მამა აცხადებს, რომ შს მინისტრი შეუსაბამოა თანამდებობისთვის და გიორგი გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში.
ზაზა სარალიძის განცხადებით, მოთხოვნები აბსოლუტურად იგივე რჩება - მკვლელები, ხელის დამფარებლები უნდა დაისაჯონ. გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში და მოვიდეს კომპეტენტური მინისტრი, ვინც ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს. სარალიძის თქმით, გიორგი გახარიას საქმე არ დაუძრავს.
„ვიღაც მორჩაძე რომ დააკავეს, ამით ცდილობენ მიხეილ კალანდიას ჩვენება „გააპრავონ“, თითქოს მიხეილ კალანდიამ ზეწოლის ქვეშ მისცა ის ცრუ ჩვენებები სასამართლოზე, რომ საფუძველი აღარ ჰქონდეთ კალანდიას დაკავების.
ვითხოვ ასევე თეა წულუკიანის გადადგომას იქიდან გამომდინარე, რომ შოთაძე გაუშვა ტაშფანდურით, ტაში დაუკრა, მაგარი კაცი ყოფილაო. გუშინ კომენტარიც წავიკითხე, არ უნდა გადამდგარიყოო. ვინმეს სჯერა, რომ შოთაძემ არ იცოდა ამბავი და ეს საქმე როგორ იკერებოდა“? - განაცხადა სარალიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მოთხოვნები პროცესს ჩიხში შეიყვანს და დაგვაკარგვინებს მთავარ მიზანს - მართლმსაჯულების აღსრულებას. დეპუტატი არარელევანტურად მიიჩნევს აქციის მონაწილეთა მოთხოვნას იუსტიციის და შს მინისტრების გადადგომის თაობაზე.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, საკითხი არ გადავიდეს ისეთ სივრცეში, რომელიც საერთოდ დაგვაკარგვინებს იმის შესაძლებლობას, რომ მიზანი იყოს მიღწეული. მიზანი არის მართლმსაჯულების აღსრულება და საქმეზე სამართლიანობის დადგენა, ამიტომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ამ პროცესის პოლიტიზირებას გამოიწვევს და დაშორდება თვითონ ამ მიზანს, პირიქით, ხელს შეუწყობს საზოგადოების გაუცხოებას ამ პრობლემასთან მიმართებაში“, - აღნიშნავს ფოფხაძე.
როგორც დეპუტატი განმარტავს, ესმის, რომ ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში არსებობს ეჭვები და ყველას მიმართ შეიძლება პრეტენზია დავაყენოთ, რომ თუ შოთაძე გადადგა, ყველა რატომ არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ არის რეალობა, ქვეყანას სჭირდება სამართლებრივი განვითარება.
„იმ მინისტრების წასვლით, ვინც ახორციელებდნენ რეფორმებს, მართლა ცდილობდნენ, ქვეყანაში სამართლებრივი გარემო შეეცვალათ და სწორი ნაბიჯებით ქმნიდნენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს, ეს საქმე ვერაფერს მოიგებს. თუ მექნება იმის რწმენა, რომ კონკრეტული საკადრო ცვლილებებით ამ საქმის სასარგებლო შეიძლება რაღაც მოხდეს, შეიძლება ამ მოთხოვნების რელევანტურობაზე მეც ვიფიქრო, მაგრამ არ არის ეს სწორი. უნდა ვიფიქროთ მართლმსაჯულების აღსრულებაზე და არა პოლიტიკურ მოთხოვნებზე, რომელიც ამ პროცესს ჩიხში შეიყვანს და დაგვაკარგვინებს მთავარ მიზანს - მიზანი კი არის მართლმსაჯულების აღსრულება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ამასთან, ფოფხაძე სამართლებრივად არასწორად მიიჩნევს რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმას და იხსენებს მის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს, როდესაც მომიტინგეებს გზას არავინ გადააკეტინებდა, თუ მათი რაოდენობა ფიზიკურად არ იყო საკმარისი.
„ვიღაცას შეიძლება გაუხარდეს, რომ ჩვენ კონფლიქტში შევიდეთ საპროტესტო აქციასთან, მაგრამ საზოგადოებას ეს არ სჭირდება. მე მინდა მივმართო აქციის მონაწილეებს - თუ არ გავლენ სამართლებრივ ჭრილში და არ ითანამშრომლებენ სამართალდამცველ სტრუქტურებთან, პროცესი არაჯანსაღ ხასიათს მიიღებს“, - დასძინა გედევან ფოფხაძემ.