„ნუ მომკლავ“ – ამ ლოზუნგის ავტორები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ. ნაციონალებს ამ განზრახვაში მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიცია და ერთობლივად მოითხოვენ ხელისუფლებისგან მკვლელების დასჯას, ამავე ხელისუფლებას მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებენ და ამ მოტივით ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, მკვლელების ხელისუფლებას არ აქვს უფლება მართოს სახელმწიფო.
ბრალდების ავტორი იმ ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რომელთა რეჟიმს არაერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. „ნაცონალურმა მოძრაობამ“ საზარელი მკვლელობა ე.წ. „ვარდების რევოლუციიდან“ ერთი წლის თავზე დაიწყო.
- რეჟიმის პირველი მსხვერპლი ამირან (ბუტა) რობაქიძე გახდა. შემთხვევა 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან რობაქიძე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება დააკავეს.
- მომხდარიდან მეორე დღეს, შსს-ს პრესამსახურის მიერ მომზადებულმა გადაცემა „პატრულმა“ საზოგადოებას ამცნო, რომ რობაქიძეს სამართალდამცავებმა ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის დაკავებისას ესროლეს. რობაქიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, პატრულმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა კი თავდაცვის მიზნით საპასუხოდ გაისროლა. რობაქიძე ადგილზე გარდაიცვალა.
- 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონში, სოფელ ეცერში სპეცოპერაცია ჩატარდა –სპეცოპერაციას შს მინისტრი გია ბარამიძე, უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. მასში ჩართული იყო გულუას სახელობის სპეცრაზმი, უშიშროების ანტიტერორისტული ცენტრის ქვედანაყოფი და ათამდე ვერტმფრენი მონაწილეობდა. ამ გახმაურებული სპეცოპერაციის შედეგად დახვრიტეს მამა–შვილი ომეხ და ევგენი აფრასიძეები; დაჭრილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს.
- „ვარდების რევოლუციიდან“ 2 წლის თავზე 2005 წლის 3 თებერვალს დღემდე გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით) გარდაცვლილი იპოვეს ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორი რაულ უსუპოვი. ნაციონალურმა ხელისუფლებამ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო მოიწვია, თუმცა ბიუროს დასკვნის გამოუქვეყნებლობის მიზეზად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა – „ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანის ბევრ ძალიან ღრმა და ისეთ დეტალს… ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათა წმინდა. თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის ვინმე ოჯახის წევრისთვის, ეს მათ სინდისზე იყოს“, – აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი.
- 2006 წლის 28 იანვარს შსს–ს კონსტიტუციური დეპარატამენტის თავმჯდომარის, დათა ახალაიას, კუდ–ის გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის და შსს–ს პრეს–სამსახურის უფროსის გურამ დონაძის ბრძანებით, კუდ–ის მაღალჩინოსნებმა ოქროყანის სასაფლაოზე აწამეს და შემდეგ მოკლეს სანდრო გირგვლიანი. ამ საზარელ მკვლელობაში ფიგურირებდა შს მინისტრსი ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია.
- 2006 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა – დავით ახალაიამ, გიორგი მაზმიშვილმა, ლევან ქარდავამ, გიორგი დგებუაძემ და შალვა თათუხაშვილმა ავტომატებიდან ერთდროულად დამიზნებით განახორციელეს გასროლა ახალგაზრდების მიმართულებით. სამივე ახალგაზრდა – 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის შოთა გორგაძე და 23 წლის მარად ართმელიძე ჩაცხრილეს. მაშინ ხელისუფლებამ „ეფექტური“ სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზად დაასახელა, რომ რუსთავის ციხეზე შეიარაღებული თავდასხმა და პატიმრების მასობრივი გაქცევა ჩაშალა.
- 2006 წლის 2 მაისს ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ე.წ. სპეცოპერაციის დროს მანქანას 97 ტყვია მოხვდა, ხოლო ზურაბ ვაზაგაშვილს 8 ცეცხლსასროლი ჭრილობა და ალექსანდრე ხუბულოვს 9 ცეცხსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა სხეულზე. გახმაურებულ სპეცოპერაციაში ჩართული იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნები – შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, საკონტროლო გასროლები განახორციელა.
- 2007 წლის 20 მაისს თბილისის ცენტრში მოკლეს აკადემიკოსი გურამ შარაძე. მას ქვეითად მიმავალს ესროლეს. ეჭვმიტანილი მკვლელობიდან დაახლოებით ნახევარ საათში დააკავეს. 29 წლის გიორგი ბარათელმა დანაშაული აღიარა. თუმცა, გამოძიების ამ ვერსიას ამ დრომდე არ იზიარებს აკადემიკოსის ოჯახი. შეგახსენებთ, რომ 2004 და 2006 წლებში „ვარდების“ ხელისფლებამ გურამ შარაძე „ხულიგნობისთვის“ ორჯერ დააპატიმრა.
- 2008 წლის 11 ივნისს, მოსკოვის პროსპექტზე მომხდარი დღემდე გაუხმაურებელი ინცინდენტის მსხვერპლის – 30 წლის ვასილ ამონიშვილის დედა აცხადებდა, რომ მისი შვილი ძმებმა ბერძენიშვილებმა მოკლეს, რომელთაგან მისივე განმარტებით, ერთი მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრია, ხოლო მეორე – პოლიციელი, ისან-სამგორის მთავარი სამმართველოს პირველი ქვეგანყოფილების თანამშრომელი.
- 2008 წლის 16 აგვისტოს აწამეს და შემდეგ აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან კომანდოს ბატალიონის სერჟანტი როინ შავაძე მოკლეს. მოკლულს გულმკერდის არეში 22 ტყვია ჰქონდა ნასროლი. ჯარისკაცის მკვლელობის შემდეგ ძიება ორი მუხლით დაიწყო - ნარკოტიკის უკანონო შენახვა (რაშიც როინ შავაძე დღემდე ეჭვმიტანილად ითვლება) და განზრახ მკვლელობა.
- მაშინდელმა ხელისუფლებამ შავაძის მკვლელობისთანავე გაავრცელა ცნობები, რომელთა თანახმად შავაძე მოღალატე იყო და ასე სასტიკად ამიტომ გაუსწორდნენ. სანამ მოკლავდნენ, სერჟანტი შავაძე 20-მდე სპეცრაზმელმა ცემით გამოიყვანა სახლიდან. მეზობლების გამოქომაგებაზე, თუ რას ერჩიან თავდადებულ ჯარისკაცს, ნიღბიანები იძახდნენ – ეგ მოღალატეა.
- 2008 წლის 16 აგვისტოს კუდი–ის მაღალჩინოსნებმა დააკავეს სამეგრელო–ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს თანამშრომელი დათო ცინდელიანი. ცინდელიანი ბათუმში კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას გადასცეს. შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა.
- შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ა–რ კუდ–ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი, შამათავამ დათო ცინდელიანი ჩასვა აღნიშნულ ნავში, აუხვია თვალები, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.
- 2008 წლის 27 აგვისტოს, ქ. ზუგდიდში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დაზვერვის თანამშრომელი პაატა ქარდავას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხელბორკილდადებული და თვალებახვეული ქარდავა გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში, სადაც გადასცეს რომან შამათავას და მის თანამზრახველებს. შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა გადაიყვანეს ქ. ბათუმში და მიიყვანეს შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რომელიც თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფდა აღნიშნულს.
- შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა ა–რ კუდ–ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, ბორკილდადებული და თვალებახვეული ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, რომან შამათავამ მას ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.
- 2011 წლის 25 სექტემბერს „ჯაშუშობაში“ ეჭვმიტანილი თადარიგის ოფიცრი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში წამებით მოკლეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ყოფილი ხელისუფლები პირობებში გულის შეტევა დასახელდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომლის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა.
- 2008 წლის 8 მაისს თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა 31 წლის გიორგი გამცემლიძე მოკლა. გამცემლიძის დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ მან საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. ოფიციალური ვერსიით, გამცემლიძე შეიარაღებული იყო და პოლიციელების ბრძანებას, გაჩერებულიყო, არ დაემორჩილა და პოლიციის თანამშრომელმაც სწორედ იმიტომ ესროლა მას, რომ მასში საფრთხე დაინახა. მანქანიდან გადმოსული გამცემლიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს. გამოძიების მსვლელობისას იარაღიც „ამოიღეს“, მაგრამ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ამ იარაღზე გიორგი გამცემლიძის თითის ანაბეჭდები არ იყო.
ბედის ირონიით, ამ შემზარავი მკვლელობების შემოქმედი პოლიტიკური ძალა დღეს, აქციის - „ნუ მომკლავ“ ორგანიზატორია.