შსს-მ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამ ეტპაზე უცნობია გაასაჩივრებენ თუ არა მირზა სუბელიანის ადვოკატები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.
როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე მას მირზა სუბელიანთან კონსულტაციები ექნება. მისივე შეფასებით, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო.
„როგორც ქართული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო პრაქტიკით, პატიმრობა გამოიყენება როგორც უკიდურესი აუცილებლობა. არ შეიძლება ადამიანს თავისუფლება ჯეროვანი დასაბუთების გარეშე შეეზღუდოს. პატიმრობის გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს ისეთი საფუძვლები, როგორიცაა: მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამ საფრთხეებიდან ერთ–ერთი მაინც უნდა არსებობდეს, რომ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
„ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია მირზა სუბელიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იყოს პატიმრობა, რათა მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს“, - აღნიშნა სუბელიანის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.
მისი განმარტებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მირზა სუბელიანმა ჩაიდინა შეუტყობინებლობა და ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს არ მიაწოდა.
„მირზა სუბელიანს ბრალად ედება, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. 2017 წლის 1–ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, კალანდიების ოჯახში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი იყო გ.ჯ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიუხედავად მის მიერ არ მოხდა საგამოძიებო ორგანოსთვის ამ ინფორმაციის მიწოდება“, – განაცხადა პროკურორმა. მისივე განმარტებით, არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები.
ბრალდების მხარე ასევე მოითხოვს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მერაბ მორჩაძის მიმართ, რადგან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მორჩაძე მოახდენს მოწმეებზე ზემოქმედებას და მტკიცებულებების მოპოვებას ხელს შეუშლის.
საოლქო სასამართლოს განცხადების თანახმად, მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს გაიმართება.
როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა:
„მირზა სუბელიანთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ არის საპოვნელი, მათ შორის იმ კუთხითაც, კიდევ ხომ არ იკვეთება სხვა დანაშაული, მაგალითად, გარკვეული სამხილების განადგურების ან რაღაცის შეცვლის ფაქტი. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ეს არ არის კვანძის ბოლომდე გახსნა და ეს არ არის ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო კომისია ყველა საკითხზე გააგრძელებს მუშაობას, მათ შორის შეეცდება კითხვებს პასუხი გასცეს, რომელზეც ჯერჯერობით, თითქოს, გასცა შს სამინისტრომ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, არ არსებობს არავინ, ვინც კანონზე მაღლა დადგება და ვის მიმართაც იქნება რაიმე ტიპის ინდულგენცია და ხელშეუხებლობა, თუკი კანონით ამის წინაპირობა არსებობს.
ბესელიას თქმით, სუბელიანის დაკავების სამართლებრივი წინაპირობა იყო კონკრეტული ახალი გარემოებები, რომელიც მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ერთ-ერთმა პირმა დუმილი დაარღვია და სასამართლოს ჩვენება მისცა.
რაც შეეხება მუხლის კვალიფიკაციას, ბესელიას თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებული გარემოებების მიხედვით, საქმე კვალიფიცირებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით.
„ამ მხრივ გაგრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მომავალში არ გამოირიცხება სხვა პირები გამოიკვეთოს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე კანონით თუ რა მტკიცებულებები შეკრიბება და არა ვინმეს სურვილით თუ ვარაუდებით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შსს-მ ხელახალი გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი გამოკითხა, ორი კი დააკავა, თუმცა, ვინ მოკლა სისხლიანი გარჩევისას დავით სარალიძე, ამ დრომდე უცნობია.