აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ყოველდღიურად მინისტრების ახალი გვარები ემატება

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ყოველდღიურად მინისტრების ახალი გვარები ემატება

ხორავას ქუჩის საქმის გასაპროტესტებლად საზოგადოების და პოლიტიკოსების ერთი ნაწილი დაპირებისამებრ, 10 ივნისს რუსთაველზე შეიკრიბა. თუმცა, როგორც ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოქალაქეებზე ხორციელდება ზეწოლა, რომ პარლამენტთან მიმდინარე სოლიდარობის აქციას არ შეერთებოდნენ.

მომიტინგეებს უკვე პოლიტიკური მოთხოვნები აქვთ და რამდენიმე მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ზაზა სარალიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ არ გადადგება შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე პასუხისგებაში არ მიეცემიან საქმის პროკურორი და ყოფილი მთავარი პროკურორი და არ მოხდება მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დაკავება.

ზაზა სარალიძე დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანთან ერთად გადაადგილდებოდა, ვინაიდან აქციის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ მასზე რამე ტიპის პროვოკაცია განხორციელდეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე იმასაც აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე კარვები მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩება.

„გახარიას უწყება რომ აყალბებდა ამ საქმეს, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. დღეს ამაში დავრწმუნდი. მეჯახება მთავრობა და სისტემა?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ და არ დაიჭერენ იმ პირებს, ვინც ამ მკვლელებს ხელი დააფარა. კარვების გზაზე გადატანა ჩემი გეგმის უკიდურესი ნაწილი იყო. მე მოვუწოდე მმართველ პარტიას გვერდში დამდგომოდა, მაგრამ არავინ მოვიდა“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

როგორც სარალიძემ განაცხადა, ყველასთან კომუნიკაციას ერიდებოდა, „რათა შარი არ მოედოთ, რომ ჩემს უკან პოლიტიკოსები დგანან... მას შემდეგ, რაც პრემიერს შევხვდი, მე დღემდე არავისთან კომუნიკაცია არ მქონია. მხოლოდ გუშინ ვისაუბრე ტელეფონზე, რათა გამერკვია დღეს რომელ საათზე იქნებოდა აქცია. ყველასთან კომუნიკაციას ვერიდებოდი, რათა შარი არ მოედოთ, თითქოს ჩემს უკან პოლიტიკოსები დგანან. დღეს სწორედ იმიტომ მოვუწოდე მმართველ ძალას აქციაზე გამოსასვლელად, რომ ყველანაირი პარტიული ინტერესები გამოირიცხოს“, - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მმართველ პარტიას მოუწოდა, აქციაზე მის მხარდასაჭერად მისულიყვნენ.

„ევროპული საქართველო“ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს“, - ამის შესახებ პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და გავაკეთებთ ყველაფერს სიმართლის დასადგენად. ამავე დროს, საქართველოს ყველა მოქალაქეს და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, აქვს ლეგიტიმური უფლება გამოხატოს პროტესტი მშვიდობიან ფორმებში“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

აქციაზე ერთ-ერთ მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტიც მოხდა - აქციის დროს ახალგაზრდა მამაკაცს სურვილი ჰქონდა სიტყვით გამოსულიყო და შეკრებილი მოქალაქეებისთვის მიემართა, თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ორგანიზატორებმა ამის საშუალება არ მისცეს და მას სუს-ის აგენტობა დააბრალეს.

სიტუაციის განმუხტვის მიზნით საპატრულო პოლიციამ აღნიშნული მოქალაქე ტერიტორიას განარიდა.