ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ საპროტესტო აქციას აეროპორტის თუქული ოპერატორის „ტავ ჯორჯიას“ წინააღმდეგ 10 ივნისის შემდეგ გამართავს. როგორ ავიასფეროს ექსპერტები ამბობენ, შეიძლება ქართულ გადამზიდავს სხვა კომპანიების შეუერთდნენ.
ავიაკომპანიის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის ინფორმაციით, პროტესტს უშუალოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გამოხატავენ. აქციის შესახებ ავიაკომპანიამ თავის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა და მისი გამართვა მიმდინარე კვირის ბოლოს დააანონსა, თუმცა პარლამენტის წინ დაგეგმილმა დიდმა პოლიტიკურმა პროტესტმა მათი გეგმები ცოტათი შეცვალა.
„მოგეხსენებათ რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც შედეგი არ გამოიღო.
სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა, რომ ვაიძულოთ „ტავ ურბან ჯორჯია“ გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ. დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“, - აღნიშნული იყო განცხადებაში.
ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის დაპირისპირება უკვე წლებია გრძელდება. როგორც ჩანს, საკითხს სიმწვავე ართუ აკლდება, პირიქით, ემატება კიდეც.
ავიაციის სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასთან“ მოქმედი კონტრაქტის პირობები კაბალურია. როგორც ექსპერტი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, „ჯორჯიან ეარვეისის“ პროტესტს რეალური საფუძველი აქვს და მოსალოდნელია, მას სხვა ავიაკომპანიებიც შეუერთდნენ.
„აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომელიც „ჯორჯიან ეარვეისს“ გააჩნია „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ დაკავშირებით. მეტიც, ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ჯორჯიან ეარვეისში“ გახლდით, დავიწყეთ სერიოზულად სიმართლის დამტკიცება თურქული კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც აბსოლუტურად კაბალურად მოქმედებს საქართველოში და ყოველწლიურად ასეულ მილიონობით დოლარს ეზიდება საქართველოდან.
ეს ნიშნავს, რომ მათი სერვისები და მათ მიერ მიღებული შემოსავალი ხარისხობრივადაც კი არ ემთხვევა იმ ვალდებულებებს, რომლებიც კომპანიას ხელშეკრულების მიხედვით აქვს აღებული.
აეროპორტების მოსაკრებელი იმდენად ძვირია საქართველოში, რომ არანაირად არ შეესაბამება რეალობს. ვფიქრობ, ტარიფების გადახედვაზე ცალკეულმა კომპანიებმაც ღიად უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. არ გამოვრიცხავ, სხვა ავიაკომპანიებიც შეუერთდნენ, რადგან მათი ბილეთებიც დამოკიდებულია იმ ტარიფებსა და მოსაკრებელზე, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ იღებს და მოსახლეობას ბეგრავს“, - აცხადებს ზაუტაშვილი.