მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე დააკავეს, ვინ იქნება შემდეგი?

მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე დააკავეს, ვინ იქნება შემდეგი?

შსს-ში მორიგი დაკითხვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, მირზა სუბელიანი დააკავეს. ის საგამოძიებო ორგანოში უკვე მესამედ მიიყვანეს. ბოლოს, ორი დღის წინ, 9-საათიანი დაკითხვის შემდეგ, სუბელიანმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავდა მის მიმართ ბრალის წაყენებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

„რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გუშინ უკვე დააკავეს კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ნათესავი, მერაბ მორჩაძე, რომელსაც ასევე, გამოძიებაზე ზემოქმედებას ედავებიან.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმემ მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს. სასამართლოში საქმის განხილვისას ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, რომელიც მანამდე თანამშრომლობდა გამოძიებსათან, შეცვალა ჩვენება. გარდა ამისა, ბრალდებულებმა, რომლებიც გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდნენ, პირველად სასამართლოს ბოლო სხდომაზე მისცეს ჩვენება.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა, აგრეთვე მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილმა სხვა მტკიცებულებებმა, საქმეში გამოკვეთა ახალი გარემოებები, კერძოდ, პროცესის მონაწილეებზე შესაძლო ზეწოლის და სხვა პირთა მიერ დანაშაულის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტები.

„სასამართლოში გამოვლენილი ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება მკვლელობის ძირითადი საქმისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

შედეგად, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია ორი პირი. კერძოდ,

მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

შედეგად, 2018 წლის აპრილში სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ეჭვობს, რომ სწორედ მირზა სუბელიანია გამოძიების მასალების გაყალბების მთავარი ფიგურანტი და მისი მთავარი მოთხოვნა აქციების დროს, ხელისუფლების მიმართ, სწორედ სუბელიანის დაკავება გახლდათ.

იმ დროს, როდესაც ხორავას ქუჩაზე დანაშაული მოხდა, სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც საქმე ხელახალი გამოძიებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

შს სამინისტროში მესამედ გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მირზა სუბელიანმა შსს-ში ადვოკატი გამოიძახა.

მირზა სუბელიანის შვილი სწორედ, ის მოსწავლეა, რომელსაც გამოძიების ცნობთ, პნევმატური იარაღით უფროსკლასელები დაემუქრნენ.

ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის შვილს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი ფიგურანტია, გამოძიების საქმის მასალებში მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს და პროკურატურას მისთვის არანაირი ბრალდება არ წაუყენებია.

პროკურატურის ინფორმაციით და გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამასთან, ა.ს დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა.

სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა ა.ხორავას ქუჩა №4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.

ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე დღეს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას ზაზა სარალიძის მხარდამჭერი მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების პირველივე დღეს გადადგა მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე. საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, პარლამენტში კი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობა უმცირესობის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.