სარალიძე ბესელიას ბოიკოტს უცხადებს

სარალიძე ბესელიას ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს უკვე მუშაობას შეუდგება. სხდომის დაწყებამდე ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს შეხვდება. შემდეგ კი, სხდომების მიმდინარეობის პროცესში, განხილვის ყველა ეტაპზე ჩაერთვება კომისიის მუშაობაში საკუთარ ადვოკატთან ერთად. რამდენადაც ცნობილია დღევანდელ სხდომაზე ზაზა სარალიძე მის ხელთ არსებულ მასალებს გააცნობს კომისიას.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის არჩევას, დებულების დამტკიცებას და საორგანიზაციო საკითხის განხილვასაც გულისხმობს.

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ კონტროლზეა პროცესი აყვანილი და ყველა დონეზე შეინიშნება მცდლობა, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს, დაზარალებულ მხარეს ხელისუფლებასთან კვლავ პრეტენზიები აქვს და როგორც მისი განცხადებებიდან ირკვევა, მის ნდობას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ან ყოფილი ნაციონალები იმსახურებენ - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარის მამა პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს.

„ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის წინ.

„ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, არ დავუჯდები სასაუბროდ, გამორიცხულია. დანარჩენი ყველანაირად მზად ვარ, აბსოლუტურად ამომწურავად მოგაწოდოთ ყველაფერი ნებისმიერი დეტალი, თუ რაიმე ინფორმაცია გამაჩნია“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ ეკა ბესელია არის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არის სისხლის სამართლის სპეციალისტი, აქვს დიდი გამოცდილება და ამიტომ მოხდა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისი ჩართვა.

მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით წარმოდგენილია არა „ქართული ოცნება“, არამედ საპარლამენტო უმცირესობა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამ კონტექსტში პერსონიფიცირება სწორი არ არის.

„სრული კარტბლანში აქვს ოპოზიციას, ამ შემთხვევაში - უმცირესობას. უმრავლესობას კომისიაში გადამწყვეტი ხმა არ ექნება, რადგან „ქართული ოცნება“ მხოლოდ 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სარალიძის განცხადებას:

„ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს. ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან! მე არც ერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთერში სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას. „ნაციონალურ მოძრაობას“ რასაც ვეუბნები, ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ! ძალიან უცნაურია იმ კომისაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და „ევროპული საქართველოს“, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას. ეს უკვე მართლაც ბევრის მთქმელია ჩემთვის“, - აცხადებს ბესელია.

მამუკა მდინარაძე, რომელიც ამავე დროს, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრია, აღნიშნავს, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, დასამალი არაფერი აქვთ და არავისზე აპირებენ ხელის დაფარებას.

„თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ პრეცედენტები, თუ რამდენი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა ხელისუფლება კონკრეტულ საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ. პირველ რიგში, მოხდება საქმის მასალების გამოთხოვა, ჩავიხედავთ თუ რა ხდება საქმეში, ამის შემდეგ შინაარსთან დაკავშირებით უფრო მეტად შევძლებთ მსჯელობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, კომისია ფართო ჩართულობით იმუშავებს, იმ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად, რომელიც საზოგადოებას გააჩნია.

„არავის დაკითხვა და გამოკითხვა კომისიაზე, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის, არც იუსტიციის მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების არ არის გამორიცხული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა გამოიკვეთება საქმის შესწავლისას, თანამდებობის პირები ერეოდნენ თუ არა პროკურატურის საქმიანობაში და რომელი თანამდებობის პირები ცდილობდნენ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლას“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

როგორც დაზარალებული მხარე აცხადებს, არიან ისეთი პირები, ვინც საერთოდ დაკითხულიც კი არ ყოფილა, ამიტომ, აუცილებლად დაიბარებს კომისია მათ და გაესაუბრება. ზაზა სარალიძის თქმით, კომისიის თვმჯდომარეს და სხვა წევრებს, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, ყველა ინფორმაცია მიაწოდა, რაც მას ამ ეტაპზე გააჩნია.

„აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია რაც ჩემს ხელთ იყო არსებული, იურიდიული განხრითაც და ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციები, რაც საქმის მასალებში ჩანს, რომ საქმე არის შეკერილი, ყველა ინფორმაციაზე ვისაუბრეთ. უნდა დაიბარონ ყველა ის პირი, პროკურორები, გამომძიებლებიც, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცდილობდა ამ საქმის შეკერვას. დავასახელე რამდენიმე მოწმე, თუმცა მათ ვინაობას არ დავასახელებ გამოძიებას ხელი რომ არ შეეშალოს. არიან ისეთი პირები, რომლებიც დაკითხულებიც კი არ არიან. აუცილებლად დაიბარებს კომისია ამ პირებს და გაესაუბრება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.