ხორავას ქუჩის საქმეზე ახალი დაკავებები დაიწყო

ხორავას ქუჩის საქმეზე ახალი დაკავებები დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.

„მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, -აღნიშნავენ უწყებაში.

ბრალდებულს ბრალად ედება ზეწოლის მოხდენა მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტსა ან თარჯიმანზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეების - დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ.

დაკავებულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

„ერთ-ერთი მოზარდის ნათესავი ვარ. მართლა არაფერი ვიცი. სიმართლე არ მგონია, რომ დაიკარგოს. არ ვიცი, რა ბრალდებით ვარ დაკავებული, გამოვალ და მერე გეტყვით“, - განაცხადა მორჩაძემ.

როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა - საქმის გამოძიების ფარგლებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი დაკითხვაზეა დაბარებული.

უკვე დაიკითხა მირზა სუბელიანი, რომლის შვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის მონაწილე იყო.

გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა გამოძიებისგან მოითხოვს, მირზა სუბელიანის, როგორც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალის დადგენას, გამოძიების მსვლელობაზე გავლენის თვალსაზრისით.

როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, მას არ ჰგონია, სუბელიანი შსს-ში დაკითხვაზე ყოფილიყო. მისი თქმით, შესაძლოა, გუშინ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მის დაკავებასთან დაკავშირებით.

„თქვენ გგონიათ, რომ 9 საათი ჭირდებოდა ამ კაცის დაკითხვას? მე არ მგონია, რომ ეს იქ დასაკითხად ყოფილიყო. ალბათ, მოლაპარაკება მიდიოდა იმასთან დაკავშირებით დაეკავებინათ თუ არა. პირველი დაკითხვაა ზოგადად გრძელვადიანი და მერე ინფორმაციის დაზუსტებები ხდება, რაც დაახლოებით 1 ან 2 საათს გრძელდება“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია ამ საქმეში მაღალჩინოსნების ჩარევაზე, ზაზა სარალიძემ განმარტა, რომ „კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე ჯერ არ გასულა და როგორც კი გამოავლენს ვინმეს, საჯაროდ დაასახელებს ყველას“.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის დაკავება მან პირველივე დღეს მოითხოვა, მაგრამ ფაქტია, რომ ის არ დაუკავებიათ.

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს თუ რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს.

„ჩვენი წყაროს ცნობით, ამ ყველაფერზე მას უკვე აქვს წერილობითი ვრცელი ჩვენებები დაწერილი და დიდი ბაინდერით აქვს მის სიმამრ ბორის კაკუბავას თურქეთში წაღებული, თანდართული ვიდეომასალებით: ვანო მერაბიშვილის გაყვანის საკითხი; ქურდებთან მოლაპარაკება - საარჩევნო მხარდაჭერა გაიცვალა ქურდების კორიდორში და ზონაში ობშიაკის აღდგენაში; ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და სხვა პოლიტპატიმრების დაზეთვა (უკანონო მოსმენა და თვალთვალი) და მათი ადვოკატებთან საუბრების უკანონო ჩაწერა. აი ასე“, – წერს სოციალურ ქსელში გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე ხელახალი გამოძიება ქუჩის აქციების ფონზე მიმდინარეობს - დაზარალებულ მხარეს ხელისუფლებისთვის ვადები აქვს მიცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკურ აქციებში ჩართვით იმუქრება. აღსანიშნავია, რომ ამჯერად, აქცია იუსტუციის სახლთან მიმდინარეობს, სადაც მონაწილეები იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.