„მემანქანეების შემდეგ სხვებიც მოითხოვენ თანხების გაზრდას და დომინოს პრინციპი ამოქმედდება“

„მემანქანეების შემდეგ სხვებიც მოითხოვენ თანხების გაზრდას და დომინოს პრინციპი ამოქმედდება“

ხელფასების თემა კიდევ ერთხელ გახდა დაძაბულობის მიზეზი. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ, თუკი მერია მზად იქნებოდა, მეტროს მემანქანეებისთვის სარგო მოემატებინა, ეს ნამდვილად გამოიწვევდა უსამართლო სახელფასო დისპროპორციას.

შესაბამისად, ნორმალურ ანაზღაურებას მოითხოვდნენ სახელმწიფო თუ კერძო სექტორში მომუშავე სხვა ადამიანებიც, თუნდაც მეშახტეები და სხვები, რომლებიც, ასევე, მძიმე პირობებში მუშაობენ. რას უფრთხის ხელისუფლება, დომინოს პრინციპის ამოქმედებას?

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აქ დომინოს პრინციპზე არ შეიძლება იყოს საუბარი, რადგან მეშახტეები კერძო სტრუქტურაში მუშაობენ და მათი ანაზღაურების მატებაზე თავად დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს. მეორე მხრივ, კერძო სექტორში ხელფასის მომატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანების შრომის ნაყოფიერება, ანუ ე.წ. პროდუქტიულობა იზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი შრომის ნაყოფიერება ეცემა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ხელფასის მომატების საფუძველი ძნელად შეიძლება მოიძებნოს.

რაც შეეხება მუნიციპალური დაქვემდებარების უწყებას, როგორიც მეტროპოლიტენია, დემურ გიორხელიძე ადასტურებს, რომ იქ მუშაობისთვის საკმაოდ მძიმე პირობებია. ამდენად, როგორი უნდა იყოს ხელფასი და იქ მისაღები სოციალური პირობები, რომ ადამიანები ყოველთვიურად არ გაიფიცნენ, ეს საფიქრალია.

„მე არ ვფიქრობ, რომ დედაქალაქის, ან თუნდაც სახელმწიფო ბიუჯეტი იმდენად ოპტიმალურადაა დაგეგმილი და იმდენად სწორად გამოიყენება, რომ რაიმე მანევრი არ შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვიცით ჩინოვნიკთა ხელფასების შესახებ, რომლებიც არაადეკვატურად მაღალია. ამიტომ არა მგონია, დღევანდელი ხელისუფლების არგუმენტები მეტროს მემანქანეთა მიმართ მთლად საფუძვლიანი იყოს. თუმცა ახლოს არ ვიცნონ ამ საქმეს და არც ის ვიცი, მემანქანეთა მოთხოვნები თბილისის ბიუჯეტს რამდენად მძიმე ტვირთად დააწვება. მაინც მგონია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ეტაპობრივად შეიძლება. შეიძლება, ხელფასების ზრდა დროში ნელ-ნელა დაიგეგმოს და მატების 3-5-წლიანი პროგრამა შემოგვთავაზონ. დაუშვებელია ის ხისტი განცხადებები, რომელიც მე მოვისმინე მერიის საკმაოდ ახალგაზრდა თანამშრომელთა მხრიდან. ასეთი კონფრონტაციული ტონით საუბარი არ შეიძლება, რადგან მემანქანეებსაც შეიძლება უამრავი პრეტენზია ჰქონდეთ მერიის მაღალჩინოსანთა დანამატებსა და პრემიებზე.

ამდენად, არგუმენტირებული უნდა იყოს ხელისუფლების ყველა პასუხი და ხელისუფლება არ უნდა უყურებდეს გაფიცულ მუშაკებს, როგორც მტრებს, ან ოპოზიციის ფარულ ქმედებაში შემჩნეულებს. ადამიანებს სჭირდებათ არსებობა, მათ სჭირდებათ თავისი შრომის შესაბამისი ნორმალური ანაზღაურება“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე და კახა კალაძის ნათქვამსაც ეხმიანება იმის შესახებ, რომ მეტროპოლიტენი წამგებიანი სტრუქტურაა და ყოველწლიურად თავის სამუშაოს მინუს 16 მილიონით ამთავრებს.

ექსპერტის განმარტებით, თუკი ეს ორგანიზაცია მინუსებში ამთავრებს საქმიანობას, მაშინ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მენეჯმენტის შეცვლაზე, რომელიც ვერ ახერხებს მომგებიანად მუშაობას. მისივე თქმით, მეტროპოლიტენი ისეთი სიკეთეა, რომელიც ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომ აქ მოგებაზე თუ არ არის საუბარი, ყოველ შემთხვევაში, რაციონალურ დანახარჯებზე მაინც უნდა ვიფიქროთ. მით უმეტეს, რომ მეტროპოლიტენი ხელისუფლების მიერ შექმნილი ისეთი პროდუქტია, რომელსაც ვერ დაკეტავ და ამ ხარჯებს სხვაგან ვერ გადაანაწილებ. ამიტომ, უნად ვიფიქროთ, რამდენად სწორად იმართება ეს ორგანიზაცია, რამდენად ოპტიმალურია დანახარჯები, რასაც უკვე მეტროს ფინანსებში ჩახედვა სჭირდება.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 45%-ით, ანუ ასეთი დიდი განაკვეთით ხელფასის მომატება ცოტა რთულია და ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე ეკონომიკური.

„ასე მაღალი განაკვეთით ერთდროულად მოუმატონ ხელფასები, ასეთი რამ არ გამიგია. ეს აქციები ერთი-მეორის მიყოლებით ისე მიეწყო, დარწმუნებული ვარ, ამაში სერიოზული ხელი ურევია. ჩემი აზრით, მემანქანეების უწყინარი მოთხოვნების მიღმა, შეიმჩნევა ვიღაცების სპეციალური ჩარევა, რათა ქვეყანაში არეულობა იყოს. თორემ აქ აბსოლუტურად ახალი არაფერია. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ხელფასი დაბალია, სამუშაო არ არის, ამიტომ ეს უხილავი ხელით მართული პროცესებია. არ ვიცი, „ნაციონალები“ დგანან ამის მიღმა, თუ სხვები, მაგრამ, ვისაც ქვეყანაში არეულობა სურს და, ვინც ულტიმატუმის ენით საუბრობს, იმის ნახელავია“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

მისივე თქმით, შეიძლება ხელფასების მატება 3-4-5%-ით, ევოლუციურად, ნელ-ნელა და არა ერთდროულად 45%-ით. ისიც შეიძლებოდა, მეტროს მემანქანეებს 2 საათით გამაფრთხილებელი გაფიცვა მოეწყოთ, მაგრამ ასე პერმანენტული, გადაუდებელი გაფიცვა მეტროს თანამშრომლების მხრიდან გაუგებარია, ეკონომიკურ ზარალზე რომ არაფერი ვთქვათ.

ექსპერტის აზრით, მემანქანეების შემდეგ სხვებიც მოითხოვენ თანხების გაზრდას და დომინოს პრინციპის ამოქმედება მოსალოდნელია. ამდენი თანხა კი ბიუჯეტს არ აქვს. ამდენად, მხოლოდ მოლაპარაკებებშია გამოსავალი და ორივე მხარემ გონივრულად უნდა იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მიმართულებით უხილავი ხელი მოძრაობს.