პატივცემულო კოლეგებო,
დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა და აკადემიის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული მოსაზრებების საჯაროდ დაფიქსირება ჩემს ზნეობრივ ვალად მიმაჩნია. უმორჩილესად გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ და საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ.
მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი აკადემიის 17 აკადემიკოსის სარჩელი და გააუქმა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც კრძალავდა აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე 70 წელზე მეტი ასაკის მქონე პირთა არჩევას. ალბათ, ისიც კარგად გახსოვთ, რომ აღნიშნული მუხლის კანონში შეტანის ინიციატორი მე გახლდით და, კაცმა რომ თქვას, არცთუ რაიმე არსებითი ხასიათის სიახლე შემომიტანია, რადგან მსგავსი შეზღუდვები უცხო არ არის როგორც ქართული ისე დასავლური კანონმდებლობისთვის. მაგალითად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად დაუშვებელია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორად, ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად 65 წელზე მეტი ასაკის პირის არჩევა.
ასეთ ფონზე აბსურდულია მოსარჩელეთა მსჯელობა სადავო ნორმის დისკრიმინაციულობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან უთავსებადობის შესახებ. დირექტორობა, რექტორობა ან პრეზიდენტობა მეცნიერისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია და ხანდაზმული, ღვაწლმოსილი პიროვნების ამ ტვრითის ტარებისგან გათავისუფლება, რათა მთელი თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობები საკუთარ პროფესიას მოახმაროს, მისი ინტერესების დაცვაა და არა უფლებების შელახვა. მეორე მხრივ, კანონით დადგენილი ასაკობრივი ცენზი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც ამბობს: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა…“ ასე რომ, თუ სადმე სამართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი არა თუ არ უნდა დაეკმაყოფილებინა, არამედ განსახილველადაც კი არ უნდა მიეღო.
უფრო მეტიც, აკადემიას რამდენადმე მაინც რომ ჰქონდეს შენარჩუნებული ჩვენი საზოგადოების ზნეობრივი ორიენტირის ფუნქცია, სარჩელი ვერც უნდა აღძრულიყო, რადგან აკადემიკოსებს ხელი არ უნდა მოეწერათ დოკუმენტზე, რომელიც არა მარტო იურიდიულად გაუმართავია, არამედ ტყუილებითაა გაჯერებული.
მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს. სარჩელის მე-8 გვერდზე ნათქვამია: „აკადემიის ხელმძღვანელობას დღიდან დაარსებისა ახორციელებდნენ ისეთი პირები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატებოდა“ (სინამდვილეში აკადემიის პრეზიდენტად პირველად ნიკო მუსხელიშვილი 50 წლის ასაკში აირჩიეს, ილია ვეკუა – 65 წლის ასაკში, ალბერტ თავხელიძე კი – 56 წლის ასაკში).
არ დავიზარე და Scopus-ის ბაზაში მოვიძიე მოსარჩელე აკადემიკოსების რეიტინგები. შედეგი ასეთია:
ეთერ ქემერტელიძე 739(15) (ე. ი. ციტირების ინდექსია 739, h ინდექსი კი – 15),
ლაურ მანაგაძე – 256(8),
მიხეილ ხანანაშვილი – 129(6),
ნოდარ მითაგვარია – 54(3),
გუჩა კვარაცხელია – 0(0),
გივი ცინცაძე – 31(3),
გიორგი თავაძე – 25(3),
ელიზბარ ჯაველიძე – 0(0),
ელგუჯა მეძმარიაშვილი – 15(2),
თენგიზ ურუშაძე – 20(3),
მინდია სალუქვაძე – 66(4),
ნანა ხაზარაძე – 0(0),
ოთარ ნათიშვილი – 1(1),
შოთა სამსონია – 3(1).
თუ არ ჩავთვლით ორი ცნობილი მეცნიერის (ქალბატონ ეთერ ქემერტელიძის და ბატონ ლაურ მანაგაძის) მონაცემებს, საერთო სურათი იმდენად მძიმეა, რომ, როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია.
რაიმე კომენტარის გაკეთებას არც მე ვაპირებ, თუმცა გული მწყდება, რომ პატივცემულმა აკადემიკოსებმა სამეცნიერო ნაშრომის დასაწერად განკუთვნილი დრო ისეთი სარჩელის მომზადებას დაუთმეს, რაც ჩვენს აკადემიას გაჯანსაღების უკანასკნელ შანსს აცლის და მწვანე შუქს უნთებს ყოფილ კომუნისტ მაღალჩინოსნებს ხელმძღვანელი თანამდებობების ახალი ვადით დასაკავებლად (სხვათა შორის, დღევანდელ საერთო კრებაზე კომუნისტების შემოსევაა: თანაპარტიელთა მხარდასაჭერად თვით ბატონი გრიშა ონიანიცაა მობრძანებული).
კოლეგებო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თქვენ უკვე უფლებას გაძლევთ აკადემიის პრეზიდენტად კვლავ აირჩიოთ 76 წელს გადაცილებული აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. მინდა მთელი ჩვენი სამეცნიერო საზოგადოებრიობის გასაგონად მოგიწოდოთ, რომ ნუ გამოიყენებთ ბოროტად ამ უფლებას და ჩვენი მეცნიერების მესაჭეობას ნუ დააკისრებთ კაცს, რომელმაც ჩაიდინა სამოხელეო დანაშაული და საქვეყნოდ შეარცხვინა აკადემია.
მოგაგონებთ, რომ 2015 წლის 3 ივლისს თურქმენეთის პრეზიდენტს, ბატონ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი კვესიტაძემ, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში გამართულ შეკრებაზე გადასცა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსის დიპლომი, თანაც მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ „პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვის საპატიო აკადემიკოსად არჩევა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ერთსულოვნად გადაწყვიტაო“. სინამდვილეში ჩვენ ბატონი ბერდიმუჰამედოვი საპატიო აკადემიკოსად არ აგვირჩევია და ვერც ავირჩევდით, რადგან „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად საპატიო აკადემიკოსად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. უფრო მეტიც, პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვის საპატიო აკადემიკოსად არჩევის საკითხი აკადემიურ საბჭოსა და აკადემიის საერთო კრებაზე განხილულიც კი არ ყოფილა. ამრიგად, უხეშად დაირღვა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-10, მე-11 მუხლები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდება და გაიცა იურიდიული ძალის არმქონე დიპლომი. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დამთავრებულა მხოლოდ დიპლომის გაცემით. რამდენიმე დღის შემდეგ შეცდომაში შეიყვანეს აკადემიკოსები და ხელი მოაწერინეს პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვის საპატიო ააკადემიკოსად არჩევის მხარდასაჭერ დოკუმენტზე. მსგავს სამარცხვინო პრეცედენტს მსოფლიოს მეცნიერების ისტორია არ იცნობს.
კარგად მაქვს რა გაცნობიერებული, რომ დანაშაულის დაფარვა მასში მონაწილეობის ტოლფასია, მე მაშინვე კატეგორიულად გავემიჯნე აღნიშნულ ქმედებას და ჩემი მოსაზრებები წერილობით შევატყობინე როგორც აკადემიის ხელმძღვანელობას, ისე განათლებისა და მეცნიერების მაშინდელ მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს, საქართველოს პრემიერს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, და ქვეყნის მაშინდელ მთავარ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს. რადგან ჩემ წერილებს სათანადო რეაგირება არ მოჰყვა, იძულებული ვარ კიდევ ერთხელ მოვაგონო აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, რომ საქართველოს კანონების იგნორირება და დანაშაულის დაფარვა ზნეობრივად და სამართლებრივადაც აბსოლუტურად გაუმართლებელია.
ჩემთვის ცალსახად მიუღებელია ბატონი გიორგი კვესიტაძის დამოკიდებულება ისეთი უაღრესად ფაქიზი და აკადემიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პრობლემისადმი, როგორიცაა აკადემიის წევრად არჩევა. კანონის თანახმად, აკადემიის ნამდვილ წევრად შეიძლება აირჩეს „საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე პირი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერებაში“. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, აკადემიკოსის ვაკანსიები არ გამოცხადდეს მეცნიერების იმ დარგებში, სადაც ასეთი დონის სპეციალისტები არ გვყავს.
ათეული წლების მანძილზე აკადემიაში დამკვიდრებული ეს ტრადიცია უხეშად დაირღვა 2015 წელს. მე მაშინ გავუგზავნე ღია წერილი აკადემიური საბჭოს წევრებს, რომელშიც ნათქვამი იყო: „უმორჩილესად გთხოვთ:
1. ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ უარი სპეციალობათა სახელწოდებების ცალკეულ პირებზე მორგების სამარცხვინო პრაქტიკაზე;
2. გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს აკადემიის წესდებაში არსებული ჩანაწერი „მეცნიერების განვითარებაში საერთაშორისოდ აღიარებული წვლილის შეტანა“ და სასწრაფოდ შევიმუშავოთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული და რეალურად შემოწმებადი მოთხოვნები, რასაც აკადემიკოსობის ყოველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს;
3. აკადემიაში ასარჩევად გზა გავუხსნათ მხოლოდ სამეცნიერო სამყაროში აღიარებულ მაღალი კლასის პროფესიონალებს, რომლებიც ღვთის მადლით გვყავს“.
სამწუხაროდ, შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად აკადემიის ხელმძღვანელობას არაფერი გაუკეთებია. უფრო მეტიც, ბატონმა კვესიტაძემ ხელისუფლების წინაშე აღძრა შუამდგომლობა აკადემიკოსების არჩევისას რეგიონული პრინციპის გამოყენების შესახებ. სახელდობრ, მოითხოვა აჭარისთვის აკადემიკოსის ერთი და წევრ-კორესპონდენტის ორი ადგილის გამოყოფა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მანვე აკადემიის ე. წ. მცირე პრეზიდიუმის ერთ-ერთ სხდომაზე დასვა საკითხი წევრ-კორესპონდენტების აკადემიკოსებად აურჩევლად გადაყვანის თაობაზე.
ბატონებო, ასეთი მიდგომა საბოლოოდ დააკნინებს და სახელს გაუტეხს ჩვენს აკადემიას.
ჩვენ ვალდებულნი ვართ თვალები გავუსწოროთ სინადვილეს და ვაღიაროთ, რომ მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა დღეისათვის აკადემიის რეიტინგი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა.
მე მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. ჩვენი აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება სამ აკადემიკოსსა და ორ წევრ-კორესპონდენტს აერთიანებს. წევ-კორესპონდენტებს, როგორც იტყვიან, პულსი არ ესინჯებათ. სამი აკადემიკოსის ჯამური ციტირების ინდექსი კი 34-ის, ხოლო h ინდექსი 3-ის ტოლია. გეკითხებით, რა ვქნათ – შევეგუოთ ასეთ მდგომარეობას, თუ პატიოსნად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და ვიზრუნოთ აკადემიაში მაღალი კლასის პროფესიონალთა მოსაზიდად.
ვიმედოვნებ დამეთანხმებით, რომ სათანადოდ ვერ ვზრუნავთ იმ გამორჩეულ მეცნიერებზე, რომლებიც საქართველოს სასწავლო, თუ სამეცნიერო დაწესებულებებში მოღვაწეობენ.
ყოვლად გაუმართლებელია, რომ ოთხი წლის მანძილზე (2014-2017 წლებში) აკადემიას სახელობითი პრემიები არ გაუცია. საინტერესოა სად წავიდა პრემიებისთვის გამოყოფილი თანხა? ამ ხნის მანძილზე ხომ აკადემიის ბიუჯეტი არ შემცირებულა (პირიქით, გაიზარდა). ვფიქრობ ის, ვისაც აკადემიის სახელმწიფო კონტროლი ევალება, ვალდებულია გაარკვიოს რამდენად მიზნობრივად იხარჯება აკადემიისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
პატივცემულო კოლეგებო, ამჟამად აკადემიაში 13 თავისუფალი ადგილია, რომელთა დასაკავებლად უამრავი დაპირებაა გაცემული. დიდი ალბათობით შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ, თუ დღეს აკადემიის საერთო კრება თავის სიმაღლეზე არ აღმოჩნდება და დაუშვებს პრეზიდენტად ბატონ კვესიტაძის არჩევას, მაშინ ხსენებულ ადგილებს, ძირითადად, საეჭვო ზნეობის მქონე არაპროფესიონალები დაიკავებენ და ჩვენი უპირველესი სამეცნიერო დაწესებულების გადარჩენა შეუძლებელი გახდება.
5 მაისი 2018 წელი