ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა - როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა, პირველ რიგში, პოზიტიურად აისახა დასაქმებაზე - 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3%-ით, მათ შორის, დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7%-ით გაიზარდა.
სტატისტიკით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურებაც 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 8.0%-ით არის გაზრდილი და 1106.4 ლარს შეადგენს.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია ყველა სექტორში - ვაჭრობაში, (16.7%), ხელოვნება- გართობა-დასვენებაში (57.8%,), გადამამუშავებელ მრეწველობასა (16.7%,) და მშენებლობაში (14.8%), ასევე, სასტუმროებისა რესტორნების სექტორებში (25.8%).
მინისტრმა ისაუბრა ახალ ინიციატივაზეც, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებას გულისხმობს - მისი განმარტებით, უკვე დამტკიცებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნავს, საკრედიტო-საგარანტიო რეფორმაზე მუშაობის პროცესში უკვე გაიმართა არაერთი შეხვედრა რეფორმაში ჩართულ მხარეებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საჭირო ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ქართული მხარის სურვილია, რომ ევროკავშირი იყოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ერთ-ერთი თანამონაწილე.
ასევე, ცნობილია, რომ საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის შესახებ ქუმსიშვილს მაისის ბოლოს აშშ-ში ვიზიტისას დეტალური საუბარი ჰქონდა სავალუტო ფონდში.
„ფისკალური ჩარჩოს კუთხით, ბიუჯეტიდან გარკვეული მიმართულების სტიმულირება, დონორ ორგანიზაციებთანაა შესათანხმებელი - მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ. ამ რეფორმის გატარება კიდევ უფრო დაეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რომელიც ასე გვჭირდება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია განმარტავს, დადებითი ტენდენცია გამოიწვია იმან, რომ უკვე არსებული ბიზნესების გაფართოებისთვის შეიქმნა შესაფერისი გარემო.
როგორც რომან კაკულია აღნიშნავს, გასულ წლებში გაკეთდა ბევრი რამ, რაც მყისიერად არ იძლეოდა შედეგს, მაგრამ დადებითი ტენდენცია ახლა უკვე გამოჩნდა. საუბარია ესტონურ მოდელზე, იგივე, ტურისტების რაოდენობის მატებაზე, რომელმაც ასევე, გაზარდა მომსახურების ბიზნესის წილი - ანუ არსებობს ის შესაძლებლობები, რომლის განვითარება დადებით ტენდენციებს განაპირობებს.
„რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, დადებითი ტენდენციაა, როგორც დასაქმების მაჩვენებლის, ასევე ბრუნვის ზრდის თვალსაზრისით“,- აღნიშნავს კაკულია.
მისივე განმარტებით, როდესაც დასაქმებაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება რამდენიმე მიმართულება - ეს არის სახელმწიფო სექტორი, სხვის მიერ შექმნილი ბიზნესის გაფართოების შედეგად გაჩენილი და საკუთარი ინიციატივის წყალობით შექნილი სამუშაო ადგილები.
„რაკი კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა, სწორედ ამაზე იყო აქცენტი გადატანილი - თუ გავითვალისწინებთ უმუშევრობის არსებულ რაოდენობას, მიუხედავად ბიზნესების გაფართოების ტენდენციებისა, არსებული ტემპი საკმარისი არ არის, თუ არ გაჩნდა ის ინსტრუმენტები, რომელიც ადამიანებს საკუთარი ინიციატივების ბიზნესად ქცევის შესაძლებლობებს მისცემს. საუბარია შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ წვდომა საკრედიტო რესურსებზე“, - აცხადებს რომან კაკულია.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ახალ ინიციატივას, რომ იგი მიმართულია იმ ნიშისკენ, რომელიც უკავიათ ადამიანებს, რომლებიც ვერ ერთვებიან ბიზნესსაქმიანობაში.
„ეს საჭირო გახდა იმისავის, რომ ის ბიზნესები, რომლებიც უკვე ოპერირებენ საქრთველოში, ვერ ვითარდებიან იმ მასშტაბით, რომ ქართულ ეკონომიკაში არსებული ტენდენციები არსებითად შეცვალონ - შექმნან იმ რაოდენობის სამუშაო ადგილები, რომელიც სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმარება“,- აცხადებს რომან კაკულია.
მისივე შეფასებით, დადებითი ტენდენცია ნიშნავს სწორ სვლას, მაგრამ ეს სვლა რომ იყოს იმ სისწრაფის, რომ საყოველთაო კეთილდღეობა გაცილებით ჩქარა მოგვიტანოს, აუცილებელია ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანების ფართო ფენების ბიზნესინიციატივებში ჩართვის შესაძლებლობას გაუჩენს.
„ერთ-ერთი, ეფექტური, მსოფლიოში აპრობიერებული ინსტრუმენტი გახლავთ საკრედიტო-საგარანტიო სქემა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის ამოქმედდეს და ჩაერთოს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში“,- აღნიშნავს კაკულია.
თუმცა მისივე განმარტებით, თუკი ამ ყველაფერს წინ არ უსწრებს სახელმწიფო დონეზე ჩატარებული მაღალკვალიფიციური კვლევები, რომელიც მომსახურების ან პროდუქციის წარმოების მიმართულებების პერსპექტივას გამოკვეთს ამა თუ იმ რეგიონში, თუ ამას წინ არ უსწრებს შესაბამისი სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამები, უნიკალური ინიციატივაც კი, შესაბამის შედეგს ვერ გამოიღებს.
„ყოველთვის ვერიდები პოპულისტური პროგნოზების გაკეთებას - ჩვენი მდგომარეობა საკმაოდ სპეციფიკურია. რაოდენ ძნელი მოსასმენიც არ უნდა იყოს, ჩვენს მოსახლეობას აქვს მენტალური პრობლემები ბიზნესთან მიმართებაში. საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რომელიც დაუსაქმებელია, ფაქტობრივად, არის მოლოდინის რეჟიმში. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არის საჭირო სპეციალური, საგანმანათლებლო პროგრამები, მათ უნდა იცოდნენ, რა მიმართულებით აიმაღლონ კვალიფიკაცია, რას აქვს პერსპექტივა იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ.
როდესაც ვამბობთ, რომ გირავნობის და მაღალი საპროცენტო განაკვეთის გარეშე გაიცემა სესხი, სამწუხაროდ, ესეც კი არ არის პრობლემის გადაწყვეტა. ასეთი სესხის დაბრუნება და ბიზნესაქტივობის განხორციელებაც კი უჭირთ ადამიანებს, იმიტომ, რომ არ იციან, რა აკეთონ და არ გააჩნიათ კვალიფიკაცია. კარგი ინიციატივაა, მაგრამ ესეც არ არის ყველა პრობლემის გასაღები“, - თვლის რომან კაკულია.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე განმარტავს, რომ სამუშაო ადგილების ზრდის ტენდენცია მიუთითებს ბიზნესის აქტივობის ზრდაზე, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაში გამოიკვეთა კერძო სექტორის განვითარების პოზიტიური დინამიკა, რასაც ხელს უწყობს ხელისუფლების მიერ განხორციელებული სწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა.
როგორც კობერიძე განმარტავს, ამ ყველაფერს დაემატება კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც მთავრობა და პარლამენტი ერთობლივად მუშაობს, ეს არის საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა, რომლის მთავარი მიზანიც არის პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რადგან ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს გაჩნია და მის ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს, ეს არის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა. ის საბანკო პროდუქტები, რომელიც დღეს არსებობს, ბიზნესის ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს“, - აცხადებს კობერიძე.
მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით სექტემბრისთვის უკვე მზად იქნება მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის ბუმს - ეს თავისთავად, ნიშნავს სამუშაო ადგილების ძალიან სწრაფ ზრდას.
„მოწვეული გვყავდა სპეციალისტები იმ ქვეყნებიდან, ვისაც უკვე გაკეთებული აქვს ეს რეფორმა, ევროპის და მეზობელი ქვეყნებიდან. მაგალითად, თურქეთში საკმაოდ პოზიტიური შედეგი მოჰყვა ამას. დღევანდელ პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესმა სესხი რომ აიღოს, დაახლოებით 220%-იანი ქონებრივი უზრუნველყოფაა საჭირო.
საკრედიტო-საგარანტიო ფონდი პორტფელების მიხედვით, ხელს შეუწყობს იპოთეკის გარეშე სესხის გაცემას, სახელმწიფოს თანამონაწილეობა სწორედ გარანტიების გაცემა იქნება. ვფიქრობთ, რომ კანონში დაფიქსირდეს საბაზრო განაკვეთზე გაცილებით დაბალი საპროცენტო სარგებელი, თუკი კრედიტის მიღება მოხდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მეშვეობით“, - აცხადებს კობერიძე.
როგორც კობერიძე აღნიშნავს, გატარებულმა საგადასახადო თუ ფისკალურმა რეფორმებმა უკვე შექმნა დადებითი დინამიკა, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. დეპუტატის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს ის თვისება, რომ სწრაფად მოიტანოს შედეგი.
„ვფიქრობ, თურქეთზე უკეთესი შედეგიც კი გვექნება, იმიტომ, რომ ჩვენთან მცირე და საშუალო ბიზნესის პრაქტიკაც არსებობს და სულისკვეთებაც შეიმჩნევა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის რეფიორმის გატარების დროს“, - აღნიშნავს კობერიძე.
მისივე განმარტებით, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ყველა გამოცდილება. პროექტის მიხედვით, მომზადდება ერთიანი ბაზა, სადაც შესაძლებელი იქნება კომპანიების შეახებ ინფორმაციის მოძიება, შეიქმნება ბორდი, რომელიც განიხილავს აპელაციას საკრედიტო ბიუროს მხრიდან განაცხადზე უარის შემთხვევაში - თუ ბორდი დაადგენს, რომ ბანკის მიერ ხარვეზი გამოვლინდა სესხის გაცემის დროს, მეწარმეს ხელახლა მიეცემა კრედიტის მიღებაზე განაცხადის გაკეთების საშუალება.
როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, ბევრი მექანიზმი იქნება ჩადებული იმისათვის, რომ ყველა მეწარმის უფლება სათანადოდ იყოს დაცული და ყველას ჰქონდეს ამ სიკეთით სარგებლობის შანსი.
„ეს არის სქემა, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვამზადებდით და როგორც კი მომწიფდა, უკვე გაგვაქვს პარლამენტში განსახილველად. ეს არის ის, რასაც ყველანი ამდენ ხანს ველოდით“ ,- აცხადებს კობერიძე.
პროექტს ექნება დამატებითი კომპონენტები, ეს გახლავთ ქალთა მიერ დაფუძნებული და მართული ბიზნესის ხელშეწობის მიმართულება; ახალგაზრდების მერ შექმნილი ბიზნესის ხელშეწყობა და ასევე, მესამე კომპონენტი - ექსპორტის მიმართულება - მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ განხორციელებიული ექსპორტის შემთხვევაში ჩაირთვება მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმები.
მოზიდული და ჩართული იქნება ევროპული ფინანსური ინსტიტუტების რესურსები, პროექტის მიხედვით იგი 1/3-ით განისაზღვრება და მასში შედის ევროპული გამოცდილების გაზიარება და საგანმანათლებლო ნაწილი. ასევე, 1/3 -ით განისაზღვრება სახელმწიფოს ჩართულობა, 1/3 კი კერძო სექტორის წილი იქნება.
როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, ყველა კვლევის თანახმად, საქართველოში აქტუალურია ბიზნეს-განათლების პრობლემა და ეს მიმართულებაც პროექტის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.