შს სამინისტრო ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ახალი დეტალების გასაჯაროებას აანონსებს. გიორგი გახარიას უწყება ამჟამად გამოძიებას იმ პირების მიმართ აწარმოებს, რომელთაც შესაძლოა, პროცესის მონაწილეებზე გავლენა მოეხდინათ.
შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე მეორედ მივიდა მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი. ეს მაშინ, როდესაც სუბელიანის მიმართ კითხვები არც ერთხელ არ დასმულა მთავარი პროკურატურის მიერ.
შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანს დამნაშავეების და კერძოდ, მისი შვილის და ცოლის დისშვილების - მიხეილ და ლუკა კალანდიების მფარველობაში ადანაშაულებს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. მირზა სუბელანი ერთ-ერთი პირველი იქნება ვისაც პარლამენტის საგამოძიებო კომისია გამოკითხავს. სუბელიანთან შეკითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას ხვალ გამართავს. კომისიის წევრები შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, მოისმინეს მისი პოზიცია და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა სარალიძის სახლში შედგა. დღეს კი პარლამენტში ადვოკატთან ერთად მივა. საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, საჯარო და ყველა სუბიექტი მაქსიმალურად იყოს ჩართული.
დროებით საგამოძიებო კომისიას ნდობას უცხადებს და სამუშაო პროცესში ჩაერთვება დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, რომლის განცხადებით, კომისიას დეტალურად გააცნობს ყველა მტკიცებულებას და დარღვევებს. მისი თქმით, საუბარი შეეხება მტკიცებულებების განადგურების საკითხსაც. ადვოკატი კონკრეტულ ფაქტებზე მედიასთან საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ კომისია ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებს.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, სხვაგვარად თანამშრომლობას არ დავიწყებდით კომისიასთან. ცხადია, ვენდობით და დიდი იმედი გვაქვს მათი მუშაობის. თვალყურს ვადევნებთ და ჩავერთვებით სამუშაო პროცესში“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში კომისიაში მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა, იქნება ირაკლი შოთაძე, მირზა სუბელიანი თუ სხვა. სერგი კაპანაძემ ასევე არ გამორიცხა გამოკითხვისთვის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დაბარება, თუცა აღნიშნა, რომ ამაზე გადაწყვეტილებას კომისია მუშაობის დაწყების შემდეგ მიიღებს.
„არც ერთი ადამიანი არ იქნება იმუნური ამ კომისიასთან დაკავშირებით, რომ ის ან არ მოვა, ან არ გამოვიძახებთ. ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება. თეა წულუკიანის გადადგომა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ცალკე თემაა. ამაზე „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ცნობილია, ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ, რომ თეა წულუკიანი უნდა გადადგეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უაღრესად მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი.
ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში უნდა მიიყვანოს პროკურატურამ და მთავარმა პროკურორმა. სწორედ ამიტომ წარმოვადგინეთ ჩვენ შალვა შავგულიძის კანდიდატურა, რომელსაც გამოცდილება აქვს და ზურგს უმაგრებს მსგავსი ტიპის საქმეებში მუშაობა“, - ამბობს სერგი კაპანაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარი მოადგილე, დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა. კონკრეტული გამომძიებლებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთის შემთხვევაში, მათიკაშვილი ამბობს, რომ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა.
„პარლამენტში საკმაოდ მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო პროცესი დაიწყო, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას გულისხმობს. კომისია აპირებს ძალიან აქტიურად ჩაერთოს ამ კონკრეტულ საქმეში, ნახოს შესაბამისი დოკუმენტაცია, გაეცნოს ყველა მტკიცებულებას და გამოკითხოს ყველა მოწმე.
პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც გამოძიების ეტაპზე დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბების კუთხით იძიებს საქმეს. თავის მხრივ გამოძიებას აწარმოებს სახალხო დამცველი და აქტიურად არის ჩართული პრემიერ-მინისტრი. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვას, რომელიც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით არსებობს, პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით მათიკაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ საქმე ბოლომდე ობიექტურად იქნება გამოძიებული, ამით სისტემა შეიცვლება. ლომჯარია გამოძიებაში სერიოზული ხარვეზების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ 11 ტომიანი საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. სახალხო დამცველი იმ საეჭვო გარემოებების შესახებ საუბრობს, რომელიც საქმეში კალანადიასა და მენაბდის მიმართ არსებობს. ლომჯარია უკვე შეხვდა დრობითი საგამოძიებო კომისიას და კონკრეტული მასალებიც გადასცა.
„ბევრი ინტერესის თანხვედრას ჰქონდა ადგილი ამ საქმეში. ჩანს გამოძიების ეტაპზე ის თეთრი ძაფები, რაზეც საუბრობდა დაზარალებული მხარე. მოწმე იძლეოდა ისეთ ჩვენებას, რაზეც გამოძიება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ დაწყებულა. როდესაც მტკიცებულებები არ არის ამოღებული, როდესაც დაკითხვა აჩენს ეჭვს, დასმული შეკითხვები ან არდასმული შეკითხვები აჩენს ეჭვს,
როდესაც არ ჩატარებულა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, მაშინ როდესაც ეს იყო ჩასატარებელი, ძალიან მნიშვნელოვან და ისეთ გარემოებებზე ყურადღება არ ყოფილა მიქცეული, რაზეც რამოდენიმე მოწმე საუბრობდა, ბევრი სხვადასხვა დაინტერესებული პირების ინტერესთა თანხვედრას შეიძლება ჰქონდა ადგილი“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველის მიერ წინასწარი დასკვნის გასაჯაროვება, მაშინ როდესაც საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შს სამინისტრო, გაუგებარია გიორგი გახარიას უწყებისთვის. შს მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძეს განცხადებით, გამოძიება მიმართულია იმ პირების გამოსაკვეთად, რომელთაც პროცესის მონაწილეებზე რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს. ეს იქნებოდა ფინანსური გავლენები თუ სხვაგვარი გავლენები.
„თუ დამნაშავეები გამოვლინდება, იქნებიან დასჯილნი. გარკვეული გარემოებები გამოიკვეთა თავად სასამართლო პროცესზე, რომელთა აქტიური შესწავლა და გამოძიება ახლა მიმდინარეობს. კონკრეტულ პირებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თუ ასეთი პირები გამოვლინდება, ამას რეაგირება მოჰყვება. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ, საზოგადოებას აუცილებლად 10 რიცხვამდე და შეიძლება უფრო ადრეც, მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია.
ჩვენ ამჟამად გამოძიებას იმ პირებზე ვაწარმოებთ, რომელთაც შესაძლოა, პროცესის მონაწილეებზე გავლენა მოეხდინათ. ამ საქმეს თავიდანვე აქტიურად ვიძიებდით მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნები იყვნენ, არ თანამშრომლობდნენ და ა.შ. შესაბამისი გამოძიება განვახორციელეთ და ახლა ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. გამოძიების ფარგლებში ვინც საჭირო იქნება, ყველა დაიკითხება“, - აცხადებს ნინო ჯავახაძე.
სახალხო დამცველის წინასწარ გაკეთებულ დასკვნას ენდობა „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძის განცხადებით, სახალხო დამცველი სწორ აქცენტებს აკეთებს და მისი ეს განცხადება ადასტურებს, რომ სისტემა არის შესაცვლელი.
„სახალხო დამცველი დღეს კარგ როლს თამაშობს რეალურად ამ სისტემის მხილებისა და შესაბამისად შეცვლის პროცესში. იმდენად დიდია საზოგადოებრივი რეზონანსი, ფაქტობრივად, ამაზე ჰკიდია ხელისუფლების და მთავრობის ბედი. შესაძლებელია, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა იქნას გამოძიებული, რამაც შემდეგ საფუძველი ჩაუყაროს ყველა იმ მანკიერი მხარის მხილებას, რომელიც დღეს ამ სისტემაში არსებობს. ბუნებრივია, სისტემის შეცვლას სჭირდება პოლიტიკური ნება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.