ტყემლითა და ნიყვით გატაცებული პრეზიდენტი  ერთ დროს მეცნიერების სამჭედლოში

ტყემლითა და ნიყვით გატაცებული პრეზიდენტი ერთ დროს მეცნიერების სამჭედლოში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 5 ივნისის ჩატარდა აკადემიის კრება, რომლის ძირითადი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. კრებას, რომელიც წარმოადგენს აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოს, გაუმართლებლად (და, ალბათ, უკანონოდაც) ესწრებოდა მრავალი უცხო - აკადემიისათვის გარეშე - პირი. ამ თანამდგომთა გუნდს აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, როგორც წესი, იწვევს მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ჟამს. საპრეზიდენტო არჩევნები ერთადერთი პრეტენდენტის, მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვებით დასრულდა - 48 ხმით 26-ის წინააღმდეგ და 5 გაუქმებული ბიულეტენით. ანუ, გიორგი კვესიტაძის პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას ამომრჩეველთა 60%-მა დაუჭირა მხარი.

მას შემდეგ, რაც მეცნიერებათა აკადემიას ინსტიტუტები ჩამოშორდა, მისი ფუნქცია რამდენადმე ბუნდოვანი დარჩა, თუმცა, როგორც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი სიტყვით გამოსვლისას აცხადებდა, რაკი მსოფლიოში მეცნიერებები სწრაფი ტემპით ვითარდება, ქართული მეცნიერული ელიტაც უნდა შეეცადოს, დროს ფეხი აუწყოს და საექსპერტო და მთავრობის მრჩევლის ფუნქცია შეითავსოს.

როგორ უნდა მოახერხოს ეს მეცნიერებათა აკადემიამ, გამომსვლელს არ დაუკონკრეტებია, ამის ნაცვლად გიორგი კვესიტაძემ გადაუხვია მოხსენების თემას და საკმაოდ მოცულობითად ისაუბრა საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე, რომ ქვეყანას გააჩნია უნიკალური ნიადაგები, მცენარეები, მიკროორგანიზმები... მან სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ზემო იმერეთის ტყეებში არის ტყემლის უზარმაზარი მარაგი, რომლის ათვისებაც არის შესაძლებელი(?!) ასევე, შეიძლება ყოველწლიურად მოპოვებულ იქნას ათი ტონა ნიყვი (სოკო), რომელიც უნიკალური ამინომჟავების შემცველია და ა.შ. მეცნიერებს კი შეუძლიათ ბიოლოგიური ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე სახელმწიფოს დახმარება გაუწიონ. „სამი ნიყვი ქილაში“ ათ ლარადაც შეიძლება გაყიდოო... რბილად რომ ვთქვათ, სადავო და ბუნდოვანია, მეცნიერებათა აკადემიამ მეცნიერულად როგორ უნდა აითვისოს ტყემალი და ნიყვი, მით უმეტეს, რომ ეს კერძო ბიზნესის თემატიკაა და ბიზნესი მოწინავე ტექნოლოგიებსაც თავად პოულობს, მათ შორის ხელისუფლების დახმარებითაც.

გიორგი კვესიტაძე არ დაზარდა ტრაფარეტულ ფრაზებსაც, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შეუძლია, იყოს ექსპერტი ყველა დარგში და ამით დაეხმაროს ქვეყანას. და ამის დასტურად არავითარი ხედვა აკადემიიის ფუნქციის გაჯანსაღებაზე და არცერთი სიტყვა პრეზიდენტის მომავალი საქმიანობის გეგმებზე...

აკადემიკოსმა თინა სადუნიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა გიორგი კვესიტაძის მიღწევებზე მიკრობული ფერმეტების სფეროში და ბიოლოგიური ტექნოლოგიების განვითარებაში მისი ღვაწლიც აღნიშნა.

აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი თვლის, რომ კრიზისია მეცნიერებათა აკადემიაში - მისი გამოსვლიდან გაირკვა, რომ მეცნირებათა აკადემიას ისიც კი არა აქვს გარკვეული, თუ ვის წინაშეა იგი ანგარიშვალდებული და რითი.

იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს კონკურენტი არ ჰყავდა პრეზიდენტის პოსტზე, აკადემიკოსთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც სერიოზული გადაცდომები აქვს თავის საქმიანობაში. გამომსვლელების ნაწილისთვის კვესიტაძე წარმატებული მეცნიერი და მოღვაწეა, ნაწილი კი თვლის, რომ იგი არაეფექტური მმართველია, რომელსაც ფუნდამენტური მეცნიერების არსი და მნიშვნელობა არა აქვს გააზრებული.

აკადემიკოსმა ივანე კიღურაძემ დაწვრილებით ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონის“ იმ მუხლის გაუქმების არამართლზომიერებაზე, რომელიც

კრძალავდა აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად 70 წელზე მეტი ასაკის მქონე პირის არჩევას, აგრეთვე აკადემიის პრეზიდენტ კვესიტაძის მიერ ჩადენილ „სამოხელეო დანაშაულზე“, რომელიც ეხება თურქმნეთის პრეზიდედენტის გურბანგულ ბერდიმუჰამედოვისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრის უკანონო დიპლომის გადაცემის ფაქტს (დაწვრილებით კიღურაძის გამოსვლას შეგიძლიათ გაეცნოთ 08 ივნისის გამოცემაში).

ბუნებრივია, პრეზიდენტობის კანდიდატს ჰყავდა მომხრეებიც, რომლებიც გამოსვლისას ამ ფაქტს ხაზგასმით აფიქსირებდნენ. მათ გამოსვლებზე დარბაზში შეკრებილ უცხო პირთა სოლიდური გუნდი - გრიშა ონიანი, რამაზ გოგლიძე, მამია ყოლბაია და სხვა - ტაშით რეაგირებდა.

კითხვაზე, რატომ არ დასახელდა სხვა კანდიდატები, მეცნიერებს არაერთგვაროვანი პასუხი აქვთ. აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ასაკობრივი ზღვრის გაუქმებამ მეცნიერებს თავი შეაკავებინა. აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი კი თვლის, რომ გაუმართლებლად ნაუცბათევად - არჩევნების გამოცხადებიდან შვიდ სამუშაო დღეში - დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები რაც კომენტარს არ საჭიროებს.

ასეა თუ ისე, მეცნიერებათა აკადემია, რომელსაც ინსტიტუტები გამოაცალეს, დღემდე ვერ ახერხებს რეალური ნიშის შექმნას. მოკლედ, ერთ დროს მეცნიერების სამჭედლოში კრიზისია გამოწვეული აკადემიის თვითნებური, არასისტემური მართვით, რაც მნიშვნელოვანწილად მეცნიერების მიმართ წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებების გულგრილი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ასეთ ვითარებაში კვესიტაძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იმის მიხედვით ნაწილდებიან, ვის სურს ჯანმრთელი აკადემიის წევრობა ქვეყნის შენებაში წვლილის შეტანით და ვის - არსებული კონიუქტურის პირობებში აკადემიკოსის ტიტულიც აკმაყოფილებს.